Sunday, December 13, 2015

ბატონი ბიგი

Carrie: Have you ever been in love?
Big: Absofuckinglutly

არ გქონიათ ისეთი შემთხვევა, ერთ დღესაც გაგიცვნიათ ადამიანი, ბაც და... განიარაღებული ხარ. ასე დამემართა როცა პირველად გავესაუბრე მას.
პირველად ჟურნალისთვსი ფოტო სესიაზე შევხვდით. შემდეგ სოციალურ ქსელში დავმეგობრდით და ორი სიტყვა მივწერეთ ერთმანეთს ზაფხულის გეგმებზე. შემდეგ მხედველობის არეალიდან გაუჩინარდა, როგორც ყველა არააქტიური იუზერი ფეისბუქში. მე კი ალბათ ჩემი აქტიურობით სულ თვალებში ვეჩხირებოდი. 

მას მერე ევროპაში წავედი სამოგზაუროდ. დაბრუნებისას ისევ ჩავერთე თბილისის ყოველდღიურ ცხოვრების რიტმში. ისე მოხდა რომ ერთ–ერთ საღამოზე ისევ გადავეყარეთ ერთმანეთს. ის უცნობ ქალთან ერთად მე კი ჩემ ბიჭ მეობართან (და არა მეგობარ ბიჭთან :) ). მთელი საღამო შეორიდან გვყავდა ერთმანეთი მიზანში ამოღებული. საჭირო დროს, ორმხრივი მცდელობის შედეგად პირისპირაც აღმოვჩნდით, რა თქმა უნდა თანმხლები პირების გარეშე. 

– ძალიან უხდება ახალი თმის ფერი შენ მწვანე თვალებს. 
ასეთი რამ საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ფლირტს ნიშნავს, მაგრამ თუ ოდნავ მაინც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა გალანტური ინტონაციით და რაფინირებული სტილით თქვა, მიხვდებით რასთანაც გაქვთ საქმე. კატეგორია #1 – აი რა ქვიათ ასეთ მამაკაცებს. ზრდა დასრულებულ, გაწონასწორებულ და კარგი მანერების მქონე, გადაშენების პირას მყოფ ინდივიდებს. 

ფარ–ხმალი დავყარე. თითქოს სკოლის პერიოდი დაბრუნდა, თვალებში რომ ვერ ვუყურებდი ჩემ მაშინდელ "ქრაშებს". თითქოს 27 წლიანი გამოცდილება, ნასწავლი მანერები, ჩამჭრელი კითხვები, მახვილგონივრული პასუხები, საჭირო დოზით იუმორი და ასე შემდეგ – ეს ყველაფერი სადღაც გაქრა. ხოდა როგორც უზარმაზარ ჩანთაში საჭირო ნივთის ძებნისას ვაფათურებ ხოლმე ხელს, ისე ვეძებდი სიტყვებს და ფრაზებს საკუთარ გონებაში. 

ის ჩემი თანმხლებით დაინტერესებულა. თუმცა აქაც იმდენად სწორად დასვა შეკითხვა, რომ დაბნეულობისგან რაღაც სულელური პასუხი გავეცი. შემდეგ სამსახურზე მკითხა – მეც ასევე ვკითხე რაღაც, რის შემდეგაც ერთმანეთს დავცილდით. როცა წასვლა დააპირა, თითქოს ხალხში მომათვარიელა, თვალით მიპოვა და შორიდან საკმაოდ გალანტური ჟესტით დამემშვიდობა. 

მას მერე არაერთხელ გადავეყარეთ ერთმანეთს. ის უცნობ ქალთან მე კი მეგობრებთან ერთად. ასე მიდის თბილისის ცივი საღამოები და მე კი ყოველ შეხვედრაზე გულში მეღიმეა. მეღიმება მომავალზე რომელიც ყოველთვის სიურპრიზებითაა სავსე. მეღიმება იმაზე რომ ზოგჯერ ჩვენი აწმყო, ისე განაპირობებს რაღაც არაჩვეულებრივს მომავალში, რომ ამას ვერც ვხვდებით. ესეც ერთ–ერთი სიბრძნე რომელიც ჩემმა 27მა წელმა მასწავლა. ასაკმა, რომელიც ერთ ადამიანთან მაინც კარგავს თავის მნიშვნელობას და "სუფთა ფურცლის" შეგრძნებას მგვრის. 


Monday, March 3, 2014

...

ბიჭი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. მაღალი, გამხდარი, არაქართული იერით, სიმპათიური.რაღაც გულწრფელობასა და დაბნეულობას შორის... შეიძლება ორივეც...



ვისხედით კაფეში რომელიც არცერთს არ გვიყვარს და ახლა, როცა გვერდით ჩავუვლით, ორივეს გვეცინება ამაზე (მგონი აღარც შევსულვართ იმის მერე). 
რამდენიმე გულწრფელი ისტორია გავცვალეთ და მერე გზა რუსთაველზე, რომელიც ალბათ ყველა თაობის წყვილს გაუვლია და მაინც არასდროს არაა ბანალური.  მთელი დღე ერთად და ჩემდა გასაკვირად 3 საათის მერეც კი არ მბეზრდებოდა შენთან საუბარი. ლიმიტს გადავაჭარბე და გამეღიმა. 


2 კვირის მერე ჯერ არ მიყვარდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ შემიყვარდებოდი. ვერ ავცდებოდი და არც მეშინოდა. ყველაზე გულწრფელი, ყველაზე სამართლიანი, მტკიცე ხასიათის და ენერგიული – ვუყვები ერთ დაქალას, მერე მეორეს, მესამეს და ცხელ ზაფხულთან ერთად იკრეფს ძალას რაღაც ძლიერი და ძალიან თბილი ჩემში. ჯერ ივნისის შუა რიცხვებია.

ერთმანეთს ნელ–ნელა ვულაგებთ აწეწილ და ჩახლართულ თავგადასავლებს.  საოცარი სისწრაფით დავკეცეთ, მტვერი გადავწმინდეთ და შესაბამისი თაროები მივუჩინეთ ისტორიებს, ფაქტებს, მოვლენებსა და ადმიანებს ერთმანეთის ცხოვრებაში.

შუა ზაფხული და პირველი "მიყვარხარ".  მას მერე კი სულ ვუმეორებთ ერთმანეთს.  უფრო მეტიც, "მე უფრო თუ შენ უფრო" – პატარა ბავშვებივით დაუსრულებლად ვკამათობთ ამაზე და მაინც ვერ ვიგებთ რომელს უფრო მეტად.

მერე იყო შემოდგომა. შენი მოგზაურობები, ჩემი მოლოდინი – თბილი შეხვედრები და შენი თავგადასავლების მოსმენა ზამთრის პირას.

მერე ყველაზე ცივი 3 თვე. შენ თბილ ჟაკეტში ჩალაგებული ჩემი ცივი ხელები და შეგრძნება რომ წელს ყველაზე კარგი ზამთარი დადგა.

მერე მარტი, რიცხვი – 1. ჩემი სახლის წინ მოლოდინი როდის გადაცდებოდა საათი ღამის 12ს, რომ ჩვენი პირველი გაზაფხული დაწყებულიყო. მიყვარს ასეთი წვრილმანების აღნიშვა და შენ ყოველთვის მოთმინებით მიბამ მხარს.

დღემდე ვერ ვხვდები როგორ გრძნობ ასე ზუსტად როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ან როგორ ახერხებ ასე გულწრფელი და სამართლიანი იყო; როგორ გავიდა 1 წელი ასე სწრაფად და თბილად. 

...და ბიჭი რომელიც ქუჩის მეორე მხარეს იდგა, იმდენად სუფთა და ანკარა იყო, რომ მასში საკუთარი ანარეკლი დავინახე.

for Saba, at our  first anniversary 

Tuesday, August 14, 2012

ისევ აფრინდა პეპელა

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. მგონი უკვე აღარც შემიძლია წერა ისეთ თემებზე სადაც 5W და 1H–ის დაცვა არ მომეთხოვება. და მაინც, უსაქმურობამ, სიცხემ თუ მოწყენილობამ, გადამაწყვეტინა რამის დაწერა მეცადა. (*აქვე ავღიშნავ, რომ ამ აბზაცის ბოლოს ავტორი ჯერ კიდევ გარტყმაში არაა რის დაწერას აპირებს მომდევნო პარაგრაფებში).
30 წუთის წინ ჩემს მეგობარს სოციალური ქსელის საშუალებით ვეუბნებოდი, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ წერენ როცა რაღაც აწუხებთ და წერის სურვილი ნიჭიერი ადამიანის საპასუხო რეაქციაა გარეშე გამაღიზიანებელზ.  ყოველთვის მჯერა საკუთარი სიტყვების, თუმცა ამ შემთხვევაში, რომ გითხრათ რაღაცით შევწუხდი და იმიტომ ვწერთქო, ალბათ მოგატყუებთ. დავაბრალოთ აუტანელ სიცხეს, რომელიც მგონი სადღაც აბუ დაბიდან გადმობაგდა თბილისში.
წერასთან დაკავშირებით კი, მე საკუთარი გეგმები მაქვს. მის გარეშე ფაქტობრივად არ შემიძლია. წერა ჩემი პროფესიაა, ოღონდ ძალიან პრაგმატულ თემებზე, შეიძლება ითქვას პრობლემებზე, წერა. ვთვლი რომ ასაკის მატებასთან ერთად თემატიკაც შეიცვლება.
ცოტათი მშურს იმ თაობის, რომელიც ფურცელზე კალმით წერდა საკუთარ სათქმელს. ხელი მელნით ესვრებოდა და ყოველი გადაშლილი სიტყვა თუ ფრაზა, იქვე რჩებოდა ფურცელზე. პრინციპში არაფერი მიშლის ხელს მეც ასე ვწერო. სადღაც, სახლის რომელიღაც კუნჭულში კი მაქვს ერთი წიგნაკი გადანახული. არც მთლად დღიური, თავისთავად არც მთლად მემუარი. უბრალოდ მოგონებების ზარდახშა, სადაც ყველაფერი ძველმოდურადაა ჩანიშნული. ლურჯი მელნით, თეთრ ფურცელზე. ხო... მოგონებებს რომ ვაგროვებ, ეგ ამბავი სხვა დროისთვის იყოს ;).
ძალიან რომ დავბერდები, აი ისე, ხშირად გამოყენებული მიმიკები ნაოჭებად რომ აღმებეჭდება სახეზე, მინდა ერთი  მნიშვნელოვანი და აქამდე საიდუმლოდ შენახული ჩანაფიქრი განვახორციელო. მე მინდა საბავშვო მწერალი გავხდე. რა სჯობს, იმას როცა შენი აუდიტორია მიკი მაუსის პიჟამოებში გამოწყობილი სასცილო ადამიანებისგან შედგება. (თანაც ყოველთვის ვთლი რომ ბავშვები ჩვენზე ჭკვიანები არიან, უბრალოდ ამას მალავენ,  რადგან, როგორც კი ჭკუით ხმამაღლა ტრაბახს დაიწყებენ – იზრდებიან და მერე თქვენც იცით....).
და მაინც, არ ვიცი რამ მიბიძგა იმისკენ რომ დღეს რაღაც დამეწერა, თუმცა ის ფაქტი რომ რამდენიმე აქამდე უაზროდ გაფანტულ აზრს მოვუყარე თავი, უკვე კარგის ნიშანია. ფიქრები და იდეები კი იმდენია ჩემს თავში რომ უფასო დონაციასაც გავწევდი ამის ტექნიკური საშუალებები რომ არსებობდეს. რადგან ჯერ ვერც მე გადმოგიბლუთუსებთ და ვერც თქვენ დამიკოპირებთ იდეებს, ისევ ძველი მეთოდით, წერის საშუალებით გავუზიაროთ ერთმანეთს. მაშინ  როცა რაღაც შეგვაწუხებს, მაგალითად არაბული სიცხეები, ასე ვთქვათ, ევროპულ ქალაქში .

Sunday, April 15, 2012

Great Expectations

მოვლენები ამგვარად ან ხდება – ან არა. დღეებს თავისი ფერი აქვთ და მათ მაშინ გრძნობ როცა ბავშვი ხარ. მახსოვს მარილიანი წყლის შეგრძნება  მზისგან დამწვარ ფეხებზე. წყალი კი ზოგჯერ ყვითელია, ზოგჯერ – წითელი. ფერიც ხომ მოგონებაა... 

მე არ გიამბობთ ამ ამბავს ისე როგორც მოხდა, არამედ გიამბობდ ისე, როგორც დამამახსოვრდა ის....

იმ ღამეს ყველა ჩემი ოცნება ახდა. როგორც ყველა ბედნიერი დასასრული, ესეც ტრაგედია იყო ჩემსავით ბედის ანაბარა მიტოვებული კაცისთვის. წარმატებისთვის რომ მიმეღწია ამისთვის ყველაფრისგან გავთავისუფლდი... ჯოსგან, წარსულისგან, ზღვის სანაპიროსგან, სიღარიბისგან. მე საკუთარი თავი შევქმენი. სისასტიკით სავსე გზაზე ვიარე მაგრამ ეს მაინც მოვახერხე. ახლა უკვე თავისუფალი ვარ. მე ეს შევძელი! მე ეს გამომივიდა! არნახულ წარმატებას მივაღწიე! მე მათ ვუჩვენე!!!! ყველა ჩემი ნახატი ვუჩვენე!!! შენ ჩემი აღარ შეგრცხვება! მე მდიდარი ვარ და ეს ხომ ისაა რაც გინდოდა? ხომ არაჩვეულებრივია? ეხლა ბედნიერები ვართ! 

რატომ არ გესმის, რასაც ვაკეთებ ყველაფერი შენთვისაა! ყველაფერი განსაკუთრებული  რაც ჩემშია, სულ შენ ხარ!

Monday, June 20, 2011

სინდრომი: განადგურება!

მოგონებების განადგურების მანია მჭირს. ყველაფერი რაზეც ან ვიზეც ვბრაზდები ვშლი, ვხევ და ვაგდებ. ასე მაქვს წაშლილი მეილების მთელი დასტა ინბოქსში, იმიტომ რომ ჩემ უცხოელ ლექტორზე გავბრაზდი (მერე მთელი ერთი თვე ვცდილობდი იმ ინფორმაციის ხელახლა მოძიებას რომელიც ვირტუალურ ნაგავს გავაყოლე). იგივე პრინციპით მყავს დაბლოკილი სოციალურ ქსელებში ადამიანები, რომლებსაც მერე კი ვპატიობ წვრილმანებზე გაბრაზებას მაგრამ მაინც არ ვაბრუნებ. ყველაზე მეტად ამ ბოლო დროს გული იმაზე მწყდება რომ ფოტო არქივი გავანადგურე, მხოლოდ იმიტომ რომ უსიამოვნოდ დავშორდი ყოფილ შეყვარებულს. არცერთი უნივერსიტეტის დროინდელი კონსკპექტი აღარ მაქვს შემონახული, რომელთანაც მომაბეზრებელი დამღლელი და უსიამოვნო მოგონებები მაკავშირებდა. მოკლეთ ყველაფერი ახლანდელი ჩემთვის პოტენციური trash bin–ია.

არადა დრო რომ გადის მერე ვხვდები რომ არქივი მჭირდება. ემოციები როცა იკლებს მერე კარგი 'მუღამი' აქვს ხოლმე. ეს შეიძლება სისუსტეც იყოს, არ მინდა თვალი გავუსწორო უსიამვნო მოვლენას ან მოგონებას და იგნორირების მამა–პაპურ ხერხს მივმართავ ან ვაქრობ. შეიძლება ჩემი ეგოისტობის ბრალიცაა. 'ობიექტი' არაფრად მიღირს და საკმარისია ჩემს თვალში რამე შეიცვალოს, აშინვე ვანადგურებ. საუკეთესო შემთხვევაში შინაგანი ძლიერების ნიშანია: ვანადგურებ რადგან მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყო.

'აქედან ვერ წაშლიო' – შერეკილები გამახსენდა. ხოდა საქმეც იმაშია რომ იქედან ვერასდროს ვერაფერს ვშლი და ეს ფაქტების განადგურების მომენტშიც კარგად ვიცი. აი მის წაშლას არც ვცდილობ, უბრალოდ სახელს ვუცვლი და 'მოგონების' მაგივრად 'გამოცდილებას' ვარქმევ.

ამასწინათ ერთმა ახალმა ნაცნობმა მიკთხა, რა გინდა ცხოვრებაში ყველაზე მეტადო. მინდა ძლიერი ვიყო მეთქი. ალბათ მექანიკურად ნათქვამი და მანამდე სხვისგან გაგონილი ფრაზა ეგონა, რადგან გარეგნულად ნაკლებად მეტყობა რომ ამ თავში მსგავსი სურვილები ტრიალებს.

ზუსტად ვიცი რომ შუბლით აგურს ვერასდროს ჩავტეხავ. ვერც ნაკვერჩხალზე გავივლი ოდესმე ფეხშიშველი, მაგრამ სამაგიეროდ ხომ შემიძლია ყველა წარუმატებლობა და არასასიამოვნო გამოცდილება გაკვეთილად მივიღო, გავანადგურო ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებდა და სენტიმენტების გარეშე ვცადო კიდევ ერთხელ, თავიდან. ცხოვრებაში ხომ თითქმის ყველაფერი მეორდება....


Monday, May 16, 2011

მუსიკა და აღმოჩენები

უზომოდ მიყვარს მუსიკა. სულ რაღაცას ვუსმენ და თან საქმეს ვაკეთებ. ვწერ და ვუსმენ, ქუჩაში მინვდივარ - ვუსმენ, ძილის წინ ვუსმენ, ჭურჭელს ვრეცხავ - ვუსმენ.... მიყვარს ყველანაირი... განწყობის მიხედვით. ჩემ ფლეილისთში ალბათ ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის ორიოდე საყვარელ შემსრულებელს. განსაკუთრებით კი იცით რა მიყვარს? როცა ისეთ სიმღერას აღმოვაჩენ რომლის შესახებ უმრავლესობამ არაფერი იცის. აი ამას ვეძახი ჩემ პირად აღმოჩენას და დიახაც მეამაყება ხოლმე.

აჯერად გადავწყვიტე ჩემი რამდენიმე საიდუმლო ფავორიტი შემსრულებელი აგაცნოთ, ოღონდ ჩვენს შორის დარჩეს.

აბა წავიდა:

ნიჭიერი გოგო N 1: უნგრელი Magdolna Rúzsa (კომპოზიტორ-შემსრულებელი). ყოველგვარი ქალური ინტუიციის გარეშე გიწინასწარმეტყველებთ რომ ეს გოგო ჯენის ჯოპლინს გაგახსენებთ :). ორი სიტყვით მის შესახებ: უნგრეთში რამდენიმე მუსიკალური კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მონაწილეობა ევროვიზიის კონკურსშიც მიიღო, თუმცა _რა თქმა უნდა_ ვერ გაიმარჯვა.

video

ნიჭიერი გოგო N 2: Oh Land. მე პირადად Bjork- მაგონებს... თავად ნახეთ. მისი ვიდეო შარშან შემოდგომაზე გამოჩნდა პირველად YouTube-ზე და 10 მილიონამდე ვიზიტორი მოაგროვა - 168,101,492 ეეეს კი JLo- ვიდეოს ვიუერების რაოდენობაა სიმღერაზე On the Floor, სულ რაღაც 2 თვეში მოგროვებული. ()

video

და ბოლოს, აღმოჩენა N 3: The Pierces - ამერიკელი დები არიან რომლებიც ჰიპების ნოსტალგიას მოგიკლავთ ყველა თქვენგანს. ეს სიმღერა ისე მომეწონა რომ რამდენიმე კვირა მათ საპატივცემულოდ დესქთოფზეც და ფეისბუქშიც ჰიპების ფოტოები მეყენა. თავად შეაფასეთ :)

video

Sunday, April 17, 2011

თქვენ, Miss, წვეულებაზე იმყოფებით.

აქ ყველაფერი პირობითია. წერტილი და მძიმეც კი, სათაურში. :)
მიირთვით შოკოლადი.... თამამად. და ცოტა ხნით დაივიწყეთ ფრაზები 'ცხოვრება ბრძოლაა' 'რეალობა მკაცრია' 'შავი ყოვლის მომცველი ფერია' და ასე შემდეგ. - ქალბატონო, თქვენ, რატომ დაჰყურებთ ზემოთ აწეული ნიკაპით და ასე შემდეგ, ჩემს ვარდისფერ მაშიებს? განა თქვენც ასეთივე არ გინდოდათ 11 წლის ასაკში?

აი თქვენ კი ახალგაზრდა ქალბატონო, კუთხეში. მიხარია რომ შემოუერთდით წვეულებას. მართალი გითხრათ არ გელოდით, მეგონა არ გაინტერესებდით მე და ჩემი შოკოლადები. ალბათ ვცდებოდი, მე თუ არა აი ეს ტორტი და რძიანი თეთრი კურდღელი ხომ მაინც მოგწონთ, გამოტყდით. დავივიწყებ თქვენს უხეშ შენიშვნას ჩემს მიმართ გუშინ ქუჩაში, თუკი გაიღიმებთ და საერთო მხიარულებას შეუერთდებით. ყველა თავისებურად მნიშვნელოვანი ვართ და ჯანდაბა,... შოკოლადის და ნუშის ბურთულა დამივარდა... ხოდა რას ვამბობდი? ...მეც მინდა რომ ყველა კმაყოფილი იყოს. უხასიათობა გადამდებია, ისევე როგორც მთქნარება და თქვენ წარმოიდგინეთ ღიმილიც... აიღეთ გეთაყვა თორემ ლანგარზე აღარ ეტევა.

აი ამ ბატონს იმდენი ვეხვეწე მოსულიყო რომ შეიძლება ითქვას დღეს ჩემი მთავარი სტუმარია. მისი რუხი ცილინდრი და შეკრული წარბი ყველა კუთხეში მელანდება. თან ჩემს დანახვაზე რაღაც განსაკუთრებულად ჭმუჭნის ამ შუბლს. სასაცილოა რაღაცნაირად. რაღატომ დაგპატიჟეთ? აბა ხომ არ დაგემალებოდით? რთულია ქალაქში მშვიდად სიარული როცა ვიღაცას ემალები. აი ეს ორცხობილა უნდა დამიგემოვნოთ, არაჩვეულებრივად უხდება ყავას და შიგ გულით ჩამხობილ ლიმონს, თქვენ რომ ასე გიყვართ. თან ამ ორცხობილას ერთი საიდუმლო ინგრედიენტი აქვს, თავიდან ცოტა მწარეა მაგრამ მერე საოცარ არომატს იძენს, ტკბილი ხდება, ადამიანიც და მისი ენაც. იუმორი გესმით? მიხარია... თითქოს.


ოხ ჩემო ძვირფასო მეგბარო, რა დიდი სიამოვნებით მივახატავდი თქვენს რუხ პიჯაკს, რამე მარჯნისფერ ფიგურას, გაგახალისებდათ, დამიჯერეთ. მაინც რატომ გაცვიათ ასე გაუხდელად? ააა დილით გეზარებათ კარადაში რაიმე, თუნდაც ძველის, მაგრამ სხვა ფერის მოძებნა? რუხს ჭუჭყი არ ემჩნევა და ნაკლებ სახათაბალოა. აი ჩემი ღია ფერის კაბის ტარებას დიდი ნებისყოფა და ბევრი სარეცხი საშუალება სჭირდება, ღმერთმანი.

მეგობრებო, ყველას საყურადღებოდ ვაცხადებ. მაგიდის ცენტრში ჩემი ახალი რეცეპტით დამზადებული შოკოლადის ფილაა. სულ ახალია, მგონი ვისკის მოუხდება, ცოტა ჩილიც დავუმატე, გასინჯეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ. თუ გსურთ თანაც წაიღეთ, ყველას გეყოფათ. მიირთვით, და გამიხსენებთ. დღევანდელი საღამო გაგახსენდებათ და იქნებ კიდევ შემომიაროთ შემდეგში. არ ჯობია მაიას ტომის ეს ტკბილი და ძველისძველი საიდუმლო გვაერთიანებდეს ვიდრე მარტოობა? მერე რა რომ აქ ყველაფერი ფერადია.


video