Sunday, December 20, 2009

დუმილი ........


ედგარ ალან პო

„ყური მიგდე“-თქვა დემონმა და თავზე ხელი დამადო. მხარე რომლის შესახებაც მინდა გიამბო ლიბიის სევდიან მხარეში, მდინარე ზაირის სანაპიროზე მდებარეობს. იქ სადაც არც სიმშვიდეა და არც მდუმარება. ამ მდინარის წყალს რაღაც მკრთალი ზაფრანისფერი გადაჰკრავს. ის ზღვისკენ არ მიედინება, არამედ მუდამ ფეთქავს და ასე ათრთოლებული და აღტაცებული მარად მეწამული მზისკენ ისწრაფვის. მდინარის შლამიან კალაპოტს მთელს სიგრძეზე მიუყვება ფერმკრთალი შროშანების ვეება ტევრი. ამ მარტოობაში ჩაკარგულთ ოხვრით აღუპყრიათ გრძელი და ფერწასული კისრები ზეცისაკენ და გამუდმებით თავს უკრავენ ერთმანეთს. ამოუცნობია მათი ჩურჩული ვითარცა წყალი მიწის ქვეშ მიმავალი. ოხვრით შესცქერიან ერთიმეორეს.

მაგრამ ამ სამეფოსაც აქვს თავისი საზღვარი-ბნელით მოცული უღრანი ტყე...აქ გამუდმებით ისევე ღელავს ბუჩქნარი როგორც ტალღები ჰიბრიდის კუნძულებთან თუმცა ნიავიც კი არ იძვრის ამ ცისქვეშეთში. ზათქით ასკდებიან აქეთ-იქით მარად უკვდავი ბუმბერაზი ხეები. მათი მწვერვალებიდან მარადიული ნამი იფრქვევა, მათ ფესვებთან კი საუკუნო ძილით გათანგული შხამიანი ყვავილები დახვეულან. რუხი ღრუბლები ხმაურით მიიგრაგნებიან დასავლეთისაკენ ვიდრე ჩანჩქერივით არ გადავლენ ჰორიზონტის ცეცხლოვან ხაზს. თუმცა ნიავიც კი არ იძვრის ამ ცისქვეშეთში და მდინარის არცერთ ნაპირზე არ სუფევს სიმშვიდე და მდუმარება..

ღამე იყო..წვიმდა..წვიმის წვეთები სისხლად იღვრებოდა მიწაზე..და მე ვიდექი ჭაობში მაღალ შროშანებს შორის და თავზე მაწვიმდა-შროშანები კი ისევ ოხრავდნენ ამ საზეიმო მარტოობაში..

და უეცრად გამჭვირვალე ნისლში ალისფერმა მთვარემ გამოანათა.თვალი გამექცა მდინარის ნაპირას აღმართული მთვარის შუქით განათებული სალი კლდისაკენ. საზარლად პირქუში იყო კლდე. წარწერა დავლანდე მასზე და ფეხით გავუყევი ნაპირისაკენ მიმავალ შროშანებით დაფენილ ჭაობს რათა წარწერა ამომეკითხა მაგრამ ვერ შევძელი. უკან მივბრუნდი ჭაობისაკენ. ახლა უკვე მეწამულისფრად ბრდღვიალებდა მთვარე. კიდევ ერთხელ შევხედე კლდეს და წარწერა ამოვიკითხე- გაუდაბურება.

უეცრად კლდის ქიმთან მდგარ კაცს მოვკარი თვალი.შროშანებში დავიმალე სათვალთვალოდ. ტანმაღალი იყო დიდებული აღნაგობის თავიდან ფეხებამდე ძველ რომაულ ტოგაში გახვეული. მკრთალად ჩანდა სხეულის მოყვანილობა მაგრამ ვერც ღამის სიშავეს, ვერც ნისლს და ვერც მთავრეს ვერ დაეფარა მისი სახის დიდებული ნაკვთები. მოხდენილად ჩაფიქრებული უფრო დიდებული ჩანდა მკრთალ ნაოჭებში კი ღრმა სევდას, მარტოობის წყურვილს და სიძულვილს დაესადგურებინა კაცთა მოდგმის მიმართ.

კლდეზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ასე უმზერდა გაუდაბურებას. უმზერდა მოშრიალე ბუჩქნარს, მარად უკვდავ ხეებს, მოგრუხუნე ზეცას და მეწამულისფერ მთვარეს. მე კი შროშანებში ჩამალული ჩუმად ვუმზერდი მას. კაცი თრთოდა ამ სიმარტოვეში, ღამე ილეოდა ის კი კვლავ გაუნძრევლად იჯდა კლდეზე. წამით მოაცილა ზეცას თვალი და დახედა სევდით მოცულ მდინარე ზაირს, მის შემზარავ მოყვითალო ტალღებს, თეთრი შროშანების წყებას და ყური დაუგდო მათ ჩურჩულს. მე კი ჩემი სამალავიდან ვუმზერდი მას. კაცი თრთოდა ამ სიმარტოვეში, ღამე ილეოდა, ის კი კვლავ გაუნძრევლად იჯდა კლდეზე..მე ქვევით ჩავუყევი შროშანების ტევრს და ჰიპოპოტამებს მოვუხმე..ჭაობის ბინადართ. მათ გაიგონეს ჩემი ძახილი, მოვიდნენ და ქვევიდან შეჰღრილეს მთვარეს. მე კი ვიჯექი სამალავში და ჩუმად ვუმზერდი მას. კაცი თრთოდა ამ სიმარტოვეში, ღამე ილეოდა, ის კი კვლავ გაუნძრევლად იჯდა კლდეზე..

მაშინ კი საშინლად დავწყევლე ყოველი სტიქია და მძვინვარე ქარიშხალი მოევლინა ზეცას, სადაც ნიავიც კი არ ყოფილა არასდროს. მკვდარივით გაფითრდა ზეცა და წვიმამ დასცხო კაცს თავზე, მდინარე აბობოქრდა, აქაფდა, შროშანებს გულიდან კივილი აღმოხდათ, ტყე ზანზარებდა ქარისაგან, ჭექა-ქუხილი ატყდა ელვამ ცა დასერა და კლდე შეარყია. მე კი სამალავიდან ჩუმად შევცქეროდი კაცს. კაცი თრთოდა ამ სიმარტოვეში, ღამე ილეოდა ის კი კვლავ გაუნძრევლად იჯდა კლდეზე.

უფრო გამწარებულმა დავწყევლე დადუმდესთქო მდინარე, შროშანები, ქარი, ტყე, ზეცა, ჭექა-ქუხილი, ყოველი ოხვრა შროშანებისა. და დაწყევლილნი იქმნენ ისინი და მდუმარენი...მთვარე აღარ იძვროდა ცაზე, ქუხილი ჩაკვდა, ელვამ დაკარგა სინათლე, ღრუბლები ერთ ადგილას გაირინდნენ, წყალმა დინება შეწყვიტა ხეებმა რყევა, შროშანები აღარ ოხრავდნენ და ჩურჩულიც შეწყდა. ჩქამიც კი აღარ ისმოდა ამ თვალუწვდენელ სიცარიელეში..კლდეს გავხედე და წარწერა შეცვლილიყო. ახლა ის გვამცნობდა-დუმილს. მზერა მივაპყარი კაცის სახეს, ფერი დაჰკარგვოდა შიშისაგან, თავი ასწია, წამოდგა და ყური მიუგდო.ჩამიჩუმი არ ისმოდა ამ თვალუწვდენელ უდაბურ მხარეში და ისევ დუმილს გვამცნობდა კლდის წარწერა. ძრწოლამ აიტანა კაცი, თავი მიაბრუნა ადგილს მოსწყდა და მას შემდეგ აღარ მინახავს..

მშვენიერი ზღაპრებია მოთხრობილი რკინით შეჭედილ მელანქოლიურ გრძნეულთა წიგნებში. მე გეუბნებით რომ სწორედ აქ არის დიდებული თავგადასავალი ზეცისა და მიწის, ძლევამოსილი ზღვის და იმ ჭინკების ზღვასა და მიწაზე რომ გაბატონდნენ..ხელთ რომ იგდეს ცის სიდიადე..დიდი ცოდნა გამოსჭვივის სიბილას გამონათქვამებიდან და წმინდათა-წმინდა სიტყვა გაისმის ოდეს ბუნდოვანი ფოთლების ქვეშ დოდონას ირგვლივ რომ თრთოდა, მაგრამ ვფიცავ ალაჰს რომ ის ამბავი, რომელიც საფლავის ქვიშ ქვეშ ჩემს გვერდით მჯდომმა დემონმა მიამბო ყველაზე დიდებულია მათ შორის. და როცა დემონმა ამბავი დაასრულა სიცილით ჩაეშვა სამარეში მაგრამ მე ვერ შევძელი გაცინება და ამისათვის დამწყევლა მან..საიდანღაც სამარის მარადიული ბინადარი ფოცხვერი გამოჩნდა, ფერხთით დაუწვა დემონს და დაჯინებით მისჩერებოდა სახეში....


თარგმანი სალომე ღვინიაშვილის..

p.s ედგარ პო-ს ეს ფსიქოლოგიური მოთხრობა ალბათ ყველაზე რთულია როგორც წასაკითხად ისე აღსაქმელად ამაში ამის წაკითხვის შემდეგ თავად დარწმუნდებით. სულ პირველად როცა ამის თარგმნა დამავალეს ზუსტად ასეთი რეაქცია მქონდა იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა რომ მახსოვს ერთი ღამე სულ თეთრი შროშანები მესიზმრებოდა:) მახსოვს ის გრძნობა როგორი შიშით ვკითხულობდი ლექციაზე და რა ბედნიერება იყო როცა კითხვის დასრულების შემდეგ მანანა გელაშვილმა-ჩემი თარგმანების ყველაზე მნიშვნელოვანმა შემფასებელმა ტაში დაუკრა..დანარჩენი უკვე თქვენ შეაფასეთ ჩემთვის მთავარი შეფასებები უკვე მიღებულია....


Saturday, December 19, 2009

კატა წვიმაში


სასტუმროში ამერიკელები მხოლოდ ისინი იყვნენ. გზად თავიანთი ოთახისაკენ კიბეზე შემხვედრთაგან არავის იცნობდნენ. მათი ოთახი მეორე სართულზე, ზღვის ხედით, პარკსა და ომის მემორიალს გადაჰყურებდა. პარკში უზარმაზარი პალმები იყო და გრძელი, მწვანე სკამები იდგა. კარგ ამინდში აქ ყოველთვის ნახავდით რომელიმე მხატვარს თავისი მოლბერტით. მხატვრებს აქ იზიდავდათ ვეებერთელა პალმები და ჭრელ ფერებში შეღებილი სასტუმროები პირით ზღვისკენ. იტალიელები აქ ომის მემორიალის სანახავად ყოველი მხრიდან მოდიოდნენ. ის ბრინჯაოსაგან იყო ჩამოსხმული და წვიმაში განსაკუთრებულად ბზინავდა. მაშინაც წვიმდა. წყალი პალმებიდან წვეთ-წვეთად ჩამოდიოდა. ხრეშიან ბილიკზე გუბეები იდგა. ზღვაზე ტალღები ერთბაშად ბობოქრობდნენ წვიმიან ამინდში. მემორიალის მახლობლად მოედანი ავტომობილებისაგან დაცლილიყო. მის გადასწვრივ ერთ-ერთი კაფის კარში მიმტანი ჩამომდგარიყო და დაცლილ მოედანს გაჰყურებდა.
ამერიკელის ცოლი ფანჯრიდან იცქირებოდა. გარეთ, მათი სარკმლის მახლობლად, კატა მაგიდის ქვეშ შებუზულიყო. წვიმა მწვანე მაგიდის კიდეებიდან მოწვეთავდა. კატა ცდილობდა წვეთებს არ დაესველებინა.
”ქვემოთ ჩავდივარ, ეს კატა უნდა ამოვიყვანო” - თქვა ამერიკელის ცოლმა.
”მე ჩავალ” - გამოეპასუხა ქმარი, რომელიც წამოწოლილი იყო.
”არა, მე ჩავალ. საბრალო ფისო, მაგიდის ქვეშ აფარებს წვიმას თავს” .
ქმარი ორ ბალიშზე დაყრდნობილი თავისთვის კითხულობდა.
”არ დასველდე” - გასძახა მან.
ცოლი კიბეზე ჩავიდა. ჰოლში რომ ჩაიარა, სასტუმროს მეპატრონე ფეხზე წამოდგა და ქალს თავი დაუკრა. მისი სამუშაო მაგიდა ოთახის ბოლოში იდგა. იგი ხანში შესული, მაღალი კაცი იყო.
”Il piove" - მიმართა ქალმა. მას მოსწონდა ეს კაცი.
”Si si Signora, brutto tempo, მართლაც ცუდი ამინდია”.
ის ისევ თავის მაგიდასთან იდგა, სუსტად განათებული ოთახის ბოლოში. ქალს ის მოსწონდა. მოსწონდა თუ როგორ ცდილობდა მას სათანადოდ მომსახურებოდა, როგორ ეჭირა თავი, მოსწონდა მისი ასაკიანი სახე და ფართე მხრებიც.
ასე დადებითი გრძნობებით განმსჭვალულმა ამერიკელმა ქალმა კარი გამოაღო და გარეთ გავიდა.
კიდევ უფრო ძლიერ წვიმდა ვიდრე მანამდე. იქვე საწვიმარ ბალადაში გახვეული ვიღაც კაცი ცარიელ მოედანს კვეთდა და კაფისკენ მიიჩქაროდა. ქალს კატა მარჯვნივ, იქვე ახლოს ეგულებოდა. ჯერ კიდევ კარის ზღურბლზე იდგა როცა ვიღაცამ ზემოდან ქოლგა გადააფარა. ეს იყო მოსამსახურე ქალი, რომელიც მათ ოთახს უვლიდა.
”თქვენ არ უნდა დასველდეთ” - თქვა მან და ღიმილით განაგრძო იტალიურ ენაზე საუბარი.
რა თქმა უნდა მოსამსახურე სასტუმროს მეპატრონის გამოგზავნილი იყო.
ამერიკელის ცოლი მასთან ერთად გაუყვა ხრეშიან ბილიკს, რომელსაც იმ ადგილისაკენ მიჰყავდა მისი სარკმელი რომ გადაჰყურებდა. მაგიდა ისევ იქ იდგა. წვიმაში ის კაშკაშა მწვანედ მოჩანდა, მის ქვეშ კი კატა უკვე აღარ იყო.
"Ha perduto qualque cosa Signora?"
”აქ წეღან კატა იყო.” - თქვა ამერიკელმა ქალმა.
”კატა?”
”Si il gatto."
”კატა?” - ხმამაღლა გაიცინა მოახლემ. - ”კატა წვიმაში?”
"ხო, მაგიდის ქვეშ.” - თქვა ქალმა - ”არადა როგორ მინდოდა კატა მყოლოდა.”
მოსამსახურეს სახე დაეძაბა. აშკარად ცდილობდა უკეთ გაეგო ინგლისურად ნათქვამი.
”Come Signora" - თქვა მან. - ”შიგნით უნდა შევიდეთ თორემ დასველდებით”.
”ხო ალბათ” - მიუგო ამერიკელმა ქალმა.
ისინი ხრეშიან ბილიკს ისევ უკან გაუყვენენ. კართან მას მოსამსახურე ოდნავ უკან ჩამორჩა, რათა ქოლგა დაეკეცა.
ამერიკელმა ქალმა ჩაუარა თუ არა მაგიდას, სასტუმროს მეპარტონე კვლავ წამოემართა და თავი დაუკრა. წუთით ქალმა პაწაწინა და უწეო არსებად იგრძნო თავი. სასტუმროს მეპატრონე მას თავს პატარა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელივან არსებად აგრძნობინებდა. წამიერად მოეჩვენა თითქოს ვიღაცისთვის ის ყოფილიყოს ქვეყნად ყველაზე მთავარი. ქალი კიბეზე ავიდა და ოთახის კარი გააღო. ჯორჯი იწვა და კითხულობდა. მან წიგნი ცოტა ხნით გადადო და ცოლს ჰკითხა:
”კატა მოიყვანე?”
”იქ აღარ დამხვდა.”
”ნეტავ სად წავიდა?”
ცოლი საწოლზე ჩამოჯდა.
”ისე ძლიან მინდოდა... ის საბრალო კატა მინდოდა... კატა წვიმაში საცოდაობაა.”
ჯორჯი კითხვას განაგრძობდა. ქალი ადგა და ტუალეტის მაგიდასთან გადაჯდა, ხელში პატარა სარკე აიღო და შიგ ჩაიხედა. ჯერ საკუთარ პროფილს ერთ მახარეს აკვირდებოდა, შემდეგ კი კისრის მხარეს დაუწყო სარკეში ცქერა.
”როგორ გგონია, გრძელი თმა მომიხდება?” - ჰკითხა ქმარს და თან ისევ პროფილში შეათვარიელა საკუთარი თავი.
ჯორჯმა ცოლს ახედა. უკნიდან თმა ბიჭივით ქონდა გაკტეჭილი.
”მე ახლაც მომწონს შენი ვარცხნილობა.”
”მომბეზრდა ბიჭივით რომ გამოვიყურები.”
ჯორჯმა მხარი იცვალა. - ”ჯანდაბა; შენ ისედაც ლამაზი ხარ.”
ქალმა სარკე მაგიდაზე დადო და ფანჯარასთან მივიდა.
”მინდა თმა გავიზარდო და უკან გრძელი ნაწნავი დავიწნა. აი ისეთი ზურგზე რომ ვგრძნობდე. მინდა პატარა ფისო, რომელიც ხელის გადასმაზე აკრუტუნდება” - ჩაილაპარაკა მან.
”ხოოო” - გამოეპასუხა ჯორჯი საწოლიდან.
”კიდევ მინდა ჩემი საკუთარი ვერცხლის ჭურჭლით გაწყობილ მაგიდასთან ჭამა და მინდა სანთლებიც; მინდა გაზაფხული იდგეს და სარკის წინ გრძელ თმას ვივარცხნიდე; კატა და ახალი სამოსიც მინდა.”
”სჯობს გაჩუმდე და შენც რამე წაიკითხო” - ურჩია ჯორჯმა.
ქალი ფანჯარაში იყურებოდა. უკვე საკმაოდ ჩამობნელებულიყო. გარეთ პალმებს ისევ აწვიმდა.
”მაინც მინდა კატა, მინდა ახლავე. თუ თმას ვერ გავიზრდი ხომ შემიძლია კატა მაინც ვიყოლიო?”
ჯორჯი მას უკვე აღარ უსმენდა. ის წიგნის კითხვით იყო გართული.
აი მოედანზე შუქებიც ჩააქრეს. ამ დროს ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.
”Aventi" - გასძახა ჯორჯმა. მან ცოტა ხნით წიგნში ჩარგული თავი ასწია.
კარში მოსამსახურე ქალი იდგა. გულ-მკერდზე დიდი, ჭრელი კატა ჰყავდა მიხუტებული.
”მომიტევეთ” - თქვა მან - ”პადრონემ ეს სინიორასთან გამომატანა”.
P.S ეს მოთხრობა 2009 წელს ვთარგმნე თსუ-ში. წიგნის გამოცემას აპირებდნენ სადაც ჩემი ეს თარგმანიც უნდა შესულიყო მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო აღარ გამოიცა. ლიტერატურული გარჩევით თავს არ შეგაწყენთ მაგრამ ჩემი კოლეგის (ამერიკელი ჟურნალისტის) ჰემინგუეის თარგმნა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.


Wednesday, December 16, 2009

ყველა ოცნება ახდება..........


როგორც ამბობენ ოდესმე ყველა ოცნება სრულდება ამიტომ ვოცნებობთ თამამად და რეალოიდან სულ ცოტა ხნით გაფრენის არ გვეშინია..თქვენ თუ მოგისმენიათ ასეთი ფრაზა „ფრთხილად შეარჩიეთ ოცნებები..ისინი ოდესმე აუცილებლად ახდება“ რომ გითხრათ ბავშვობიდან ფრთხილად ვოცნებობთქო ალბათ ყველაზე დიდი ტყუილი გამომივა მაგრამ კოსმოსში გაფრენა არასდროს მდომებია, არც მთვარის მოწყვეტა მითხოვია ვინმესთვის უბრალოდ ყოველთვის უცნაურად კარგი ოცნებები მქონდა..აი მაგალითად მინდოდა რომ ჯულიეტას როლი მეთამაშა სცენაზე.მართალია სცენაზე ეს არ გამომივიდა მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ ცხოვრებაში სულ ჯულიეტა გახლავართ რაც ხანდახან არცთუ ისე სასიამოვნოა მაგრამ სხვა გზა არაა როგორც ჩანს ჩემმა ოცნებამ სწორი გზა-კვალი ვერ მოძებნა ცოტა დაიბნა და მეტად უცნაურად ახდა:))


კიდევ ის მინდოდა მეთქვა რომ ოცნების გარდა ადამიანების სწორად არჩევაა ძალიან მნიშვნელოვანი. ვერასოდეს ავირჩევთ მშობლებს, ნათესავებს ,და-ძმას ეს ჩვენს დაბადებამდე უკვე ვიაცამ აირჩია და მხოლოდ სამი ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის უფლება დაგვიტოვა.ჩვენ ვირჩევთ პროფესიას,მეუღლეს და მეგობარს და ამის არჩევაში თუ ოდესმე შევცდებით მაშინ ყველაზე დიდ შეცდომას დავუშვებთ რისი გამოსწორება ალბათ მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ. მე მაგალითად ვოცნებობდი როგორ მოვიდოდა ერთ ღამეს თეთრ ცხენზე ამხედრებული შავი პრინცი (სწორად გამიგეთ მეგობრებო მე მხოლოდ შავგვრემანს ვგულისხმობ:)) 9 მთას იქით თავის ზღაპრულ სასახლეში წამიყვანდა და მერე დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებდით თუმცა პრინცი აშკარად იგვიანებს ალბათ საკმარისად კარგად არ მიოცნებია ჯერ..იმედია მოვა მაგრამ როდის??? ესეც პრინციპში ყოფნა-არყოფნასავით უკვე საკითხავია:))


ყველაზე მეტად ალბათ მეგობრების არჩევაში გამიმართლა რასაც ალბათ უკვე კარგად ხვდებით არც პროფესიის არჩევაში შევმცდარვარ ვაკეთებ იმ საქმეს რაც მიყვარს თუმცა ამასაც დრო გვიჩვენებს.კიდევ იმაზე ვოცნებობდი რომ დედაჩემი ყოველთვის ცოცხალი და ჩემს გვერდით იყოს და სანამ ეს ასეა მე ყოველთვის პატარა და ბედნიერი ბავშვი ვიქნები..ხო დამავიწყდა კიდევ ერთი ოცნება მაქვს..კაბა რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჩავიცვავ და ეს დველაზე განსაკუთრებული იქნება ჩემს ცხოვრებაში.ეს ისეთი ოცნებაა რასაც სხვებისაგან განსხვავებით ცოტათი მაინც ხელი უნდა შეუწყო:))



ასე რომ ნუ შეგეშინდებათ ოცნებების ხშირად იოცნებეთ, მაგრამ ფრთხილად შეარჩიეთ ოცნება..გახსოვდეთ ისინი ოდესმე აუცილებლად ახდება........


Tuesday, December 15, 2009

გასეირნება ყარაბაღში - ლიტერატურული ანალიზი


ერთი წელია ლიტერატურული ნაწარმოებების გარჩევა არ დამიწერია. სულ ცოტა ხანია რაც ოფიციალურად შევეშვი ამ საქმეს. მომბეზრდა ფილოლოგია მაგრამ ლიტერატურა ზოგადად არასოდეს მომბეზრდება.

რა არის ლიტერატურა? არისტოტელეს თქმით ეს არ ”ბაძვა”. ავტორი ბაძავს ცხოვრებას, ბაძავს რაღაც კონკრეტული სათქმელის გადმოსაცემად და ბაძავს გამოხატვის სხვადასხვა საშუალებებით.ზუსტად არ მახსოვს ვისი სიტყვებია მაგრამ ლიტერატურა მეორადი გამოცდილებააო ამბობენ. ამ შემთხვევაში აკა მორჩილაძის მიერ ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის გაზიარებულ მეორად გამოცდილებაზე მსურს საუბარი.

მე გიუშას შემდეგი თაობა ვარ. გიუშები და გოგლიკოები ჩემს მშობლებთან ერთად დააბიჯებდნენ თბილისის ქუჩებში. ზოგი რამ მეც მახსოვს ბავშვობიდან. ავტორი, რომანის მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში ამბობს რომ თავადაც ვერ აუხსნია ამ წიგნის ასეთი პოპულარობა, იქ ხომ ამდენი აგრესიაა. ”წიგნის გმირი გაუთავებლად აგინებს ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს, ასევე რუსებსაც და საერთოდ ყველას ვინც კი გადაეყრება .... აგრესია სიცარიელისაგან, უვიცობისაგან და ამპარტავნობისაგან მოდის” - წერს იგი.

გიუშა მართლაც უვიცი და გაუნათლებელია. ის შორსაა წიგნებისაგან, ამას თავადაც აღნიშნავს. აგრესიაც საკმაოდაა მასში, არავის მიმართ არაა ბოლომდე დადებითად განწყობილი, გარდა იანასი, თვით დედინაცვალი ნანაც კი ყელში ამოსდის თავისი გადამეტებული ზრუნვით. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება რომ გიუშა თვით 90-იანი წლების საქართველოსავით არეულია. მის ფსიქიკაში საყოველთაო არეულობაა არეკლილი, ის ხომ ამ არეულობათა წინაპირობებში გაიზარდა, ის ხომ უაზროდ შემოღებულ დიდ დასვენებებზე ეზიარა ძველბიჭობას, ის ხომ უწიგნურობით, მხოლოდ ინსტიქტებით ებრძვოდა აკრძალვებს.

ეს პერსონაჟი ერთდროულად ამ რომანის ანტაგონისტიცაა და პროტაგონისტიც. არაა ცუდი ადამიანი, უყვარს - ეს შეუძლია, ზრუნავს, ერთგულებს, სადღაც სიღრმეში ხელოვანიცაა (თუმცა არეულობამ მუზა დაუფრთხო). ამავდროულად კი სძულს ყველა, თითქოს ყოველი სულიერი იმისთვისაა შექმნილი რომ რაღაც აიძულოს, შეზღუდოს, ქუჩური გაგებით სინდისზე ააგდოს. მისი ცხოვრება ერთ წრეზე ტრიალებს; იმ უცნაურ ჩინურ სანთელს ჰგავს რომელიც დეკორატიულ ტოტებს შორის გაჩრილა და არადა არ იწვის, არც ტოტებს ედება ცეცხლი. ერთი სიტყვით სრული უმიზნობაა.


რაც შეეხება იანას. ეს გიუშას პირადი პერსონაჟია, ჩვენ მას მისი თვალით ვხედავთ. ამ ქალის ხასიათის შტრიხები საკმაოდ მკრთალად აქვს დახატული ავტორს, სიმკვეთრე არცაა საჭირო, მთავარი ის ემოციაა რასაც იანა გიუშაში იწვევს. მისი საშუალებით ხვდება რომ თურმე სიყვარული შეძლებია, თურმე ჯერ კიდევ წამს რაღაცის, თურმე მომავალიც უნდა რომ ჰქონდეს (იანა ბავშვს ელოდება და გიუშა ტკბილეულს ატენის, შვილზე როგორც მომავალზე, ზრუნავს). გოგლიკო კი ის პერსონაჟია რომელიც გიუშაში ანტაგონიზმს ამძაფრებს. ამ უსახურ ადამიანში რაღაც ძალიან ძვირფასს ხედავს გიუშა, მაგრამ არასოდეს უცდია გაეანალიზებინა კონკრეტულად რას. ქუჩურ ღირებულებებს? უბრალოდ ძმობას თუ იმას რომ ასე ვთქვათ გოგლიკო ”თავისუფალი გიჟია?”. გოგლიკო ის ნაწილია მისი ცხოვრების რომლისგან შორსაც, ყარაბახში იწყებს პერსონაჟი ფიქრს.
..
რაც შეეხება ყარაბახს: ეს ცალკე საკითხია. ზოგჯერ მოვლენების გაანალიზებისათვის ყველაზე კარგი ადგილი იქაა სადაც არ ელი. ეს მოდერნისტი მწერლების ბედისწერაა, ალბათ ეპოქაა ასეთი და იმიტომ. მაგალითად თომას მანის ”ჯადოსნური მთა”, იქ პერსონაჟი ცხოვრების გაანალიზებას ტუბერკულიოზით დაავადებულთა დისპანსერში იწყებს. კიდევ ერთი მოდერნისტული შტრიხი, ”ცნობიერების ნაკადის ტექნიკა”, რომელიც არაერთხელ აქვს ავტორს გამოყენებული, ძირითადად იანას სახით.
..
პერსონაჟი ყარაბახში უფიქრდება ბევრ რამეს, აქ ხვდება რომ არა მარტო ის არამედ მთელი მისი თაობა სხვადასხვა ბოქლომით ჩაკეტილი კარის მიღმა ცხოვრობდა: ბოქლომი სახელად სსრკ; ბოქლომი სახელად თაობათა სტერეოტიპები; ბოქლომი სახელად მშობლები; ბოქლომი სახელად გაუნათლებლობა. როცა ამ ყველაფერს ხვდება ის გარბის სომხების სოფლიდან, თუმცა ეს არაა გაქცევა კონკრეტული გეოგრაფიული არეალიდან და ტყვეობიდან, ესაა მცდელობა დაამსხვრიოს ყველა ბოქლომი და უბრალოდ გააღწიოს. აი აქ კი თვით ავტორის წინასიტყვაობა უნდა მოვიშველიო ”უბრალოდ მან არ იცის რომ სამყარო ძალიან დიდია და გამოუმშვიდობებლად შეგიძლია წახვიდე სადმე, არა მხოლოდ ფეხით არამედ ფიქრითაც”. სწორედ ამაშია საქმე, გიუშამ იდეოლოგიურად, გონებრივად უნდა გაარღვიოს ჩარაზული კარი. ისე არ ეშველება; თენგიზა მიქატაძე სულ მისი მამა იქნება, გოგლიკო სულ მასზე იქნება ატორღიალებული, დანარჩენი ძმაკაცებიც ისევე ივლიან მასთან დაუპატიჟებლად. არაფერი შეიცვლება. ჩინური სანთელი არ ჩაიწვება თუ გიუშა არ მიხვდება ცხოვრების აზრს, სანამ არ დაიწყებს გონების აქტიურად გამოყენებას და გაანალიზებას. ”ჰომოსაპიენსი” მოჯადოებულ წრეში ჩარჩა არადა აღარ უნდა ამდენი აგრესია. ხოდა აი ავტორმაც შეიბრალა პერსონაჟი, რომელიც უდაოა მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან უყვარს (ალბათ ამიტომაც ამბობს რომ არ წამიკითხავს ეს რომანი მას შემდეგ რაც დავწერეო) და ათავისუფლებს მას.
..
აი სურულდება რომანი. ”...ვითომ თენგიზა მიქატაძე ვარ...” - უკვე სხვა რაკურსია - და აი გიუშას გონებაში მამა საკუთარი ხელით უბრუნებს იანას. მერე რა რომ სინამდვილეში ეს ასე არაა. ავტორმა ის ბოლო წამებში გადაარჩინა როგორც გულის აპარატს მიერთებული პაციენტი. ”უკვე ბნელდება და უცნაური ფიგურები იხატება კედელზე”. რომანი დასრულდა ერთი შეხედვით უცნაურად, მაგრამ ესეც მოდერნისტების შემოტანილი აკვიატებაა, ალბათ იმიტომ რომ ეპოქაა ასეთი. რაც მეტად დაძაბავ და აამუშავებ მკითხველის გონებას მით უკეთესია, ამასაც ეპოქა ითხოვს.
..
ჩემი აზრით კარგია რომანი ორჯერ რომ გამოიცა. ეს ავტორისათვის მისალოცია, განსაკუთრებით დღევანდელ საქართველოში. ესეიგი ცხოვრების "ბაძვა" როგორც მეორადი გამოცდილება მიღებული და გაზიარებულია... და ის უცნაური ჩინური სანთელიც ჩაიწვება აბა რა....

Saturday, December 12, 2009

ვაშააააააააააა!!!!!! მოდიიიიიიის!!!!!!

ბლოგების სრული უმრავლესობა საახალწლო რეჟიმში მუშაობს. ეს გასაკვირი არცაა, წინ ყველაზე ლამაზი, მხიარული და ჯადოსნური ელფერის მქონე დღესასწაული გველის. ჩვენ პირადად ძალიან გვიხარია და უკვე დიდი ხანია დროის უკუთვლა დავიწყეთ ახალ წლამდე.
...
სხვა ბლოგების არ ვიცით მაგრამ რატომღაც საინტერესოდ მოგვეჩვენა საახალწლო სასწაულების თემა, რაც დარწმუნებული ვარ მთელს მსოფლიოში ხდება, ოღონდ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ მათ და გვგონია ასეთი რაღაცეები მხოლოდ ფილმებში ხდება.
ამ მხრივ ყველაზე მაგარი მაინც ”ბედის ირონიაა”. მიდიხარ სახლში და იქ გალეწილი მთვრალი ტიპი გხვდება, რომელიც თავიდან ნერვებს გიშლის მაგრამ რაც უფრო გამოდის ალკოჰოლის ზემოქმედებიდან მით უფრო გივსებს იმ მარტოობას რომელიც თურმე მის გამოჩენამდე სუფევდა შენს ცხოვრებაში. მოკლეთ ეს არის კურიოზი რომელიც ნელ-ნელა თავბრუდამხვევ რომანტიკაში იზრდება. ესეც ერთგვარი საახალწლო სასწაულია.



ახალი წელი სასწაულებს უკავშირდება. ყოველ წელს მილიონობით ევროპელი ბუხრის თავზე ჭრელ წინდებს კიდებს იმ იმედით რომ შუაღამისას გაბერილი, საყვარელი სანტა ჩამოძვრება საკვამურიდან და წინდებში საჩუქრებს ჩადებს. არა უდაოდ ლამაზი ტრადიციაა.
....

საახალწლო საჩუქრები, ეს სულ სხვა თემაა. ერთმა ჩვენმა ამერიკელმა მეგობარმა მითხრა, სანტა კლაუსის არსებობის მანამდე მჯეროდა სანამ 8 წლის ასაკში მის მიერ გამოგზავნილ საჩუქარზე არ აღმოვაჩინე წარწერა Made in China ო. აი მაშინ მიხვდა რომ ლაპლანდიაში საჩუქრებს მისთვის უცნაურყურება პატარა არსებები კი არ ამზადებდნენ არამედ ეს მშობლების მიერ გაკეთებული სიურპრიზი იყო.
......

რა მნიშშვნელობა აქვს გჯერა თუ არა თოვლის ბაბუის, ახალი წელი იმდენად ყოვლისმომცველი და მრავალფეროვანი მოვლენაა, რომ ერთი თუნდაც პატარა სასწაული პერსონალურად შენთვის აუცილებლად მოხდება, უბრალოდ ამისი უნდა გვჯეროდეს . . .
...

Friday, December 11, 2009


Ggulidan wamierad gadmoRvrili...


Cven erTad erT gzas vadgavarT

Uukve 14 weli...

roca Cems gverdiT ar zixar

vgrZnob rom TvalebiT geli..

roca cudaT xar yovelTvis

mec momereva cremli,

erTad yofnaSi gadian

saukeTeso wlebi…

erTad SevxvdebiT yovelTvis

rasac gvimzadebs bedi

Cven megobrebi ara varT

|Cven varT namdvili debi..…


p.s es leqsi CemTvis Zalian Zvirfasia radgan zustad 3 wlis win sofom es CemTvis dawera isic ki maxsovs literaturis istoriis rveulze bolo gverdze damiwera Cumad da mere wamakiTxa..maxsovs cremlebi Zlivs Sevikave, mas mere es erTi SexedviT TiTqos ubralo leqsi CemTvis yvela klasikosis poeziaze ufro Zvirfasia...

უილიამ შექსპირი, 18-ე სონეტი


ნება მიბოძე შეგადარო ზაფხულის დილას,
თუმც ფერთა გამა შენში უფრო მრავალფეროვნობს;
ვაი რომ ქარი მიწამდე ხრის კვირტს მაისისას
და გაზაფხულიც მალე მიაქვს თან მუხანათ დროს.

ზოგჯერ ცხრათვალა მზე ზეცაზე კაშკაშებს ეგზომ
და თვალს კი უჭირს მისი ოქროს სხეულის ჭვრეტა;
აჰა ყოველი სილამაზეც მოცელა ამ დრომ,
ბუნების ძალით ან წყალობით შემთხვევით დღეთა.


მაგრამ შენს ზაფხულს მსგავსი ბედი არ ემუქრება,
არც შენს მშვენებას უდგას საფრთხე გაფერმკრთალების,
ირგვლივ სიკვდილის კლანჭებიც კი ვერ მოგეხვევა,
მათგან დაგიცავს დიდი ძალა ამ სტრიქონების.


სანამ ამ ქვეყნად ბოლო გულიც არ შეწყვეტს ძგერას;
მანამ ეს ლექსი არ მოიშლის შენზედვე მღერას.

თარგმანი: სოფო დათიშვილის
შექსპირის 18-ე სონეტი ყველაზე მეტად მიყვარს. მიხარია რომ ასე თუ ისე, შევძელი მისი თარგმნა :)


ანკეტა სოფოს და სალოს უკეთ გაცნობისათვის :)


გვიყვარს – როცა ვუყვარვართ

ვოცნებობთ – თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე, უფრო სწორედ პრინცებზე, ერთის გულისთვის ჩხუბი არ გვეკადრება.

ვფიქრობთ – ხან ერთი - ხან მეორე, არასდროს ერთდროულად.

კმაყოფილი ვართ – რომ მათემატიკის მასწავლებლის წინასწარმეტყველება: ”იცინიც ის ვინც ბოლოს იცინის” ჩვენ შემთხვევაში არ გამართლდა.

გვძულს - სოფოს შაკიკი

ვნანობთ – რომ არ გვაცვია კორსეტიანი კაბები. :)

გვენატრება – სკოლის წინ რომ შოკოლადმოსხმული ბულკები იყიდებოდა.

გვსურს – გაგვიზარდონ პენსიები. 85 ლარი ორივეს არ გვყოფნის.

გვაღიზიანებს – ”ჟამი ყვავილობისა”

ვგრძნობთ – რომ ყველაფერი კარგად იქნება.

გვეშინია – სოფოს- დახურული სივრცის; სალოს-დახურული ადამიანების :))))

ვიცით – ფერდინანდ დე სოსიურის სალექციო კურსი.

არ ვიცით – პითაგორას თეორემა. (ეს იმის ბრალია რომ ზემოთხსენებული წინასწარ მეტყველება არ გამართლდა)

შეგვიძლია – ვიცინოთ დიდხანს და დაუსრულებლად, ყოველგვარი ბალახეული ჩარევის გარეშე. :)

არ შეგვიძლია – ცურვა

ვმეგობრობთ – ტოლებთან და სწორებთან :))))

ვაპატიებთ – ყველაფერს, მხოლოდ სალოს! :)))))))))

ვტირით – Notebook- ის ფინალზე

ვიცინით – ნონ-სტოპ რეჟიმში

ვეძებთ – იმას რაც ჯერ არ გვიპოვია.


ღირსები ვართ – აპლოდისმენტების.

ვკარგავთ – გადაქსეროქსებულ კონსპექტებს.

გვშურს – არ გვახსენდება მსგავსი შემთხვევა (დეეედა რა კარგი გოგოები ვართ)

ვემალებით – ბექას და გიორგის !!!

ვემტერებით – იმ მამაკაცებს ვისი აზრითაც ქალის ადგილი ”კუხნაშია”

გვაინტერესებს – რა ფერია სიყვარული

არ გვაინტერესებს – ქიმია და მათემატიკა.

გვახსოვს - შეგრძნება როცა გავიგეთ რომ ერთ კურსზე მოვხვდით

გვრცხვენია – რომ ცურვა არ ვიცით

უარვყოფთ – რომ ვართ შოკოლადებზე გაზრდილები (კიდევ ერთი ფრთიანი გამონათქვამი მათემატიკის მასწავლებლის)

ვავადმყოფობთ – იშვიათად მაგრამ ხარისხიანად

ვმალავთ – დღიურებს

ვინახავთ – საიდუმლოს შეღავათიან ფასებში თან ხანგრძლივი დროით.

გვწამს – რომ 85 წლის ასაკშიც კი საუკეთესო მეგობრები ვიქნებით.

გვიკვირს – როცა ვერ იგებენ ელემენტარულ ჭეშმარიტებას და მაინც თავისას ერეკებიან.

გვიხარია – რომ ერთმანეთი გვყავს.

ვჭორაობთ – ყოველთვის აზრიანად.

ვდარდობთ – რომ ბავშვობა არასდროს დაბრუნდება

ვამაყობთ – იმით რომ მწვანე თვალები გვაქვს.

ვაკეთებთ – ყოველთვის იმას რაც გვსიამოვნებს და გვინდა.

ვეფერებით – მას ვინც გულით გვიყვარს.

გვსიამოვნებს – როცა კომპლიმენტს გვეუბნებიან

გვესიზმრება – მხოლოდ ფერადი სიზმრები.

ვეწევით - არც თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს (სხვადასხვაგვარად)

გვწყინს – უყურადღებობა

ვხარჯავთ – ბოლო კაპიკამდე

ვღალატობთ – არავის და არასდროს.

ვკამათობთ – სალომეს ცუდი მეხსიერების საფუძველზე წამოჭრილი საკითხების გამო. აი ახლაც მეკამათება მე მაქვს ცუდი მეხსიერებაო??? :)))

ვუხეშობთ – მექალთანე მამაკაცებთან

ვუსმენთ – მუსიკას განწყობის მიხედვით (ამინდის მიხედვითაც)

ვყოყმანობთ – ერთად როცა ვართ არაფერზე და ცალ-ცალკე ყოყმანისას - ”ზარი ახლობელთან”

ვკითხულობთ – დასავლეთ ევროპულ ლიტერატურას

ვამზადებთ – თარგმანებს რომელსაც ალბათ ოდესმე ერთ წიგნად გამოვცემთ.

ვუყურებთ – რომანტიულ ფილმებს.

ვკლავთ – მხოლოდ დროს და ისიც როცა უსაქმოდ ვართ.

ვაფუჭებთ – სკოლაში მერხებზე ვჩხაპნიდით, გ ვ რ ც ხ ვ ე ნ ი ა! :)

ვცხოვრობთ – ვერ მიაგნებთ.

ვცემთ –არავის, უბრალოდ ჯიბიდან ვისვრით. :)))))

ვყვირით – ჯერ ერთად არ გვიყვირია.

ვმღერით – მხოლოდ აბაზანაში

ვასრულებთ – ყველაფერს რასაც ვპირდებით

დავდივართ – 11 ნომრით :))))))

ვმკურნალობთ – ნერვებს

ვერიდებით – მაწანწალა ძაღლებს და ბიჭებს. :))))

ვთამაშობთ – ჯოკერს და სოფო მაგიდის ქვეშ ძვრება ხოლმე.

ვიტყუებით – პირველ აპრილს

ვეთაყვანებით – შექსპირს

ვგიჟდებით – მანანა გელაშვილის ლექციებზე

ვაგროვებთ – მოგონებებს, რა ვიცით რაში დაგვჭირდება :))))

ვიხდით – მხოლოდ ჩვენით :))))))

ვეჭვიანობთ – არასოდესსს!!!!

ვკაიფობთ – მაია ასათიანზე

ვიზიდავთ – ბლოგის მკითხველებს, (შემოდით წაიკითხეთ, დააკომენტარეთ)

ვილამაზებთ – ცხოვრებას.

უბრალოდ საუკეთესო მეგობრების ფოტო ალბომი.


’ეს იყო პეტერბურგში’-ო სალომ, და რავიცი, მე არ მახსოვს თუ მანდაც ვიყავით. :)))



აქ მეორე თუ მესამე კურსზე ვართ. ერთ ადამიანს რომ ვაჩვენე ეს სურათი ასე მითხრა კეკელა და მარო ხართო და იმის მერე შერჩა ამ ფოტოს ეს სახელწოდება. :))))))))









სოფო, სალო და ხე. (ხე შუაშია) :)



ერთადერთი ექსკურსია რომელსაც ჩვენმა ჯგუფმა თავი მოაბა. სიღნაღში ვართ, სალოს თვალებში მზე აჭყეტავდა და დაგვცოფა სუყველა, მე ჩემ სათვალეს არ ვაძლევდი, მაინც არ მოუხდებოდა :)))))))))))))






ვაიმე დედა აქ რას ვგავართ!!!!! :)))))))







ქარწაღებულნიიიიი........ (მართლა მაგარი ქარი იყო)






ძველი ბიჭებივით ვზივართ. იმენა გიუშა და გოგლიკო ვართ. ოღონდ რომელი რომელია არ ვიცი.... :)))
to be cont........ :))))

სემუელ კოლრიჯი: თვითმკვლელის არგუმენტი


თვითმკვლელის არგუმენტი:

მსურდა თუ არა, მე ამ ქვეყნად მაინც მოვედი,
არვის უკითხავს ჩემთვის აზრი და არგუმენტი;
თუკი ცხოვრება იყო კითხვა, შანსი მიწვდილი,
”კი”-ს თქმა სიცოცხლე - ხოლო ”არა” ალბათ სიკვდილი?


ბუნების პასუხი:

განა რაც მოგეც ხელუხლებლად გაქვს შენახული?
რა ხარ? რა იყავ? შეადარე, საჯე წარსული.
მე შთაგიბერე წმინდა სული, მოგეც იმედი,
გიბოძე ჯანი და გონების თვალი შორს მხედი.
შენ რას მიბრუნებ?... აპათეას, უიმედობას,
საჯე ყოველი, შეადარე, მიეც მსჯელობას....
და ამის მერე, როგორ ბედავ შენ თვითმკვლელობას?


P.S სოფო დათიშვილის უკვდავი ქმნილებაა ჩემი საყვარელი ლექსი:))) ეს დროც მიყვარს და ეს ფიქრებიც რა ჭკვიანები და ბედნიერები ვიყავით მაშინ თავი ალბათ გენიოსები გვეგონა მაგრამ გენიოსებიც ხომ თავიდან ზუსტად ასე მარტივად იწყებდნენ ყველაფერს...:))))))

ჰენრი ლონგფელოუ: ზღვა ხან მშვიდია, ხანაც ბორგვით აწყდება ნაპირს



ზღვა ხან მშვიდია, ხანაც ბორგვით აწყდება ნაპირს,
თოლია მღერის, მწუხრის ჩრდილით იმოსავს ცა პირს;
გარუჯულ ქვიშას მიუყვება მგზავრი ეული,
ქალაქისაკენ მიიჩქარის ფიქრმორეული.
ზღვა კი მშვიდია, თუმც ხან ბორგვით აწყდება ნაპირს.

თუმც ღამის ბინდი სახურავებს გადაჰფენია,
ზღვა მაინც მღერის, ბნელში მეტი რა დარჩენია;
ტალღები ნაზი და სათუთი თეთრი ხელებით
ნაკვალევს შლიან ცხელ ქვიშაში გულდაჯერებით.
ზღვა ხან მრისხანებს - ხან მშვიდია როგორც ფერია.

თენდება. რაშებს ჩასდგომიათ თვალებში რიხი
და მეჯინიბის ხმაზე უმალ იწყებენ ჭიხვინს.
განთიადისას ღამის შემდეგ დღე კვლავ ბრუნდება,
მგზავრი კი ნაპირს აღარასდროს დაუბრუნდება.
ზღვა კი მშვიდია, ხანაც ბორგვით აწყდება ნაპირს.
P.S ეს ლექსი თარგმნა თვით სალომე ღვინიაშვილმა 2005-2009 წლის ინგლისური ფილოლოგიის (ანუ ანგლისტების) დიადმა მთარგმნელმა. :)))) ეხლა კი წუწუნებს ეგრე არ დაწეროო მაგრამ რა ვქნა მე ამ გოგოს ასეთ დიდ ღვაწლს ვერ დავუკარგავ. ხუმრობა იქით იყოს და ეს მართლა კარგი თარგმანია. იმედია მეხუთე კორპუსელების შემდეგ თაობებს გამოადგებათ ლიტერატურული თარგმანის კურსის გავლისას.

დავიწყეეეთ


ვისაც გიყვართ მეგობრებთან ერთად გართობა, ასევე ლიტერატურა და თქვენი ჰობი (ისევე როგორც ჩვენი) არის თარგმნა და წერა, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის საინტერესო იქნება. სოფო და სალო გპირდებათ არ მოიწყენთ. :*