Saturday, February 20, 2010

სინათლე ჩემს ფანჯრებში....

   

    წლებს თითქმის არაფერი შეუცვლია..გარდა იმის რომ ცოტა გავიზარდეთ.სხვა ყველაფერი უცვლელად დარჩა, მისი დიდი და მუდამ მოსიყვარულე თვალები,ყველაზე სუფთა და ნათელი ღიმილი, სითბო რომელიც წლების განმავლობაში მუდამ თან დამდევს და არასოდეს მაძლევს მარტო დარჩენის საშუალებას.ის ყოველთვის ჩემთან არის ,არ აქვს მნიშვნელობა ვხედავ თუ არა მარტო მაინც არასოდეს დავუტოვებივარ. არ მახსოვს ოდესმე რამეზე თუნდაც გვეკამათოს,ყოველთვის ყველაფერზე საერთო აზრი გვაქვს.მას ყოველთვის უსიტყვოდ ესმის ჩემი,არასოდეს სჭირდება ახსნა-განმარტება იმის თუ რა, როდის და რატომ გავაკეთე.მისთვის ჩემს ყველაზე სულელურ საქციელსაც კი აქვს გამართლება. 

     მიყვარს იმიტომ რომ ამქვეყნად ყველაზე კარგია, მიყვარს იმიტომ რომ მას ყოველთვის სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს ჩემთვის, მიყვარს იმიტომ რომ ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან და მუდამ გაფრთხილება სჭირდება. ხანდახან როცა ყველაზე ცუდათ ვარ თვალებს ვხუჭავ და პირველი ვინც მახსენდება სწორედ ისაა, ნუგეშს ყოველთვის მასთან ვეძებ რადგან ერთადერთია ვის  უბრალოდ ნათქვამ ერთ სიტყვასაც კი ჩემთვის სასწაულის მოხდენა შუძლია. სულ ერთ სიტყვა და ვგრძნობ როგორ  ბრუნდება სინათლე სულში.

    ის ყველგანაა,უკვე 13 წელია ჩემი ყველა ფიქრის მონაწილეა ასე მგონია ყოველ წამს ერთად ვფიქრობთ. გონებას ისე ცოცხლად აქვს შენახული წლების განმავლობაში მისი ქცევის,ლაპარაკის ყოველი ფრაგმენტი რომ ვხვდები დრო ვერასოდეს ვერაფერს წაშლის. ვიცი სიტყვები ზედმეტია როცა ადამიანი შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის ყოველთვის ჩემთან

იყო,სკოლაშიც,უნივერსიტეტშიც,მაშინაც როცა ყველაზე მეტად მიხაროდა და მაშინაც როცა ყველაზე მეტად მტკიოდა.გვერდიდან არასოდეს მომცილებია..ასეთია სოფო..ჩემი ერთადერთი ყველაზე საყვარელი დაიკო..ვიცი ამ სიტყვებით ახალს ვერაფერს ვიტყვი რაც უსიტყვოდ ისეც ნათქვამია მაგრამ ხანდახან რამდენიმე დღე ისე გადის რომ ვერ ვურეკავ და  მერე როცა თავისი მუდამ მშვიდი და მოსიყვარულე ხმით მსაყვედურობს „სად დაიკარგე გოგო,“ გულში რაღაც უცნაურ ტკივილს ვგრძნობ ხოლმე ისეთი გრძნობა მაქვს რომ სულ ცოტა ხნით მაგრამ მაინც მარტო დავტოვე და ზუსტად იმ დროს იქნებ ვჭირდებოდი. ვიცი რომ სადაც არ უნდა ვიყო როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა გავაკეთო სოფოს მაინც ყოველთვის ვეყვარები ისეთი როგორიც ვარ ამიტომ ერთადერთია, ვისიც ბოლომდე მჯერა და ბრმად ვენდობი.

     სოფო ჩემთვის ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია. ვიცი მისთვის ეს სიტყვები ახალი არ იქნება მაგრამ მინდა ჩემს დაიკოს დაბადების დღე მივულოცო დღეს ის 22 წლის გახდა და მე კი მაინც გუშინდელ დღესავით მახსოვს მისი ყოველი დაბადების დღე როცა ეზოში დავრბოდით და დამალობანას ვთამაშობდით, როცა ერთნაირი კაბებით ვიწონებდით თავს, როცა ჩვენი ბავშვობის არცერთ დღეს უერთმანეთოდ არ გაუვლია, როცა გვიყვარდა,როცა გვწყინდა,როცა ვიპრანჭებოდით და ყველაფერი გვიხაროდა, როცა ყველაფერი კარგის გვჯეროდა და ერთში არასოდეს შევმცდარვართ რომ ერთმანეთს არასოდეს დავკარგავდით, რომ თუ იქ ზევით რამე არსებობს ჩვენი მეგობრობა იქაც გაგრძელდებოდა..მოკლედ ალბათ ძალიან გამიგრძელდა საუბარი მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო სიტყვები მაინც ვერ ამოწურავს გულში გაჩენილ გრძნობას. 

ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია...დრო გავიდა..ერთმანეთს ყოველდღე ვეღარ ვხედავთ მაგრამ გულში არაფერი შეცვლილა...სანამ  ერთ მიწაზე დავაბიჯებთ..ერთი ჰაერით ვსუნთქავთ ის ყოველთვის ჩემთანაა .....და სანამ ის მყავს  დარაბებს მიღმა მუდამ გაზაფხულია...

Sunday, February 14, 2010

საოცრად სასარგებლო რჩევები :)


ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიყვარული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ეიფორია და დეპრესია, მღელვარება და პასიურობა, დაბნეულობა და მთების გადაგორების სურვილი ახასიათებს. ავადმყოფობაა თუ არა, ფაქტია - სიყვარულს მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. შეყვარებულისთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს ყოვლისმომცველი გრძნობა ყოველთვის დადებით ემოციებს როდი აღძრავს, მეტადრე მაშინ, როდესაც ჩვენ გვიყვარს, მას კი არა, ან ჩვენ კვლავ გვიყვარს, მას კი უკვე აღარ. ასეთ დროს ყველაზე მგზნებარე ადამიანიც კი მდგომარეობიდან გამოდის და სრულიად პარალიზდება.



როგორ მოვიქცეთ?



რჩევა პირველი

2-3 დღე იდარდეთ და ცრემლები ღვარეთ, მერე კი მთელი ნეგატიური ენერგია სამსახურისკენ მიმართეთ. ეს ფროიდისეული სუბლიმაციის მეთოდია, როცა სექსუალური ენერგიის სხვა მიზნებისკენ მიმართვა ადამიანს წარუმატებლობისგან თავის დაღწევაში ეხმარება.



მომხდარი ლოგიკურად გააცნობიერეთ, მშვიდად და ობიექტურად შეაფასეთ მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. სიყვარული ერთგვარი ნებაყოფლობითი მონობაა - კარგავთ უამრავ დროს, ნერვებს, ძალას, ფულს, მეგობრებს, სამსახურს, სანაცვლოდ კი არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებებს იღებთ. უხმეთ ღირსებას - განა ამას იმსახურებთ?!



თავიდან მოიცილეთ შავბნელი ფიქრები, დაიწყეთ იმის კეთება, რასაც მგზნებარე რომანის გამო კარგა ხანია ვერ მოაბით თავი. ისეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც არც დაგღლით და არც გაგაღიზიანებთ. წარმატების შემთხვევაში მიხვდებით, რომ სამყარო არც ისე ცუდია. უიღბლო სიყვარულ უწინდელივით მძიმე და დამთრგუნველი აღარ მოგეჩვენებათ.



რჩევა მეორე



პასტერის მეთოდი



ლუი პასტერს დაავადებათა საწინააღმდეგოდ ორგანიზმში ინფექციის დასუსტებული გამომწვევები შეჰყავდა, რომელთა მიმართაც ორგანიზმი იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებდა. თუ სიყვარული სრულფასოვანი შრომის საშუალებას არ გაძლევთ, მიეცით გრძნობას გასაქანი, იპოვეთ სხვა ობიექტი და დაუოკებელი ვნება მისკენ მიმართეთ. ასე დამცავი ვაქცინის დოზასაც მიიღებთ და აღარც წარსულ გრძნობაზე ფიქრი გაგაწამებთ. ოღონდ ზომიერება არ დაკარგოთ, თორემ შესაძლოა, ახალი ურთიერთობა ახალი ტანჯვის წყაროდ გექცეთ.




რჩევა მესამე


დერომანტიზაცია



უიღბლო სიყვარულს განსაკუთრებული სიმწვავით ძლიერ რომანტიკული ადამიანები განიცდიან. ისინი სხვებზე მეტად ახდენენ სიყვარულის იდეალიზებას და ყოველგვარი დაბრკოლება უდიდეს ტანჯვას აყენებთ. თუ თქვენც ასეთი ბრძანდებთ, სასწრაფოდ შეიცვალეთ სამყაროს შესახებ რომანტიკული წარმოდგენა და უპასუხო სიყვარულსაც სხვა თვალით დაინახავთ.



რჩევა მეოთხე


გონს მოდით



ნუ დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც გარწმუნებენ, რომ სიყვარული უკვდავია, რომ გულს ვერ უბრძანებ, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება წრფელად გიყვარდეს. ასეთი ფრაზები ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების შეგონებებს წააგავს, რომელთაც მავნე ჩვევასთან გამოთხოვება არ სურთ. დადექით გრძნობაზე მაღლა, სძლიეთ ემოციებს და სულ მალე იამაყებთ საკუთარი თავით, რაც უპასუხო სიყვარულის ეფემერულ ხიბლზე გაცილებით მეტი სიამოვნების მომგვრელია.



რჩევა მეხუთე


მორჩით სიყვარულს!



შეწყვეტილი სიყვარული ჩვენი ცნობიერების ნაკადში `იჭედება~ და აზრთა ნორმალურ დინებას უშლის ხელს. ადამიანი გამუდმებით მასზე ფიქრობს, ფიქრებში სატრფოს ესაუბრება, ეჩხუბება, პატიობს... სწორედ ეს გვიშლის ხელს მუშაობაში, სწავლასა და ძილში. გამოსავალი სიყვარულის დამთავრებაა. აირჩიეთ მეგობარი, დაუჯექით პირისპირ, მოუყევით ყველაფერს, გაცნობიდან განშორებამდე, არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ გრძნობებსა და ემოციებზე, ეცადეთ, ყოველივეს ოფიციალური მოხსენების სახე მისცეთ. `მოხსენების~ მეორე ნაწილი იმ გრძნობებს დაუთმეთ, რომლებიც ამ ურთიერთობისას განიცადეთ. მესამე ნაწილში გააანალიზეთ, რას განიცდით ამ წუთას და წერტილი დასვით. ნაკლები იფიქრეთ წარსულზე ჭამეთ ბევრი შოკოლადი. გჯეროდეთ, რომ მალე გავა ზამთარი და დადგება გაზაფხული ისევ აყვავდება ნუში, კვლავ შეგეყრებათ სიყვარულის სენი, მაგრამ ის ვეღარაფერს დაგიშავებთ - წარსული გრძნობის იმუნიტეტი დაგიცავთ.:)