Monday, June 20, 2011

სინდრომი: განადგურება!

მოგონებების განადგურების მანია მჭირს. ყველაფერი რაზეც ან ვიზეც ვბრაზდები ვშლი, ვხევ და ვაგდებ. ასე მაქვს წაშლილი მეილების მთელი დასტა ინბოქსში, იმიტომ რომ ჩემ უცხოელ ლექტორზე გავბრაზდი (მერე მთელი ერთი თვე ვცდილობდი იმ ინფორმაციის ხელახლა მოძიებას რომელიც ვირტუალურ ნაგავს გავაყოლე). იგივე პრინციპით მყავს დაბლოკილი სოციალურ ქსელებში ადამიანები, რომლებსაც მერე კი ვპატიობ წვრილმანებზე გაბრაზებას მაგრამ მაინც არ ვაბრუნებ. ყველაზე მეტად ამ ბოლო დროს გული იმაზე მწყდება რომ ფოტო არქივი გავანადგურე, მხოლოდ იმიტომ რომ უსიამოვნოდ დავშორდი ყოფილ შეყვარებულს. არცერთი უნივერსიტეტის დროინდელი კონსკპექტი აღარ მაქვს შემონახული, რომელთანაც მომაბეზრებელი დამღლელი და უსიამოვნო მოგონებები მაკავშირებდა. მოკლეთ ყველაფერი ახლანდელი ჩემთვის პოტენციური trash bin–ია.

არადა დრო რომ გადის მერე ვხვდები რომ არქივი მჭირდება. ემოციები როცა იკლებს მერე კარგი 'მუღამი' აქვს ხოლმე. ეს შეიძლება სისუსტეც იყოს, არ მინდა თვალი გავუსწორო უსიამვნო მოვლენას ან მოგონებას და იგნორირების მამა–პაპურ ხერხს მივმართავ ან ვაქრობ. შეიძლება ჩემი ეგოისტობის ბრალიცაა. 'ობიექტი' არაფრად მიღირს და საკმარისია ჩემს თვალში რამე შეიცვალოს, აშინვე ვანადგურებ. საუკეთესო შემთხვევაში შინაგანი ძლიერების ნიშანია: ვანადგურებ რადგან მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყო.

'აქედან ვერ წაშლიო' – შერეკილები გამახსენდა. ხოდა საქმეც იმაშია რომ იქედან ვერასდროს ვერაფერს ვშლი და ეს ფაქტების განადგურების მომენტშიც კარგად ვიცი. აი მის წაშლას არც ვცდილობ, უბრალოდ სახელს ვუცვლი და 'მოგონების' მაგივრად 'გამოცდილებას' ვარქმევ.

ამასწინათ ერთმა ახალმა ნაცნობმა მიკთხა, რა გინდა ცხოვრებაში ყველაზე მეტადო. მინდა ძლიერი ვიყო მეთქი. ალბათ მექანიკურად ნათქვამი და მანამდე სხვისგან გაგონილი ფრაზა ეგონა, რადგან გარეგნულად ნაკლებად მეტყობა რომ ამ თავში მსგავსი სურვილები ტრიალებს.

ზუსტად ვიცი რომ შუბლით აგურს ვერასდროს ჩავტეხავ. ვერც ნაკვერჩხალზე გავივლი ოდესმე ფეხშიშველი, მაგრამ სამაგიეროდ ხომ შემიძლია ყველა წარუმატებლობა და არასასიამოვნო გამოცდილება გაკვეთილად მივიღო, გავანადგურო ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებდა და სენტიმენტების გარეშე ვცადო კიდევ ერთხელ, თავიდან. ცხოვრებაში ხომ თითქმის ყველაფერი მეორდება....