Monday, March 3, 2014

...

ბიჭი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. მაღალი, გამხდარი, არაქართული იერით, სიმპათიური.რაღაც გულწრფელობასა და დაბნეულობას შორის... შეიძლება ორივეც...



ვისხედით კაფეში რომელიც არცერთს არ გვიყვარს და ახლა, როცა გვერდით ჩავუვლით, ორივეს გვეცინება ამაზე (მგონი აღარც შევსულვართ იმის მერე). 
რამდენიმე გულწრფელი ისტორია გავცვალეთ და მერე გზა რუსთაველზე, რომელიც ალბათ ყველა თაობის წყვილს გაუვლია და მაინც არასდროს არაა ბანალური.  მთელი დღე ერთად და ჩემდა გასაკვირად 3 საათის მერეც კი არ მბეზრდებოდა შენთან საუბარი. ლიმიტს გადავაჭარბე და გამეღიმა. 


2 კვირის მერე ჯერ არ მიყვარდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ შემიყვარდებოდი. ვერ ავცდებოდი და არც მეშინოდა. ყველაზე გულწრფელი, ყველაზე სამართლიანი, მტკიცე ხასიათის და ენერგიული – ვუყვები ერთ დაქალას, მერე მეორეს, მესამეს და ცხელ ზაფხულთან ერთად იკრეფს ძალას რაღაც ძლიერი და ძალიან თბილი ჩემში. ჯერ ივნისის შუა რიცხვებია.

ერთმანეთს ნელ–ნელა ვულაგებთ აწეწილ და ჩახლართულ თავგადასავლებს.  საოცარი სისწრაფით დავკეცეთ, მტვერი გადავწმინდეთ და შესაბამისი თაროები მივუჩინეთ ისტორიებს, ფაქტებს, მოვლენებსა და ადმიანებს ერთმანეთის ცხოვრებაში.

შუა ზაფხული და პირველი "მიყვარხარ".  მას მერე კი სულ ვუმეორებთ ერთმანეთს.  უფრო მეტიც, "მე უფრო თუ შენ უფრო" – პატარა ბავშვებივით დაუსრულებლად ვკამათობთ ამაზე და მაინც ვერ ვიგებთ რომელს უფრო მეტად.

მერე იყო შემოდგომა. შენი მოგზაურობები, ჩემი მოლოდინი – თბილი შეხვედრები და შენი თავგადასავლების მოსმენა ზამთრის პირას.

მერე ყველაზე ცივი 3 თვე. შენ თბილ ჟაკეტში ჩალაგებული ჩემი ცივი ხელები და შეგრძნება რომ წელს ყველაზე კარგი ზამთარი დადგა.

მერე მარტი, რიცხვი – 1. ჩემი სახლის წინ მოლოდინი როდის გადაცდებოდა საათი ღამის 12ს, რომ ჩვენი პირველი გაზაფხული დაწყებულიყო. მიყვარს ასეთი წვრილმანების აღნიშვა და შენ ყოველთვის მოთმინებით მიბამ მხარს.

დღემდე ვერ ვხვდები როგორ გრძნობ ასე ზუსტად როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ან როგორ ახერხებ ასე გულწრფელი და სამართლიანი იყო; როგორ გავიდა 1 წელი ასე სწრაფად და თბილად. 

...და ბიჭი რომელიც ქუჩის მეორე მხარეს იდგა, იმდენად სუფთა და ანკარა იყო, რომ მასში საკუთარი ანარეკლი დავინახე.

for Saba, at our  first anniversary