Tuesday, August 14, 2012

ისევ აფრინდა პეპელა

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. მგონი უკვე აღარც შემიძლია წერა ისეთ თემებზე სადაც 5W და 1H–ის დაცვა არ მომეთხოვება. და მაინც, უსაქმურობამ, სიცხემ თუ მოწყენილობამ, გადამაწყვეტინა რამის დაწერა მეცადა. (*აქვე ავღიშნავ, რომ ამ აბზაცის ბოლოს ავტორი ჯერ კიდევ გარტყმაში არაა რის დაწერას აპირებს მომდევნო პარაგრაფებში).
30 წუთის წინ ჩემს მეგობარს სოციალური ქსელის საშუალებით ვეუბნებოდი, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ წერენ როცა რაღაც აწუხებთ და წერის სურვილი ნიჭიერი ადამიანის საპასუხო რეაქციაა გარეშე გამაღიზიანებელზ.  ყოველთვის მჯერა საკუთარი სიტყვების, თუმცა ამ შემთხვევაში, რომ გითხრათ რაღაცით შევწუხდი და იმიტომ ვწერთქო, ალბათ მოგატყუებთ. დავაბრალოთ აუტანელ სიცხეს, რომელიც მგონი სადღაც აბუ დაბიდან გადმობაგდა თბილისში.
წერასთან დაკავშირებით კი, მე საკუთარი გეგმები მაქვს. მის გარეშე ფაქტობრივად არ შემიძლია. წერა ჩემი პროფესიაა, ოღონდ ძალიან პრაგმატულ თემებზე, შეიძლება ითქვას პრობლემებზე, წერა. ვთვლი რომ ასაკის მატებასთან ერთად თემატიკაც შეიცვლება.
ცოტათი მშურს იმ თაობის, რომელიც ფურცელზე კალმით წერდა საკუთარ სათქმელს. ხელი მელნით ესვრებოდა და ყოველი გადაშლილი სიტყვა თუ ფრაზა, იქვე რჩებოდა ფურცელზე. პრინციპში არაფერი მიშლის ხელს მეც ასე ვწერო. სადღაც, სახლის რომელიღაც კუნჭულში კი მაქვს ერთი წიგნაკი გადანახული. არც მთლად დღიური, თავისთავად არც მთლად მემუარი. უბრალოდ მოგონებების ზარდახშა, სადაც ყველაფერი ძველმოდურადაა ჩანიშნული. ლურჯი მელნით, თეთრ ფურცელზე. ხო... მოგონებებს რომ ვაგროვებ, ეგ ამბავი სხვა დროისთვის იყოს ;).
ძალიან რომ დავბერდები, აი ისე, ხშირად გამოყენებული მიმიკები ნაოჭებად რომ აღმებეჭდება სახეზე, მინდა ერთი  მნიშვნელოვანი და აქამდე საიდუმლოდ შენახული ჩანაფიქრი განვახორციელო. მე მინდა საბავშვო მწერალი გავხდე. რა სჯობს, იმას როცა შენი აუდიტორია მიკი მაუსის პიჟამოებში გამოწყობილი სასცილო ადამიანებისგან შედგება. (თანაც ყოველთვის ვთლი რომ ბავშვები ჩვენზე ჭკვიანები არიან, უბრალოდ ამას მალავენ,  რადგან, როგორც კი ჭკუით ხმამაღლა ტრაბახს დაიწყებენ – იზრდებიან და მერე თქვენც იცით....).
და მაინც, არ ვიცი რამ მიბიძგა იმისკენ რომ დღეს რაღაც დამეწერა, თუმცა ის ფაქტი რომ რამდენიმე აქამდე უაზროდ გაფანტულ აზრს მოვუყარე თავი, უკვე კარგის ნიშანია. ფიქრები და იდეები კი იმდენია ჩემს თავში რომ უფასო დონაციასაც გავწევდი ამის ტექნიკური საშუალებები რომ არსებობდეს. რადგან ჯერ ვერც მე გადმოგიბლუთუსებთ და ვერც თქვენ დამიკოპირებთ იდეებს, ისევ ძველი მეთოდით, წერის საშუალებით გავუზიაროთ ერთმანეთს. მაშინ  როცა რაღაც შეგვაწუხებს, მაგალითად არაბული სიცხეები, ასე ვთქვათ, ევროპულ ქალაქში .

Sunday, April 15, 2012

Great Expectations

მოვლენები ამგვარად ან ხდება – ან არა. დღეებს თავისი ფერი აქვთ და მათ მაშინ გრძნობ როცა ბავშვი ხარ. მახსოვს მარილიანი წყლის შეგრძნება  მზისგან დამწვარ ფეხებზე. წყალი კი ზოგჯერ ყვითელია, ზოგჯერ – წითელი. ფერიც ხომ მოგონებაა... 

მე არ გიამბობთ ამ ამბავს ისე როგორც მოხდა, არამედ გიამბობდ ისე, როგორც დამამახსოვრდა ის....

იმ ღამეს ყველა ჩემი ოცნება ახდა. როგორც ყველა ბედნიერი დასასრული, ესეც ტრაგედია იყო ჩემსავით ბედის ანაბარა მიტოვებული კაცისთვის. წარმატებისთვის რომ მიმეღწია ამისთვის ყველაფრისგან გავთავისუფლდი... ჯოსგან, წარსულისგან, ზღვის სანაპიროსგან, სიღარიბისგან. მე საკუთარი თავი შევქმენი. სისასტიკით სავსე გზაზე ვიარე მაგრამ ეს მაინც მოვახერხე. ახლა უკვე თავისუფალი ვარ. მე ეს შევძელი! მე ეს გამომივიდა! არნახულ წარმატებას მივაღწიე! მე მათ ვუჩვენე!!!! ყველა ჩემი ნახატი ვუჩვენე!!! შენ ჩემი აღარ შეგრცხვება! მე მდიდარი ვარ და ეს ხომ ისაა რაც გინდოდა? ხომ არაჩვეულებრივია? ეხლა ბედნიერები ვართ! 

რატომ არ გესმის, რასაც ვაკეთებ ყველაფერი შენთვისაა! ყველაფერი განსაკუთრებული  რაც ჩემშია, სულ შენ ხარ!

Monday, June 20, 2011

სინდრომი: განადგურება!

მოგონებების განადგურების მანია მჭირს. ყველაფერი რაზეც ან ვიზეც ვბრაზდები ვშლი, ვხევ და ვაგდებ. ასე მაქვს წაშლილი მეილების მთელი დასტა ინბოქსში, იმიტომ რომ ჩემ უცხოელ ლექტორზე გავბრაზდი (მერე მთელი ერთი თვე ვცდილობდი იმ ინფორმაციის ხელახლა მოძიებას რომელიც ვირტუალურ ნაგავს გავაყოლე). იგივე პრინციპით მყავს დაბლოკილი სოციალურ ქსელებში ადამიანები, რომლებსაც მერე კი ვპატიობ წვრილმანებზე გაბრაზებას მაგრამ მაინც არ ვაბრუნებ. ყველაზე მეტად ამ ბოლო დროს გული იმაზე მწყდება რომ ფოტო არქივი გავანადგურე, მხოლოდ იმიტომ რომ უსიამოვნოდ დავშორდი ყოფილ შეყვარებულს. არცერთი უნივერსიტეტის დროინდელი კონსკპექტი აღარ მაქვს შემონახული, რომელთანაც მომაბეზრებელი დამღლელი და უსიამოვნო მოგონებები მაკავშირებდა. მოკლეთ ყველაფერი ახლანდელი ჩემთვის პოტენციური trash bin–ია.

არადა დრო რომ გადის მერე ვხვდები რომ არქივი მჭირდება. ემოციები როცა იკლებს მერე კარგი 'მუღამი' აქვს ხოლმე. ეს შეიძლება სისუსტეც იყოს, არ მინდა თვალი გავუსწორო უსიამვნო მოვლენას ან მოგონებას და იგნორირების მამა–პაპურ ხერხს მივმართავ ან ვაქრობ. შეიძლება ჩემი ეგოისტობის ბრალიცაა. 'ობიექტი' არაფრად მიღირს და საკმარისია ჩემს თვალში რამე შეიცვალოს, აშინვე ვანადგურებ. საუკეთესო შემთხვევაში შინაგანი ძლიერების ნიშანია: ვანადგურებ რადგან მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყო.

'აქედან ვერ წაშლიო' – შერეკილები გამახსენდა. ხოდა საქმეც იმაშია რომ იქედან ვერასდროს ვერაფერს ვშლი და ეს ფაქტების განადგურების მომენტშიც კარგად ვიცი. აი მის წაშლას არც ვცდილობ, უბრალოდ სახელს ვუცვლი და 'მოგონების' მაგივრად 'გამოცდილებას' ვარქმევ.

ამასწინათ ერთმა ახალმა ნაცნობმა მიკთხა, რა გინდა ცხოვრებაში ყველაზე მეტადო. მინდა ძლიერი ვიყო მეთქი. ალბათ მექანიკურად ნათქვამი და მანამდე სხვისგან გაგონილი ფრაზა ეგონა, რადგან გარეგნულად ნაკლებად მეტყობა რომ ამ თავში მსგავსი სურვილები ტრიალებს.

ზუსტად ვიცი რომ შუბლით აგურს ვერასდროს ჩავტეხავ. ვერც ნაკვერჩხალზე გავივლი ოდესმე ფეხშიშველი, მაგრამ სამაგიეროდ ხომ შემიძლია ყველა წარუმატებლობა და არასასიამოვნო გამოცდილება გაკვეთილად მივიღო, გავანადგურო ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებდა და სენტიმენტების გარეშე ვცადო კიდევ ერთხელ, თავიდან. ცხოვრებაში ხომ თითქმის ყველაფერი მეორდება....


Monday, May 16, 2011

მუსიკა და აღმოჩენები

უზომოდ მიყვარს მუსიკა. სულ რაღაცას ვუსმენ და თან საქმეს ვაკეთებ. ვწერ და ვუსმენ, ქუჩაში მინვდივარ - ვუსმენ, ძილის წინ ვუსმენ, ჭურჭელს ვრეცხავ - ვუსმენ.... მიყვარს ყველანაირი... განწყობის მიხედვით. ჩემ ფლეილისთში ალბათ ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის ორიოდე საყვარელ შემსრულებელს. განსაკუთრებით კი იცით რა მიყვარს? როცა ისეთ სიმღერას აღმოვაჩენ რომლის შესახებ უმრავლესობამ არაფერი იცის. აი ამას ვეძახი ჩემ პირად აღმოჩენას და დიახაც მეამაყება ხოლმე.

აჯერად გადავწყვიტე ჩემი რამდენიმე საიდუმლო ფავორიტი შემსრულებელი აგაცნოთ, ოღონდ ჩვენს შორის დარჩეს.

აბა წავიდა:

ნიჭიერი გოგო N 1: უნგრელი Magdolna Rúzsa (კომპოზიტორ-შემსრულებელი). ყოველგვარი ქალური ინტუიციის გარეშე გიწინასწარმეტყველებთ რომ ეს გოგო ჯენის ჯოპლინს გაგახსენებთ :). ორი სიტყვით მის შესახებ: უნგრეთში რამდენიმე მუსიკალური კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მონაწილეობა ევროვიზიის კონკურსშიც მიიღო, თუმცა _რა თქმა უნდა_ ვერ გაიმარჯვა.

ნიჭიერი გოგო N 2: Oh Land. მე პირადად Bjork- მაგონებს... თავად ნახეთ. მისი ვიდეო შარშან შემოდგომაზე გამოჩნდა პირველად YouTube-ზე და 10 მილიონამდე ვიზიტორი მოაგროვა - 168,101,492 ეეეს კი JLo- ვიდეოს ვიუერების რაოდენობაა სიმღერაზე On the Floor, სულ რაღაც 2 თვეში მოგროვებული. ()

და ბოლოს, აღმოჩენა N 3: The Pierces - ამერიკელი დები არიან რომლებიც ჰიპების ნოსტალგიას მოგიკლავთ ყველა თქვენგანს. ეს სიმღერა ისე მომეწონა რომ რამდენიმე კვირა მათ საპატივცემულოდ დესქთოფზეც და ფეისბუქშიც ჰიპების ფოტოები მეყენა. თავად შეაფასეთ :)

Sunday, April 17, 2011

თქვენ, Miss, წვეულებაზე იმყოფებით.

აქ ყველაფერი პირობითია. წერტილი და მძიმეც კი, სათაურში. :)
მიირთვით შოკოლადი.... თამამად. და ცოტა ხნით დაივიწყეთ ფრაზები 'ცხოვრება ბრძოლაა' 'რეალობა მკაცრია' 'შავი ყოვლის მომცველი ფერია' და ასე შემდეგ. - ქალბატონო, თქვენ, რატომ დაჰყურებთ ზემოთ აწეული ნიკაპით და ასე შემდეგ, ჩემს ვარდისფერ მაშიებს? განა თქვენც ასეთივე არ გინდოდათ 11 წლის ასაკში?

აი თქვენ კი ახალგაზრდა ქალბატონო, კუთხეში. მიხარია რომ შემოუერთდით წვეულებას. მართალი გითხრათ არ გელოდით, მეგონა არ გაინტერესებდით მე და ჩემი შოკოლადები. ალბათ ვცდებოდი, მე თუ არა აი ეს ტორტი და რძიანი თეთრი კურდღელი ხომ მაინც მოგწონთ, გამოტყდით. დავივიწყებ თქვენს უხეშ შენიშვნას ჩემს მიმართ გუშინ ქუჩაში, თუკი გაიღიმებთ და საერთო მხიარულებას შეუერთდებით. ყველა თავისებურად მნიშვნელოვანი ვართ და ჯანდაბა,... შოკოლადის და ნუშის ბურთულა დამივარდა... ხოდა რას ვამბობდი? ...მეც მინდა რომ ყველა კმაყოფილი იყოს. უხასიათობა გადამდებია, ისევე როგორც მთქნარება და თქვენ წარმოიდგინეთ ღიმილიც... აიღეთ გეთაყვა თორემ ლანგარზე აღარ ეტევა.

აი ამ ბატონს იმდენი ვეხვეწე მოსულიყო რომ შეიძლება ითქვას დღეს ჩემი მთავარი სტუმარია. მისი რუხი ცილინდრი და შეკრული წარბი ყველა კუთხეში მელანდება. თან ჩემს დანახვაზე რაღაც განსაკუთრებულად ჭმუჭნის ამ შუბლს. სასაცილოა რაღაცნაირად. რაღატომ დაგპატიჟეთ? აბა ხომ არ დაგემალებოდით? რთულია ქალაქში მშვიდად სიარული როცა ვიღაცას ემალები. აი ეს ორცხობილა უნდა დამიგემოვნოთ, არაჩვეულებრივად უხდება ყავას და შიგ გულით ჩამხობილ ლიმონს, თქვენ რომ ასე გიყვართ. თან ამ ორცხობილას ერთი საიდუმლო ინგრედიენტი აქვს, თავიდან ცოტა მწარეა მაგრამ მერე საოცარ არომატს იძენს, ტკბილი ხდება, ადამიანიც და მისი ენაც. იუმორი გესმით? მიხარია... თითქოს.


ოხ ჩემო ძვირფასო მეგბარო, რა დიდი სიამოვნებით მივახატავდი თქვენს რუხ პიჯაკს, რამე მარჯნისფერ ფიგურას, გაგახალისებდათ, დამიჯერეთ. მაინც რატომ გაცვიათ ასე გაუხდელად? ააა დილით გეზარებათ კარადაში რაიმე, თუნდაც ძველის, მაგრამ სხვა ფერის მოძებნა? რუხს ჭუჭყი არ ემჩნევა და ნაკლებ სახათაბალოა. აი ჩემი ღია ფერის კაბის ტარებას დიდი ნებისყოფა და ბევრი სარეცხი საშუალება სჭირდება, ღმერთმანი.

მეგობრებო, ყველას საყურადღებოდ ვაცხადებ. მაგიდის ცენტრში ჩემი ახალი რეცეპტით დამზადებული შოკოლადის ფილაა. სულ ახალია, მგონი ვისკის მოუხდება, ცოტა ჩილიც დავუმატე, გასინჯეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ. თუ გსურთ თანაც წაიღეთ, ყველას გეყოფათ. მიირთვით, და გამიხსენებთ. დღევანდელი საღამო გაგახსენდებათ და იქნებ კიდევ შემომიაროთ შემდეგში. არ ჯობია მაიას ტომის ეს ტკბილი და ძველისძველი საიდუმლო გვაერთიანებდეს ვიდრე მარტოობა? მერე რა რომ აქ ყველაფერი ფერადია.


Thursday, February 17, 2011

ბოულინგური ევოლუცია


ბოულინგის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ სპორტის ეს სახეობა დაახლოებით 5000 წლის წინ შეიქმნა. პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერია. ბოულინგის იდეა იმდენად ჰარმონიულია, რომ მის გამოგონებას გამოქვაბულის ადამიანიც კი შეძლებდა. მართლაც, რა შეიძლება იყოს უფრო მარტივი? კეგლის ფუნქციის შესრულება ნებისმიერ საგანს შეეძლო, საჭირო იყო მხოლოდ ბურთის დამზადება. მარტივია და ამავდროულად გენიალური. თუმცა ყველაფერი გენიალური ხომ ყოველთვის მარტივია :)

და მაინც, ბოულინგის არსებობის შესახებ პირველი არქეოლოგიური მტკიცება, ეგვიპტეს უკავშირდება.  ასეთი ჰიპოთეზა ბრიტანელმა ანთროპოლოგმა სერ ფლინდეს პეტრიმ წამოაყენა. მისი აზრით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500-3000 წელს ძველ ეგვიპტეში ბოულინგს თამაშობდნენ. მართალია არა ისე ცივილიზებურად როგორც ჩვენ მაგრამ რაც მთავარია ხომ თამაშობდნენ და ამას მოწმობს ეგვიპტურ სამარხში აღმოჩენილი „ გვამი ბურთთან“ ..“ნამეტანი  უყვარდა უბედურს და წეიღოს თან-ო“ უთქვამთ ახლობლებს და ასე გავიგეთ ჩვენც ეგვიპტელი ბოულერების ამბავიც.


თანამედროვე სახე ბოულინგმა მე 19 საუკუნეში შეიძინა. მერე დიდი დავის შემდეგ კეგლების და ბილიკების სტანდარტებიც დადგინდა. ბურთის მაქსიმალური წონა 16 ფუნტი უნდა იყოს (7,258კგ.) ბილიკის სიგრძედ 60 ფუტი (18,228მეტრი) დადგინდა.  ისე სხვათა შორის წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე აღმოჩენილია უძველესი ხანის მოედანი, რომლის სიგრძე ზუსტად 18,228 მეტრს შეადგენს. ღმერთო ჩემო ნუთუ ესეც დამთხვევაა? ?

ისე ბოულინგს როგორც ვხედავთ ყველა თამაშობს, მიუხედავად სქესის, ასაკის,  ეროვნების , აღმსარებლობის და სოციალური სტატუსისJ დავიჯერო ოდესმე გინახავთ ამერიკის პრეზიდენტი ასეთი  სახით და თან ასეთი არაჩვეულებრივი სპორტული ფეხსაცმლით?  ბოულინგს ყველა  თავისებურად თამაშობს. გააჩნია ვინ რომელ „პოზაში“ გრძნობს თავს კომფორტულადJ ბოულინგის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სახეობა ედინბურგში დღესაც არსებობს. მოთამაშე ბურთს ფეხებს შორის 

იქცევს და ნახტომში სროლის შემდეგ მუცელზე ეცემა, მაგრამ იაპონელებმა უკეთესი მოიფიქრეს მათ ხომ გამოგონებაში ბადალი არ ჰყავთ, ხოდა ყირამალა დადგნენ თავზე დატრიალდნენ და კეგლი ისე გააგორეს. ნუ ეს უბრალოდ ზედმეტად ორიგინალურებმა თორემ სულ ასე ყირამალა ნამდვილად არ თამაშობენJ


ისე ბრიტანელებმა მკვლევარებმა დიდი კვლევის შემდეგ დაადგინეს  რომ ბოულინგი თურმე მეტად საშიში თამაშია. თამაშისას ბავშვები შესაძლოა სათამაშო  ბილიკებზე გადავიდნენ და კეგლის დასალაგებელ მექანიზმში გაიჭედონ.

მიუხედავად იმისა, რომ  მსგავსი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა, მეცნიერები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ასეთი რამ არა მარტო ბავშვს, არამედ ზრდასრულ ადამიანსაც შეიძლება მოუვიდეს. მე პირადად მექანიზმში გაჭედილი ჯერ არავინ მინახავს და არც გამიგია მაგრამ ქვემოთ მოყვანილ ვიდეო- კადრებს  თუ გავითვალისწინებთ ზედმეტად მონდომებულები სრულიად შესაძლებელია გასროლილ ბურთს“ თან გაყვნენ და უკან ვეღარ დაბრუნდნენ“ :)

ჭორები დადის რომ ამერიკელი რეპერი lil wayne-ი  თურმე მანჰეტენის ცენტრში მდებარე  განახლებულ Leisure Time Bowl-ში არ შეუშვეს. ამ ბოულინგ ცენტრის წინ შავ პიჯაკში გამოწყობილი კაცი დგას რომელმაც ბოულინგის მოყვარული კლიენტები უნდა შეარჩიოს. დიახ,თქვენ სწორად მიხვდით ამ ბოულინგ ცენტრში ჩაცმის გარკვეული წესები აქვთ. "ჩვენთან დაუშვებელია ფართო ჯინსები, რომლებიც პატრონს შეიძლება ჩასძვრეს”, - ამბობს დაწესებულების გენერალური მენეჯერი - “მიუღებელია ასევე ბენდენები რომლებსაც ბანდიტები ხმარობენ და მსხვილი ოქროს ძეწკვები, რომლებიც ადამიანს თვალში ეცემა". მოკლედ აქ რეპერები ძალიან იჩაგრებიან. სამაგიეროდ ეს  არ ეხება ბოულინგის მოყვარულ კიმ კარდაშიანს რომელიც რატომღაც ბოულინგის სათამაშოდ საღამოს კაბით დადის ხოლმე. თუმცა მას რას ვერჩით ზოგი ნახევრად შიშველიც დადის  ან უკეთესი ვარიანტი „გახდაზე თუ თამაშობენ და წაგებული იხდის“ J  ნუ რას გაიგებ ჩვენი არ იყოს ყველას თავისი „გამოხტომები“ აქვს.


საბოლოო განწყობის შესაქმნელად  კახური ბოულინგის ფოტო მინდა შემოგთავაზოთ. მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო და ბოთლები ბოულინგის ყველაზე ორიგინალური გადაწყვეტაა  მაინც ნუ ეცდებით თავის ასე გამოჩენასJ  ჩაიცვით თავისუფლად, გაიღიმეთ და ეცადეთ  ბურთი „ ძალიან გაქცეულზეც“ არ გააგოროთ.. ეს ისე  მაინც ყოველი შემთხვევისთვის კეგლის მექანიზმში რომ არ გაიჭედოთJ