Monday, June 20, 2011

სინდრომი: განადგურება!

მოგონებების განადგურების მანია მჭირს. ყველაფერი რაზეც ან ვიზეც ვბრაზდები ვშლი, ვხევ და ვაგდებ. ასე მაქვს წაშლილი მეილების მთელი დასტა ინბოქსში, იმიტომ რომ ჩემ უცხოელ ლექტორზე გავბრაზდი (მერე მთელი ერთი თვე ვცდილობდი იმ ინფორმაციის ხელახლა მოძიებას რომელიც ვირტუალურ ნაგავს გავაყოლე). იგივე პრინციპით მყავს დაბლოკილი სოციალურ ქსელებში ადამიანები, რომლებსაც მერე კი ვპატიობ წვრილმანებზე გაბრაზებას მაგრამ მაინც არ ვაბრუნებ. ყველაზე მეტად ამ ბოლო დროს გული იმაზე მწყდება რომ ფოტო არქივი გავანადგურე, მხოლოდ იმიტომ რომ უსიამოვნოდ დავშორდი ყოფილ შეყვარებულს. არცერთი უნივერსიტეტის დროინდელი კონსკპექტი აღარ მაქვს შემონახული, რომელთანაც მომაბეზრებელი დამღლელი და უსიამოვნო მოგონებები მაკავშირებდა. მოკლეთ ყველაფერი ახლანდელი ჩემთვის პოტენციური trash bin–ია.

არადა დრო რომ გადის მერე ვხვდები რომ არქივი მჭირდება. ემოციები როცა იკლებს მერე კარგი 'მუღამი' აქვს ხოლმე. ეს შეიძლება სისუსტეც იყოს, არ მინდა თვალი გავუსწორო უსიამვნო მოვლენას ან მოგონებას და იგნორირების მამა–პაპურ ხერხს მივმართავ ან ვაქრობ. შეიძლება ჩემი ეგოისტობის ბრალიცაა. 'ობიექტი' არაფრად მიღირს და საკმარისია ჩემს თვალში რამე შეიცვალოს, აშინვე ვანადგურებ. საუკეთესო შემთხვევაში შინაგანი ძლიერების ნიშანია: ვანადგურებ რადგან მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყო.

'აქედან ვერ წაშლიო' – შერეკილები გამახსენდა. ხოდა საქმეც იმაშია რომ იქედან ვერასდროს ვერაფერს ვშლი და ეს ფაქტების განადგურების მომენტშიც კარგად ვიცი. აი მის წაშლას არც ვცდილობ, უბრალოდ სახელს ვუცვლი და 'მოგონების' მაგივრად 'გამოცდილებას' ვარქმევ.

ამასწინათ ერთმა ახალმა ნაცნობმა მიკთხა, რა გინდა ცხოვრებაში ყველაზე მეტადო. მინდა ძლიერი ვიყო მეთქი. ალბათ მექანიკურად ნათქვამი და მანამდე სხვისგან გაგონილი ფრაზა ეგონა, რადგან გარეგნულად ნაკლებად მეტყობა რომ ამ თავში მსგავსი სურვილები ტრიალებს.

ზუსტად ვიცი რომ შუბლით აგურს ვერასდროს ჩავტეხავ. ვერც ნაკვერჩხალზე გავივლი ოდესმე ფეხშიშველი, მაგრამ სამაგიეროდ ხომ შემიძლია ყველა წარუმატებლობა და არასასიამოვნო გამოცდილება გაკვეთილად მივიღო, გავანადგურო ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებდა და სენტიმენტების გარეშე ვცადო კიდევ ერთხელ, თავიდან. ცხოვრებაში ხომ თითქმის ყველაფერი მეორდება....


Monday, May 16, 2011

მუსიკა და აღმოჩენები

უზომოდ მიყვარს მუსიკა. სულ რაღაცას ვუსმენ და თან საქმეს ვაკეთებ. ვწერ და ვუსმენ, ქუჩაში მინვდივარ - ვუსმენ, ძილის წინ ვუსმენ, ჭურჭელს ვრეცხავ - ვუსმენ.... მიყვარს ყველანაირი... განწყობის მიხედვით. ჩემ ფლეილისთში ალბათ ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის ორიოდე საყვარელ შემსრულებელს. განსაკუთრებით კი იცით რა მიყვარს? როცა ისეთ სიმღერას აღმოვაჩენ რომლის შესახებ უმრავლესობამ არაფერი იცის. აი ამას ვეძახი ჩემ პირად აღმოჩენას და დიახაც მეამაყება ხოლმე.

აჯერად გადავწყვიტე ჩემი რამდენიმე საიდუმლო ფავორიტი შემსრულებელი აგაცნოთ, ოღონდ ჩვენს შორის დარჩეს.

აბა წავიდა:

ნიჭიერი გოგო N 1: უნგრელი Magdolna Rúzsa (კომპოზიტორ-შემსრულებელი). ყოველგვარი ქალური ინტუიციის გარეშე გიწინასწარმეტყველებთ რომ ეს გოგო ჯენის ჯოპლინს გაგახსენებთ :). ორი სიტყვით მის შესახებ: უნგრეთში რამდენიმე მუსიკალური კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მონაწილეობა ევროვიზიის კონკურსშიც მიიღო, თუმცა _რა თქმა უნდა_ ვერ გაიმარჯვა.

ნიჭიერი გოგო N 2: Oh Land. მე პირადად Bjork- მაგონებს... თავად ნახეთ. მისი ვიდეო შარშან შემოდგომაზე გამოჩნდა პირველად YouTube-ზე და 10 მილიონამდე ვიზიტორი მოაგროვა - 168,101,492 ეეეს კი JLo- ვიდეოს ვიუერების რაოდენობაა სიმღერაზე On the Floor, სულ რაღაც 2 თვეში მოგროვებული. ()

და ბოლოს, აღმოჩენა N 3: The Pierces - ამერიკელი დები არიან რომლებიც ჰიპების ნოსტალგიას მოგიკლავთ ყველა თქვენგანს. ეს სიმღერა ისე მომეწონა რომ რამდენიმე კვირა მათ საპატივცემულოდ დესქთოფზეც და ფეისბუქშიც ჰიპების ფოტოები მეყენა. თავად შეაფასეთ :)

Sunday, April 17, 2011

თქვენ, Miss, წვეულებაზე იმყოფებით.

აქ ყველაფერი პირობითია. წერტილი და მძიმეც კი, სათაურში. :)
მიირთვით შოკოლადი.... თამამად. და ცოტა ხნით დაივიწყეთ ფრაზები 'ცხოვრება ბრძოლაა' 'რეალობა მკაცრია' 'შავი ყოვლის მომცველი ფერია' და ასე შემდეგ. - ქალბატონო, თქვენ, რატომ დაჰყურებთ ზემოთ აწეული ნიკაპით და ასე შემდეგ, ჩემს ვარდისფერ მაშიებს? განა თქვენც ასეთივე არ გინდოდათ 11 წლის ასაკში?

აი თქვენ კი ახალგაზრდა ქალბატონო, კუთხეში. მიხარია რომ შემოუერთდით წვეულებას. მართალი გითხრათ არ გელოდით, მეგონა არ გაინტერესებდით მე და ჩემი შოკოლადები. ალბათ ვცდებოდი, მე თუ არა აი ეს ტორტი და რძიანი თეთრი კურდღელი ხომ მაინც მოგწონთ, გამოტყდით. დავივიწყებ თქვენს უხეშ შენიშვნას ჩემს მიმართ გუშინ ქუჩაში, თუკი გაიღიმებთ და საერთო მხიარულებას შეუერთდებით. ყველა თავისებურად მნიშვნელოვანი ვართ და ჯანდაბა,... შოკოლადის და ნუშის ბურთულა დამივარდა... ხოდა რას ვამბობდი? ...მეც მინდა რომ ყველა კმაყოფილი იყოს. უხასიათობა გადამდებია, ისევე როგორც მთქნარება და თქვენ წარმოიდგინეთ ღიმილიც... აიღეთ გეთაყვა თორემ ლანგარზე აღარ ეტევა.

აი ამ ბატონს იმდენი ვეხვეწე მოსულიყო რომ შეიძლება ითქვას დღეს ჩემი მთავარი სტუმარია. მისი რუხი ცილინდრი და შეკრული წარბი ყველა კუთხეში მელანდება. თან ჩემს დანახვაზე რაღაც განსაკუთრებულად ჭმუჭნის ამ შუბლს. სასაცილოა რაღაცნაირად. რაღატომ დაგპატიჟეთ? აბა ხომ არ დაგემალებოდით? რთულია ქალაქში მშვიდად სიარული როცა ვიღაცას ემალები. აი ეს ორცხობილა უნდა დამიგემოვნოთ, არაჩვეულებრივად უხდება ყავას და შიგ გულით ჩამხობილ ლიმონს, თქვენ რომ ასე გიყვართ. თან ამ ორცხობილას ერთი საიდუმლო ინგრედიენტი აქვს, თავიდან ცოტა მწარეა მაგრამ მერე საოცარ არომატს იძენს, ტკბილი ხდება, ადამიანიც და მისი ენაც. იუმორი გესმით? მიხარია... თითქოს.


ოხ ჩემო ძვირფასო მეგბარო, რა დიდი სიამოვნებით მივახატავდი თქვენს რუხ პიჯაკს, რამე მარჯნისფერ ფიგურას, გაგახალისებდათ, დამიჯერეთ. მაინც რატომ გაცვიათ ასე გაუხდელად? ააა დილით გეზარებათ კარადაში რაიმე, თუნდაც ძველის, მაგრამ სხვა ფერის მოძებნა? რუხს ჭუჭყი არ ემჩნევა და ნაკლებ სახათაბალოა. აი ჩემი ღია ფერის კაბის ტარებას დიდი ნებისყოფა და ბევრი სარეცხი საშუალება სჭირდება, ღმერთმანი.

მეგობრებო, ყველას საყურადღებოდ ვაცხადებ. მაგიდის ცენტრში ჩემი ახალი რეცეპტით დამზადებული შოკოლადის ფილაა. სულ ახალია, მგონი ვისკის მოუხდება, ცოტა ჩილიც დავუმატე, გასინჯეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ. თუ გსურთ თანაც წაიღეთ, ყველას გეყოფათ. მიირთვით, და გამიხსენებთ. დღევანდელი საღამო გაგახსენდებათ და იქნებ კიდევ შემომიაროთ შემდეგში. არ ჯობია მაიას ტომის ეს ტკბილი და ძველისძველი საიდუმლო გვაერთიანებდეს ვიდრე მარტოობა? მერე რა რომ აქ ყველაფერი ფერადია.


Thursday, February 17, 2011

ბოულინგური ევოლუცია


ბოულინგის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ სპორტის ეს სახეობა დაახლოებით 5000 წლის წინ შეიქმნა. პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერია. ბოულინგის იდეა იმდენად ჰარმონიულია, რომ მის გამოგონებას გამოქვაბულის ადამიანიც კი შეძლებდა. მართლაც, რა შეიძლება იყოს უფრო მარტივი? კეგლის ფუნქციის შესრულება ნებისმიერ საგანს შეეძლო, საჭირო იყო მხოლოდ ბურთის დამზადება. მარტივია და ამავდროულად გენიალური. თუმცა ყველაფერი გენიალური ხომ ყოველთვის მარტივია :)

და მაინც, ბოულინგის არსებობის შესახებ პირველი არქეოლოგიური მტკიცება, ეგვიპტეს უკავშირდება.  ასეთი ჰიპოთეზა ბრიტანელმა ანთროპოლოგმა სერ ფლინდეს პეტრიმ წამოაყენა. მისი აზრით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500-3000 წელს ძველ ეგვიპტეში ბოულინგს თამაშობდნენ. მართალია არა ისე ცივილიზებურად როგორც ჩვენ მაგრამ რაც მთავარია ხომ თამაშობდნენ და ამას მოწმობს ეგვიპტურ სამარხში აღმოჩენილი „ გვამი ბურთთან“ ..“ნამეტანი  უყვარდა უბედურს და წეიღოს თან-ო“ უთქვამთ ახლობლებს და ასე გავიგეთ ჩვენც ეგვიპტელი ბოულერების ამბავიც.


თანამედროვე სახე ბოულინგმა მე 19 საუკუნეში შეიძინა. მერე დიდი დავის შემდეგ კეგლების და ბილიკების სტანდარტებიც დადგინდა. ბურთის მაქსიმალური წონა 16 ფუნტი უნდა იყოს (7,258კგ.) ბილიკის სიგრძედ 60 ფუტი (18,228მეტრი) დადგინდა.  ისე სხვათა შორის წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე აღმოჩენილია უძველესი ხანის მოედანი, რომლის სიგრძე ზუსტად 18,228 მეტრს შეადგენს. ღმერთო ჩემო ნუთუ ესეც დამთხვევაა? ?

ისე ბოულინგს როგორც ვხედავთ ყველა თამაშობს, მიუხედავად სქესის, ასაკის,  ეროვნების , აღმსარებლობის და სოციალური სტატუსისJ დავიჯერო ოდესმე გინახავთ ამერიკის პრეზიდენტი ასეთი  სახით და თან ასეთი არაჩვეულებრივი სპორტული ფეხსაცმლით?  ბოულინგს ყველა  თავისებურად თამაშობს. გააჩნია ვინ რომელ „პოზაში“ გრძნობს თავს კომფორტულადJ ბოულინგის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სახეობა ედინბურგში დღესაც არსებობს. მოთამაშე ბურთს ფეხებს შორის 

იქცევს და ნახტომში სროლის შემდეგ მუცელზე ეცემა, მაგრამ იაპონელებმა უკეთესი მოიფიქრეს მათ ხომ გამოგონებაში ბადალი არ ჰყავთ, ხოდა ყირამალა დადგნენ თავზე დატრიალდნენ და კეგლი ისე გააგორეს. ნუ ეს უბრალოდ ზედმეტად ორიგინალურებმა თორემ სულ ასე ყირამალა ნამდვილად არ თამაშობენJ


ისე ბრიტანელებმა მკვლევარებმა დიდი კვლევის შემდეგ დაადგინეს  რომ ბოულინგი თურმე მეტად საშიში თამაშია. თამაშისას ბავშვები შესაძლოა სათამაშო  ბილიკებზე გადავიდნენ და კეგლის დასალაგებელ მექანიზმში გაიჭედონ.

მიუხედავად იმისა, რომ  მსგავსი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა, მეცნიერები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ასეთი რამ არა მარტო ბავშვს, არამედ ზრდასრულ ადამიანსაც შეიძლება მოუვიდეს. მე პირადად მექანიზმში გაჭედილი ჯერ არავინ მინახავს და არც გამიგია მაგრამ ქვემოთ მოყვანილ ვიდეო- კადრებს  თუ გავითვალისწინებთ ზედმეტად მონდომებულები სრულიად შესაძლებელია გასროლილ ბურთს“ თან გაყვნენ და უკან ვეღარ დაბრუნდნენ“ :)

ჭორები დადის რომ ამერიკელი რეპერი lil wayne-ი  თურმე მანჰეტენის ცენტრში მდებარე  განახლებულ Leisure Time Bowl-ში არ შეუშვეს. ამ ბოულინგ ცენტრის წინ შავ პიჯაკში გამოწყობილი კაცი დგას რომელმაც ბოულინგის მოყვარული კლიენტები უნდა შეარჩიოს. დიახ,თქვენ სწორად მიხვდით ამ ბოულინგ ცენტრში ჩაცმის გარკვეული წესები აქვთ. "ჩვენთან დაუშვებელია ფართო ჯინსები, რომლებიც პატრონს შეიძლება ჩასძვრეს”, - ამბობს დაწესებულების გენერალური მენეჯერი - “მიუღებელია ასევე ბენდენები რომლებსაც ბანდიტები ხმარობენ და მსხვილი ოქროს ძეწკვები, რომლებიც ადამიანს თვალში ეცემა". მოკლედ აქ რეპერები ძალიან იჩაგრებიან. სამაგიეროდ ეს  არ ეხება ბოულინგის მოყვარულ კიმ კარდაშიანს რომელიც რატომღაც ბოულინგის სათამაშოდ საღამოს კაბით დადის ხოლმე. თუმცა მას რას ვერჩით ზოგი ნახევრად შიშველიც დადის  ან უკეთესი ვარიანტი „გახდაზე თუ თამაშობენ და წაგებული იხდის“ J  ნუ რას გაიგებ ჩვენი არ იყოს ყველას თავისი „გამოხტომები“ აქვს.


საბოლოო განწყობის შესაქმნელად  კახური ბოულინგის ფოტო მინდა შემოგთავაზოთ. მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო და ბოთლები ბოულინგის ყველაზე ორიგინალური გადაწყვეტაა  მაინც ნუ ეცდებით თავის ასე გამოჩენასJ  ჩაიცვით თავისუფლად, გაიღიმეთ და ეცადეთ  ბურთი „ ძალიან გაქცეულზეც“ არ გააგოროთ.. ეს ისე  მაინც ყოველი შემთხვევისთვის კეგლის მექანიზმში რომ არ გაიჭედოთJ

 


Friday, November 26, 2010

ავტორისეული შესავალი (დორიან გრეის პორტრეტი)


ხელოვნებაა შემოქმედი მშვენიერების. ხორცი შეასხა მას მაგრამ შენიღბო საკუთარი თავი, ესაა შემოქმედის მიზანი. კრიტიკოსი კი ისაა ვინც ახლებურად, საკუთარი შთაბეჭდილებით ახდენს მშვენიერების ინტერპრეტირებას.

კრიტიკის ერთდროულად აღმატებულ და ყველაზე დაბალ ფორმას ავტობიოგრაფია წარმოადგენს. მშვენიერებაში რაიმე ცუდის დანახვის წადილი  როდია კარგი . აი რა არის ნაკლი.

მშვენიერების აღქმის უნარი დახვეწილობის ნიშანია, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს კაცს. სილამაზის არსის წვდომა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ.

არ არსებობს მორალური ან ამორალური წიგნი. ისინი ან ცუდად ან კარგად არიან დაწერილი. ეს არის და ეს.

მეცხრამეტე საუკუნის უარყოფითი დამოკიდებულება რეალიზმის მიმართ კაიბანის მრისხანებას მაგონებს, განრისხებულს სარკეში საკუთარი გამოსახულების დანახვით.

მეცხრამეტე საუკუნის უარყოფითი დამოკიდებულებაც რომანტიზმის მიმართ კალიბანის მრისხანებაა სარკეში საკუთარი გამოსახულების ვერდანახვით გამოწვეული. ადამიანის მორალური ცხოვრება ხელოვანის მთავარი მოტივია, მაგრამ თვით ხელოვნების მორალურობა არაიდეალური მედიუმის იდეალურად გამოყენებაში მდგომარეობს. ხელოვანი არ ცდილობს რაიმეს დამტკიცებას, თუმც ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაც კი შეიძლება ამტკიცოს კაცმა. ხელოვანს არც ეთიკური სიმპათიები გააჩნია. ამგვარი ეთიკური სიმპათიის ქონა სტილის მანერულობაა რაც ავტორს არავითარ შემთხვევაში არ ეპატიება. ხელოვანი არ შეიძლება შეურაცხადი იყოს, მას ხომ ყველაფრის გამოხატვა შეუძლია. ფიქრი და სიტყვა, ეს მისი იარაღია. ღირსებებები და ნაკლოვანებები კი მისი შემოქმედების მასალაა. ფორმის თვალსაზრისით ყველა სხვა ხელოვნების დარგი, მუსიკოსის შემოქმედებაში ერთიანდება. გრძნობების თვალსაზრისით კი ყოველგვარი ხელოვნება მსახიობის პროფესიაში იყრის თავს. ხელოვნება ერთი შეხედვით ზედაპირული და სიმბოლუია. გასაჭირში მყოფნი ვწვდებით მის სიღრმეს, გასაჭირში მყოფნი ვხსნით მის სიმბოლოებს. სინამდვილეში ის სარკეა აუდიტორიის და არა ცხოვრების. თუკი ნაწარმოების ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა ეს იმას ნიშნავს რომ ის თვისობრივად ახალი კომპლექსური და საოცრად მნიშვნელოვანია. როდესაც კრიტიკოსი არ ეთანხმება რაიმეში, ავტორი ყველაზე შეხმატკბილებული მაშინაა საკუთარ თავთან. ჩვენ შეგვიძლია ადამიანს ვაპატიოთ კარგის შექმნა თუკი ის თავად არ აღფრთოვანდება საკუთარი შემოქმედებით. მდარე შემოქმედების ავტორს კი მხოლოდ მაიშნ პატიობენ უსარგებლო ნამუშევარს როდესაც თავად იწყებს მისით აღფრთოვანებას.

ხელოვნება ზოგადად უსარგებლოა

ოსკარ უაილდი
თარგმანი: სოფო დათიშვილი


Sunday, November 7, 2010

Here Come the Thoughts (turururu)

არა, ხანდახან მინდა ექსკურსია მომიწყოს ვინმემ საკუთარ წარსულში. აი შუშის მიღმა რომ ვხედავდე კონკრეტულ ეპიზოდებს და თან ექსკურსიამძღოლი მიხსნიდეს რა როგორ იყო.......



მინდა რაღაც თემებზე დავწერო მაგრამ ვერ ვწერ. (ბავვშობაში ერთხელ დიდ მიწისძვრას შევესწარი იმერეთში და 1 დღე დავმუნჯდი. ჩემი მშობლები ბებიები და ბაბუები რომ მეხვეწებოდნენ სოფო თქვი რამეო, მინდოდა მეთქვა მაგრამ ვერაფერს ვიძახდი. ასე მინდა ვწერო მაგრამ ვერ ვწერ ).....



მგონია რომ სხვისი პრობლემების მოსმენა და დახმარება ჩემი მოვალეობაა. (სულ არ მაწუხებთ როცა გეხმარებით....)

ვიცი რომ წელიწადში ერთხელ ნამდვილი კახელი ვხდები, საოცრად ვჯიუტდები და თუ შევჯექი ვიზე, საკუთარი მეორე მეც კი ვეღარ ჩამომსვავს იქიდან.

ზუსტად 2 ადამიანი არსებობს ამ ქვეყნად ვისაც ჩემდაუნებურად სულის სიმშვიდე ხანგრძლივი დროით დავურღვიე......

ამ ბოლო ხანებში ძალიან მომინდა სადმე ტბის პირას დასასვენებლად წასვლა.....


მშვიდად ვარ, სხვებსაც ვამშვიდებ . . . . დღეში ათჯერ ასჯერ და ათასჯერ......

ჯიპა ძალიან მიყვარს მაგრამ მინდა რაც შეიძლება მალე დავამთავრო........

....და აი ისევ, რაღაცას ვწერ და მერე ვშლი :)


Wednesday, November 3, 2010

სოფიაფილოსოფია (2)


ოდესმე გიფიქრიათ იმაზე რომ ცხოვრებაში მოვლენები ჯაჭვური რეაქციის პრინციპით ვითარდება. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რა იქნებოდა 4 წლის წინ ჩემი ლექტორის სურვილის საწინააღმდეგოდ რომ არ წავსულიყავი ინგლისური ენის კონკურსზე? რა იქნებოდა მის ჯიბრზე ისე რომ არ დამეწერა თემა და მეორე ტურში არ გადავსულიყავი სადაც შემდეგ ჟურნალისტიკაში ძალების მოსინჯვას შემომთავაზებდნენ. რა იქნებოდა ოდესღაც ინგლისური ფილოლოგია ეროვნული გამოცდების პროფესიების ჩამონათვალში ერთი პოზიციით ქვემოთ ჩამეწერა და სხვაგან მოვხვედრილიყავი, შესაბამისად ჩემი სალიკუნას გვერდით არ მესწავლა მთელი 4 წელი?

მაინც რა იქნებოდა ასე რომ არ მოვქცეულიყავით და ისე გაგვეკეთებინა... ვინანებდით? ჩვენ წილ სანანებელს ცხოვრებაში ადრე თუ გვიან მაინც ვინანებთ ყველა ასე რომ სინანულის თემას თავს დავანებებ და უბრალოდ ადამიანური ინტერესით ვიკითხავ, რა იქნებოდა ბავშვობაში ჩემ კლასელ ბექას რომ არ გადავკიდებოდი და მთელი კვირა დაჭმუჭნული ცარიელი ქაღალდები არ მესროლა მისთვის გაკვეთილზე ....მეორე კლასში თავი რომ არ გამეგიჟებინა მუსიკაზე აღარ მატაროთთქო... ან რა იქნებოდა ერთხელ თავისუფლებაზე სიუჟეტისთვის ხალხის გადასაღებად სულ რაღაც 2 წუთით არ შევჩერებულიყავი?????....



არ მჯერა ბედისწრეის, არა არა და არა!!!!!!!!! ვიცი რომ ჩვენს მომავალს ჩვენ თითონ ვქმნით, ვაკეთებთ ჩვენს წილ არჩევანს და ვიგებთ ან ვაგებთ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი კი ერთმანეთს ებმის და მიზეზ შედეგობრივი კავშირების ჯაჭვი იქმნება. აქ არაფერია მისტიური და განსაკუთრებული. ეს ყველასთვის საერთოა, უბრალოდ მხოლოდ ზოგიერთი ჩაჰკირკითებს დაუსრულებლად მსგავს რაღაცეებს... და საერთოდაც, რა იქნებოდა ცოტა უფრო ნაკლები რომ მეფიქრა ცხოვრებაში?