Wednesday, March 24, 2010

დიდი ფასდაკლება.....


ფასდაკლებაა…აი უკვე ყურადღებას იქცევს ეს სიტყვა რა მნიშვნელობა აქვს რას აკლდება ფასი მთავარია რომ რაღაცას აკლდება და ჩვენც ეს „რაღაც“ სასწრაფოდ უნდა შევიძინოთ მიუხედავად იმის რომ დღის წესრიგში სულაც არ დგას მისი მოხმარების საჭიროება. მთავარია იაფად ვიყიდეთ...ყველაფერი იყიდება.. ისიც რასაც გვასწავლიდნენ რომ ვერასოდეს ვიყიდდით ფულით...

...

sale 20%-ით.......ვყიდით მეორად საქონელს......ნახმარ ფიქრებს, გრძნობებს, სიტყვებს, ემოციებს..........

__ დიახ, დიახ...ეგ სიტყვა ძალიან გაცვეთილია, თანაც გარღვეულია უკვე იმდენი ხანია გულწრფელად არავის უხმარია რომ მტვერიც დაედო, ამიტომ ნახევარ ფასში მოგართმევთ.......

...

და ლაკის წვეტიან გაპრიალებულ"ტუფლებიანი" კაცი ნახევარ ფასში იყიდის სიტყვა "სიყვარულს"......

მობრძანდით.....იყიდება ნახმარი სითბო, გრძნობები.......ღიმილი, ფერები......

__დიახ....რა გნებავთ? ოო, კარგი გემოვნება გქონიათ......და პატარა, მოკლეთმიან, ქოლგიან გოგონას ატანს გაცვეთილ სიხარულს.......

...

მიღებულია ახალი საქონელი ევროპიდან........თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ჩაგვაბაროთ გაცვეთილი გრძნობები.....რომლები აღარ გჭირდებათ და უკვე დაძველდა..........

და კარებში რიგ-რიგობით შემოდის სხვადასხვა რჯულის, სქესის, ასაკის ხალხი და აბარებს სინდისს.

...

.......იღებენ საფასურს და კმაყოფილები ბრუნდებიან უკან..........ფასდაკლებააა............sale 40%-ით.........მობრძანდით.......თაროებზე საცოდავად აწყვია მტვრიანი სიტყვები..........ობმოკიდებული გრძნობები.........

---დიახ......ნებავთ რამე?

და მსუქანი, ღიპიანი ძია, უაზრო თვალებით ..........ფეხისწვერებზე აიწევა და ბოლო თაროზე შემოდებულ, თავჩაღუნულ სიტყვა "ძალაუფლებას" წაეპოტინება.......დიდხანს ატრილებს ხელ, მაგიდაზე ამაყად დაყრის "ძალაუფლების" საფასურს და გავა.......

sale-ზე ნაყიდი "ძალაუფლებით" უყვირის მის მანქანასთან მოთამაშე ბავშვებს.......

მოდით, მოდით, სანამ დროა......იყიდეთ გაცვეთილი ფრაზები.......ნახმარი და მიტოვებული ფიქრები........ძალიან , ძალიან გაცვეთილი სიტყვები, დალაქავებულები და გარღვეულები მხოლოდ ლარად........

წაიღეთ ლარად სიტყვები : "მიყვარხარ" "მენატრები" "მჭირდები"........იმდენად გაცვეთილია რომ ალბათ მალე სულ ვადა გაუვა და უფასოდაც გაჩუქებთ. „მიყვარხარ“-ს თუ შეიძენთ საჩუქრად „მენატრები“ და „ყოველთის მეყვარები“ მოყვება. განა ცოტაა??ამით უკვე რამდენის თქმა შეიძლება და რამდენის გულის გათბობა...თუ ერთხელ არ გაამართლა შეგიძლიათ მეორედ,მესამედ,მეოთხედ გამოიყენოთ ეს სიტყვები ხომ მრავალჯერადი გამოყენებისაა.

ტროიკაც გვაქვს : "უშენოდ ვერ გავძლებ".......ლარი და ოცად.......ყიდება......ყველაფერი იყიდება......იჩქარეთ.........მიღებულია ნახმარი გამოხედვები, კოცნები, სიტყვები..........მეორადი ცრემლები, ოცნებები......გაცვეთილი ფერები.........მრავალჯერ ნათქვამი და გამოყენებული.......

...

იყიდება თავმოყვარეობა.......ნუ ღელავთ თუ ძალიან შელახულია , ფასს დაგიკლებთ........მიღებულია ახალი საქონელი ევროპიდან......იჩქარეთ ფასდაკლებაა.......

...

იყიდება გაცვეთილი გამოხედვები ქმრებისთვის.........

.

მეორადი კოცნები ცოლებისთვის......

.

ნახმარი დაპირებები შვილებისთვის...........

.

ყველაფერი იყიდება... იჩქარეთ სანამ ფასდაკლებაა............

.

ამ ქვეყანაზე ყველაფერი წმინდა ხომ უკვე კარგა ხანია გაცვეთილია....

Tuesday, March 23, 2010

ეხ საქართველო.... ეხ ხალხო

თითქმის 3 წელია რაც სკაიპს ვიყენებ მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ახლა ნაკლებად მცალია ასეთი რაღაცეებისთვის და გამოგიტყდებით დიდად აღარც მეხალისება რატომღაც მაგრამ იყო დრო როდესაც ყოველ საღამოს ონლაინზე ვიყავი და აქტიურ მიწერ-მოწერაში ვატარებდი დროს.
...

ირაკლი ერთ-ერთი იმ პირველ სკაიპელთაგანია რომელიც ოდესღაც დავამატე (თუმცა არ ვიცნობდი) და მერე როცა მივხვდი რომ ასეთ ნაცნობობაში არაფერი ყრია, ყველა დანარჩენ მისნაირებთან ერთად წავშალე. მას მერე კვარტალში ერთხელ მეუბნება hi-ს და მეც ვპასუხობ ხოლმე. თუმცა ჩვენი საუბარი 10 წუთზე მეტს არასოდეს გაგრძელებულა. მაინც არ ვიცი რატომ არ მშლის, და ამას არც აქვს არანაირი მნიშვნელობა.
...

დღეს დილით 10 საათისთვის ავდექი, ლექციები არ მქონდა. სახლში არავინ იყო, ყავა ავიდუღე და კომპიუტერი ამოვქოქე. მეილების და ყოველგვარი ინბოქსების შემოწმების მერე სკაიპიც ჩავრთე, ისე თავისთვის. მოკლეთ ჩემი მყუდროება ამ ზემოთ აღნიშნულმა ირაკლიმ დაარღვია (მისი სახელი არ შემიცვლია, მართლა ირაკლი ქვია და ისიც 22 წლისაა. გვარიც ვიცი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს).
...

უსაქმოდ ვიყავი და ერთი-ორი რაღაც ვკითხე. იმანაც მიპასუხა. თურმე კიევში წასულა და უკვე 3 თვეა იქ არის.
[10:44:29 AM] irakli: ravi vertobi padrabativaiu
[10:44:49 AM] Sopo*: 8-)
yochag
[10:45:40 AM] irakli: xoda saburtalo exla is adgilia sadac yvelaze
metad ar minda yofna

მიუხედავად იმისა რომ ახალი გაღვიძებული ვიყავი და დიდად არც ფილოსოფიური განწყობა მქონდა, მაინც დავინტერესდი იმ ფენომენით როცა ამ ასაკის ადამიანები სადმე მიდიან და მერე იქიდან იძახიან რომ საქართველო ერთი დიდი სოფელია.

[10:46:07 AM] Sopo*: uffff bodishi moixade. ici ra magari mze da sitboa axla
saburtaloze :P
[10:46:45 AM] irakli: aqac araa qarbugi da wvima:D
[10:47:28 AM] Sopo*: ... 17 gradusi ver iqneba mainc :P
[10:47:59 AM]
Sopo*: whatever, mjera ro magaria magram saburtaloze cudi araferi wamogcdes :D
(chuckle)
[10:48:47 AM] irakli: hehehee nu gamomixvedi ra saburtalos
damcveli pekinze gavizarde mara magaze meti pasioloki tu rame iyos dedas ficavar
da vabshe saqartvelo

მართალი გითხრათ ცოტა მეწყინა და უფრო მეტად გული დამწყდა ამას რომ ვკითხულობდი. არა იმას კი არ ვამბობ ამ ადამიანზე დიდი პატრიოტი მე ვართქო, უბრალოდ ასეთმა ბრმა მიდგომამ დამწყვიტა გული.

[10:53:44 AM] irakli: xoda didi siamovnebit vityodi uars saqartvelos
moqalaqeobaze
[10:54:07 AM] irakli: mand ar chans araferi da aqedan imdeni
cudi chans ro vabshe shemzizgda


საუბარში გავიგე რომ ირაკლის მობეზრებია აფერისტები, მლიქვნელები, ნარკომანები, ქუჩაში ნაგვის ყრა და ასე შემდეგ და ამის გამო გადაწყვიტა უარი თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე.

ასეთი რაღაცეები ძალიან, ძალინ ბევრჯერ მომისმენია ადამიანებისგან რომლებიც სადმე წასულან და მერე ჩამოსულან. მოკლეთ ყველაზე საცოდაობა ჩემი აზრით ამ ისტორიაში ის არის რომ ირაკლის ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა პასპორტში მოქალაქეობის შეცვლით უნდა და გარბის. მაშინ როცა ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ძალაუნებურად თან წაიღებს სადაც არ უნდა წავიდეს და საწყალმა ეს არც კი იცის.

რასაც ის აკეთებს, ანუ სადღაც უკრაინიდან გაჰკივის რომ საქართველო ნაგავია და ვერ იტანს საბურთალოს, ჩემი აზრით იგივე რამაა რაც ქუჩაში ნაგვის დაყრა როცა იქვე ნაგვის ურნა დგას. სულ კამჩატკაზე რომც გაიქცეს მაინც ვერ ამოიგლეჯს იმას რაც მასში დაბადებიდან ჩაიდო. ძნელი მისახვედრი მაინც არ იყოს რითი ურჩევნია უკრაინა ’პასიოლოკ’ საბურთალოს.

რა მნიშვნელობა აქვს რა გეოგრაფიულ არეალში ხარ ან რა ქვეყნის მოქალაქე ხარ. პრობლემა შენშია და პასპორტის გამოცვალას აზროვნების, მიდგომის და ღირებულებების გამოცვლა ჯობია.

ვცადე, მართლა ვცადე მისთვის გასაგებად ჩამომეყალიბებინა იგივე აზრი მაგრამ რომ მეგონა მიხვდა, პასუხად მომწერა:

[11:02:12 AM] irakli: ex gamoaswari sopo sanam droa da shenc sanam gatxovilxar
mand da chadzirulxar ert adgilze myof morevshi

ხოდა აი მეც მივხვდი რომ ირაკლი ამ ყველაფერს ვერ გაიგებდა. არადა კეთილი ადამიანია, ზუსტად ჩემი ტოლი და იმ წუთას გულითად რჩევას მაძლევდა. ის კი არ იცოდა რომ მორევი აქ საბურთალოზე კი არ დატოვა, არამედ ჩემოდანში ჩაალაგა და თან წაიღო. მეცოდება რადგან ეს არ იცის და ვერც ვერასოდეს მიხვდება.

ახლა უმორჩილესად გთხოვთ არ გააკრიტიკოთ ჩემი პოსტის მთავარი გმირი და ნუ მოსთხოვთ სამშობლოს სიყვარულს და აბჯრის ასხმას.... მას თავისი გასაჭირიც ეყოფა.

Saturday, February 20, 2010

სინათლე ჩემს ფანჯრებში....

   

    წლებს თითქმის არაფერი შეუცვლია..გარდა იმის რომ ცოტა გავიზარდეთ.სხვა ყველაფერი უცვლელად დარჩა, მისი დიდი და მუდამ მოსიყვარულე თვალები,ყველაზე სუფთა და ნათელი ღიმილი, სითბო რომელიც წლების განმავლობაში მუდამ თან დამდევს და არასოდეს მაძლევს მარტო დარჩენის საშუალებას.ის ყოველთვის ჩემთან არის ,არ აქვს მნიშვნელობა ვხედავ თუ არა მარტო მაინც არასოდეს დავუტოვებივარ. არ მახსოვს ოდესმე რამეზე თუნდაც გვეკამათოს,ყოველთვის ყველაფერზე საერთო აზრი გვაქვს.მას ყოველთვის უსიტყვოდ ესმის ჩემი,არასოდეს სჭირდება ახსნა-განმარტება იმის თუ რა, როდის და რატომ გავაკეთე.მისთვის ჩემს ყველაზე სულელურ საქციელსაც კი აქვს გამართლება. 

     მიყვარს იმიტომ რომ ამქვეყნად ყველაზე კარგია, მიყვარს იმიტომ რომ მას ყოველთვის სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს ჩემთვის, მიყვარს იმიტომ რომ ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან და მუდამ გაფრთხილება სჭირდება. ხანდახან როცა ყველაზე ცუდათ ვარ თვალებს ვხუჭავ და პირველი ვინც მახსენდება სწორედ ისაა, ნუგეშს ყოველთვის მასთან ვეძებ რადგან ერთადერთია ვის  უბრალოდ ნათქვამ ერთ სიტყვასაც კი ჩემთვის სასწაულის მოხდენა შუძლია. სულ ერთ სიტყვა და ვგრძნობ როგორ  ბრუნდება სინათლე სულში.

    ის ყველგანაა,უკვე 13 წელია ჩემი ყველა ფიქრის მონაწილეა ასე მგონია ყოველ წამს ერთად ვფიქრობთ. გონებას ისე ცოცხლად აქვს შენახული წლების განმავლობაში მისი ქცევის,ლაპარაკის ყოველი ფრაგმენტი რომ ვხვდები დრო ვერასოდეს ვერაფერს წაშლის. ვიცი სიტყვები ზედმეტია როცა ადამიანი შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის ყოველთვის ჩემთან

იყო,სკოლაშიც,უნივერსიტეტშიც,მაშინაც როცა ყველაზე მეტად მიხაროდა და მაშინაც როცა ყველაზე მეტად მტკიოდა.გვერდიდან არასოდეს მომცილებია..ასეთია სოფო..ჩემი ერთადერთი ყველაზე საყვარელი დაიკო..ვიცი ამ სიტყვებით ახალს ვერაფერს ვიტყვი რაც უსიტყვოდ ისეც ნათქვამია მაგრამ ხანდახან რამდენიმე დღე ისე გადის რომ ვერ ვურეკავ და  მერე როცა თავისი მუდამ მშვიდი და მოსიყვარულე ხმით მსაყვედურობს „სად დაიკარგე გოგო,“ გულში რაღაც უცნაურ ტკივილს ვგრძნობ ხოლმე ისეთი გრძნობა მაქვს რომ სულ ცოტა ხნით მაგრამ მაინც მარტო დავტოვე და ზუსტად იმ დროს იქნებ ვჭირდებოდი. ვიცი რომ სადაც არ უნდა ვიყო როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა გავაკეთო სოფოს მაინც ყოველთვის ვეყვარები ისეთი როგორიც ვარ ამიტომ ერთადერთია, ვისიც ბოლომდე მჯერა და ბრმად ვენდობი.

     სოფო ჩემთვის ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია. ვიცი მისთვის ეს სიტყვები ახალი არ იქნება მაგრამ მინდა ჩემს დაიკოს დაბადების დღე მივულოცო დღეს ის 22 წლის გახდა და მე კი მაინც გუშინდელ დღესავით მახსოვს მისი ყოველი დაბადების დღე როცა ეზოში დავრბოდით და დამალობანას ვთამაშობდით, როცა ერთნაირი კაბებით ვიწონებდით თავს, როცა ჩვენი ბავშვობის არცერთ დღეს უერთმანეთოდ არ გაუვლია, როცა გვიყვარდა,როცა გვწყინდა,როცა ვიპრანჭებოდით და ყველაფერი გვიხაროდა, როცა ყველაფერი კარგის გვჯეროდა და ერთში არასოდეს შევმცდარვართ რომ ერთმანეთს არასოდეს დავკარგავდით, რომ თუ იქ ზევით რამე არსებობს ჩვენი მეგობრობა იქაც გაგრძელდებოდა..მოკლედ ალბათ ძალიან გამიგრძელდა საუბარი მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო სიტყვები მაინც ვერ ამოწურავს გულში გაჩენილ გრძნობას. 

ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია...დრო გავიდა..ერთმანეთს ყოველდღე ვეღარ ვხედავთ მაგრამ გულში არაფერი შეცვლილა...სანამ  ერთ მიწაზე დავაბიჯებთ..ერთი ჰაერით ვსუნთქავთ ის ყოველთვის ჩემთანაა .....და სანამ ის მყავს  დარაბებს მიღმა მუდამ გაზაფხულია...

Sunday, February 14, 2010

საოცრად სასარგებლო რჩევები :)


ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიყვარული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ეიფორია და დეპრესია, მღელვარება და პასიურობა, დაბნეულობა და მთების გადაგორების სურვილი ახასიათებს. ავადმყოფობაა თუ არა, ფაქტია - სიყვარულს მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. შეყვარებულისთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს ყოვლისმომცველი გრძნობა ყოველთვის დადებით ემოციებს როდი აღძრავს, მეტადრე მაშინ, როდესაც ჩვენ გვიყვარს, მას კი არა, ან ჩვენ კვლავ გვიყვარს, მას კი უკვე აღარ. ასეთ დროს ყველაზე მგზნებარე ადამიანიც კი მდგომარეობიდან გამოდის და სრულიად პარალიზდება.



როგორ მოვიქცეთ?



რჩევა პირველი

2-3 დღე იდარდეთ და ცრემლები ღვარეთ, მერე კი მთელი ნეგატიური ენერგია სამსახურისკენ მიმართეთ. ეს ფროიდისეული სუბლიმაციის მეთოდია, როცა სექსუალური ენერგიის სხვა მიზნებისკენ მიმართვა ადამიანს წარუმატებლობისგან თავის დაღწევაში ეხმარება.



მომხდარი ლოგიკურად გააცნობიერეთ, მშვიდად და ობიექტურად შეაფასეთ მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. სიყვარული ერთგვარი ნებაყოფლობითი მონობაა - კარგავთ უამრავ დროს, ნერვებს, ძალას, ფულს, მეგობრებს, სამსახურს, სანაცვლოდ კი არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებებს იღებთ. უხმეთ ღირსებას - განა ამას იმსახურებთ?!



თავიდან მოიცილეთ შავბნელი ფიქრები, დაიწყეთ იმის კეთება, რასაც მგზნებარე რომანის გამო კარგა ხანია ვერ მოაბით თავი. ისეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც არც დაგღლით და არც გაგაღიზიანებთ. წარმატების შემთხვევაში მიხვდებით, რომ სამყარო არც ისე ცუდია. უიღბლო სიყვარულ უწინდელივით მძიმე და დამთრგუნველი აღარ მოგეჩვენებათ.



რჩევა მეორე



პასტერის მეთოდი



ლუი პასტერს დაავადებათა საწინააღმდეგოდ ორგანიზმში ინფექციის დასუსტებული გამომწვევები შეჰყავდა, რომელთა მიმართაც ორგანიზმი იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებდა. თუ სიყვარული სრულფასოვანი შრომის საშუალებას არ გაძლევთ, მიეცით გრძნობას გასაქანი, იპოვეთ სხვა ობიექტი და დაუოკებელი ვნება მისკენ მიმართეთ. ასე დამცავი ვაქცინის დოზასაც მიიღებთ და აღარც წარსულ გრძნობაზე ფიქრი გაგაწამებთ. ოღონდ ზომიერება არ დაკარგოთ, თორემ შესაძლოა, ახალი ურთიერთობა ახალი ტანჯვის წყაროდ გექცეთ.




რჩევა მესამე


დერომანტიზაცია



უიღბლო სიყვარულს განსაკუთრებული სიმწვავით ძლიერ რომანტიკული ადამიანები განიცდიან. ისინი სხვებზე მეტად ახდენენ სიყვარულის იდეალიზებას და ყოველგვარი დაბრკოლება უდიდეს ტანჯვას აყენებთ. თუ თქვენც ასეთი ბრძანდებთ, სასწრაფოდ შეიცვალეთ სამყაროს შესახებ რომანტიკული წარმოდგენა და უპასუხო სიყვარულსაც სხვა თვალით დაინახავთ.



რჩევა მეოთხე


გონს მოდით



ნუ დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც გარწმუნებენ, რომ სიყვარული უკვდავია, რომ გულს ვერ უბრძანებ, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება წრფელად გიყვარდეს. ასეთი ფრაზები ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების შეგონებებს წააგავს, რომელთაც მავნე ჩვევასთან გამოთხოვება არ სურთ. დადექით გრძნობაზე მაღლა, სძლიეთ ემოციებს და სულ მალე იამაყებთ საკუთარი თავით, რაც უპასუხო სიყვარულის ეფემერულ ხიბლზე გაცილებით მეტი სიამოვნების მომგვრელია.



რჩევა მეხუთე


მორჩით სიყვარულს!



შეწყვეტილი სიყვარული ჩვენი ცნობიერების ნაკადში `იჭედება~ და აზრთა ნორმალურ დინებას უშლის ხელს. ადამიანი გამუდმებით მასზე ფიქრობს, ფიქრებში სატრფოს ესაუბრება, ეჩხუბება, პატიობს... სწორედ ეს გვიშლის ხელს მუშაობაში, სწავლასა და ძილში. გამოსავალი სიყვარულის დამთავრებაა. აირჩიეთ მეგობარი, დაუჯექით პირისპირ, მოუყევით ყველაფერს, გაცნობიდან განშორებამდე, არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ გრძნობებსა და ემოციებზე, ეცადეთ, ყოველივეს ოფიციალური მოხსენების სახე მისცეთ. `მოხსენების~ მეორე ნაწილი იმ გრძნობებს დაუთმეთ, რომლებიც ამ ურთიერთობისას განიცადეთ. მესამე ნაწილში გააანალიზეთ, რას განიცდით ამ წუთას და წერტილი დასვით. ნაკლები იფიქრეთ წარსულზე ჭამეთ ბევრი შოკოლადი. გჯეროდეთ, რომ მალე გავა ზამთარი და დადგება გაზაფხული ისევ აყვავდება ნუში, კვლავ შეგეყრებათ სიყვარულის სენი, მაგრამ ის ვეღარაფერს დაგიშავებთ - წარსული გრძნობის იმუნიტეტი დაგიცავთ.:)