
Wednesday, November 3, 2010
სოფიაფილოსოფია (2)

Friday, October 29, 2010
What's on our minds? შეკითხვა რომელსაც ყოველ დღე ვპასუხობთ.
წუხელ ვათვალიერებდი ჩემს FB–ს და რამოდენიმე სტატუსი მომხვდა თვალში. მერე აღმოვაჩინე რომ არიან ადამიანები რომლებსაც სულ რომ არ შევხედო სახელზე და ფოტოზე ისე მივხვდები სტატუსით ვინ რომელია.
“What is on your mind” ამას ყოველდღე გვეკითხება ჩვენი პროფილი და ჩვენც თითქმის არასოდეს ვარიდებთ პასუხს თავს. ვწერთ ათასგვარ სისულელეებს და სიბრძნეებს, ვუზიარებთ მომხდარ ამბებს მეგობრებს და საჯაროდ ვეჩხუბებით სიბრაზის ობიექტებს.
ვფიქრობ სოციალურ ქსელში ყველაზე მაგარი ისაა რომ მარტო არასდროს ხარ. ყველაზე მარტოსულ ადამიანსაც კი ექმნება იმის ილუზია რომ მისი + – 1200 მეგობარი მართლა მეგობარია და ბავშვ მოანათვლინებს როცა ეყოლება :). ეს რა თქმა უნდა ასე არაა მაგრამ ახლა სტატუსებს მივხედოთ.
აი როგორები არიან ჩემი Fრენდები:
Fრენდი რომელიც ყოველთვის საინტერესო სიახლეებს გვამცნობს თავისი სტატუსებით (ჟურნალისტია და რა ქნას), თანაც ისეთი იუმორით რომ დაგხოცავთ სიცილით.
Fრენდი რომელიც ათასში ერთხელ თუ დაწერს რამეს და ისიც დაახლოებით ასე ჟღერს ‘აუ რა უაზროდ ვარ’, ‘bored’, ‘(მიმართავს ვინმეს) გამო რა ჩემთან დღეს’.....
Fრენდი რომელიც თავის პოსტში ყოველთვის რამოდენიმე კაცს თაგაცს და ერთი დიდი მეგობრული გადაძახილ–გადმოძახილ–ხმაური გამოსდის პროფილზე (და შესაბამისად ჩემს home-ში). რატომღაც მისი პოსტები სულ ტელე ღიპუცების სალამს მაგონებს, ოთხივე ღიპებით რომ ეხეთქებოდა ერთმანეთს.
Fრენდი რომლის სტატუსებიც ან წიოკობს, ან წკმუტუნებს, ან გვაუწყებს ისეთ ‘უწი–პუწიებს’ როგორიცაა ‘ბუშტი გავბერე და გავუშვი :დანცე: :დანცე: :ტაში: :ტუში:’ (ნუ ზუსტად ეს ფრაზა მგონი არასოდეს დაუწერია მაგრამ სტილი დაცულია).
Fრენდი რომლის მეგრული იუმორის მოკლე მაგრამ გადასაფიჩინებელი პოსტები მგონი ყველაზე მეტად მიყვარს. FB-ში ჩემი ერთ–ერთი პირველი მეგობარი იყო და მისი სტატუსები დღეს დანარჩენ 335 მეგობარს შორისაც ისეთივე გამორჩეულად მხიარულია როგორც მაშნ როცა სულ 10 კაცი იყო.
Fრენდი რომელიც ყოვე დღე 1 სიტყვას ან მოკლე ციტატას წერს და მასში მთელ რომანს ან 1 კვირის ამბავს უყრის თავს. ცნობიერების ნაკადის ტექნიკა ისე აქვს დამუღამებული რომ თომას მანსაც კი შეშურდება (და ფშიბისლავ ჰიპეს თვალებს დაუბნელებს :))))
Fრენდი რომელიც მეტწილად ცუდ ხასიათზეა და მისი სტატუსებიც ველადაა გაჭრილი გახელებული მიჯნურივით :).
მე კი მგონი მათგან დიდად არ განვსხვავდები. რას არ ნახავთ ჩემ სტატუსებზე. (აი მაგალითად ეხლა მიწერია: „Я перелётная птица, счастья ищешу в пути . . .“) ხან ღაღაცას ვიკითხავ და მიპასუხებენ... შემდეგ რაღაც მოვლენას გავაკრიტიკებ ან დავცინებ (ოღონდ ბოროტად არა).... მერე დღის განწყობას გამცნობთ ... ან სულაც მეც ‘შპაკატში ჩავჯდები’ თქვენსავით.
Sunday, October 17, 2010
სოფიაფილოსოფია (1)
“I say to the writers, please keep writing for us, we're very interesting.”
კინოშიც და წიგნებშიც აუცილებლადაა ერთი მთავარი პერსონაჟი, დანარჩენი კი მეორეხარისხოვანი. ადრე, კომუნისტების დროს წიგნის მთავარ მოქმედ პერსონაჟებს 'გმირს' ეძახდნენ მაგრამ ჩემი აზრით ეს იმ დროინდელი 'გმირის' კულტის ბრალი იყო. სინამდვილეში გმირი, ამის პირდაპირი მნიშვნელობით ალბათ ძალიან ცოტა პერსონაჟი მოიძებნება ლიტერატურაშიც და კინემატოგრაფიაშიც.
Friday, October 15, 2010
ამბავი უცნაურ ეტლში გაჭედილ მთვარეზე
ლიმონიანი ჩაი მიდევს გვერდით და კექსი რომელსაც ქიშმიშები წინასწარ სახელდახელოდ ამოვაცალე (უკვე სპეცი ვარ ამ საქმეში). დამღლელი დღის ბოლოს მივუჯექი ჩემს ყველაზე პირადულ ბლოგს და ვწერ.დღეს ჩემს მეგობარს, ყველაზე კარგ ნინოს ვეუბნებოდი მგონი ჩვენი პლანეტა ბლოგინგის ეტლში შევიდა და იმიტომ ვწერთ ამ ბოლო დროს ამდენსმეთქი. ცნობისათვის ორივე თევზები ვართ, ძალიან განსხვავებულები მაგრამ ამავდროულად უჰ, ძაან ერთნაირები :).
მეგობრებზე ბევრს ვფიქრობ ხოლმე. სალოზე ყველაზე მეტს, მაგრამ ახლა სხვები მიტრიალებენ თავში (იმას რა უჭირს ).
ერთხელ ფსიქოლოგიის ლექციაზე, მაშინ როცა ლექტორი ბავშვის განვითარების ეტაპებზე გურული კილოთი გვიყვებოდა, სალიმ მითხრა რამე დახატე რაც პირველი მოგაფიქრდება და მე გაგიანალიზებო. იცით რა შემომეხატა? - ძაღლი. ხოდა ჩემმა ჭკუის კოლოფა დაქალმა დიაგნოზი დამისვა, მეგობრის გვერდში დგომა გჭირდებაო.
ალბათ ეხლაც რაღაცა მჭირდება მეგობრებისგან და იმიტომ მახსენდება სხვადასხვა ეპიზოდები მათთან ურთიერთობაში. პრინციპსი გასაკვირი არცაა. აი გზაჯვარედინზე ვდგავარო რომ ამბობენ იქ ვდგავარ მეც.
ძალიან ბევრი მოტივატორი მყავს ირგვლივ (დემოტივატორები კი უფრო მეტ მოტივაციას მიჩენენ ხოლმე). ერთხელ გუგლში წავიკითხე როდესაც რამის გაკეთებას აპირებ და გგონია ვერ შეძლებო წარმოიდგინე შენში ორი ლომი ებრძვის ერთმანეთს, ოქროსფერი და შავიო (ნუ რომელი რომელია კი მიხვდებით თქვენით). იქნება თქენ მაინც გამოიყენოთ გუგლის ეს სიბრძნე რამეში, თორემ მე დიდად ვერაფერში მადგება :).
შორენაა ლომი. ზოდიაქოთი რა თქმა უნდა. იცით როგორ ბრაზდება ხოლმე? შუბლზე ეწერება: "ჰმ, როგორ გამიბედეს" :). ძაან საყვარელია, სულ ცდილობს იზრუნოს ჩემზე. ერთხელ გვიანობამდე რაღაც მასალას ვამონტაჟებდი და უცებ ჭიქას მაწვდის. ეს რა არისმეთქი და აჰა შენ, წეღან წყალი დავლიე და ვიფიქრე სოფოსაც ენდომებაო და ქვემოდან ამოგიტანეო (აი წყლის მომწოდებელი მყავსთქო მე უნდა ვთქვა)। არ მინდოდა მაგრამ მაინც დავლიე :) .
აი კახაც ძაან მზრუნველია და მაგაზე ვბრაზდები ხოლმე. გოგო რომ იყოს დედას მაგას დავუძახებდი შორენას მაგივრად. :) ალბათ იმიტომაა ასეთი ჩემზე უფროსი რომაა। სულ მუშაობს და როცა ჩემთვის არ ცალია სულ ვეწუწუნები მომაქციე ყურადღებათქო, । მერე რომ მოიცლის ვჭორაობთ და ვჭორაობთ. ჩემზე არასოდეს გაბრაზებულა, არადა რამოდენიმეჯერ ნამდვილად ვიმსახურებდი. ყოველთვის მე ვეჩხუბები და ის მისმენს. მერე უცებ ისეთ რაღაცას იტყვის, მშვიდი ტონით რომ სიცილი მიტყდება. ასე მარტო კახა მაცინებს :))))))) ბიჭები, რომლებსაც ვხვდებოდი, იმათი სახელები ერევა და დიდი დომხალი აქვს თავში ამ მხრივ, არადა ყველაფერი ორჯერ ორი ოთხია :))))))))))))))))))))).
სკოლის პერიოდში ერთი მეგობარი მყავდა, ია ერქვა (ქვია კიდეც). ვერ წარმომედგინა რის გამო შეიძლებოდა ოდესმე მეგობრები არ ვყოფილიყავით მაგრამ ფაქტია რომ აღარ ვართ. კლასში ყველაზე ლამაზი თმა ქონდა და ყველაზე მაგარი ჯინსები ეცვა ხოლმე. არ მახსოვს რაზე ვიჩხუბეთ მაგრამ ძაან ვიჩხუბეთ და მერე ნელ-ნელა გაქრა თვალთახედვის არიდან. როცა შევრიგდით ასე ვუთხარი: ქოთანი როცა გატყდება როგორც არ უნდა შევაწებოთ მაინც გაბზარული დარჩებათქო.
ხოდა ისე აგიხდეთ ყველაფერი როგორც ეს სიტყვები აგვიხდა. ახლაც ძალიან ლამაზად გამოიყურება ჩემი ყოფილი მეგობარი და ორი შვილის დედაა უკვე , მაგრამ...... ჩემი BFF აღარაა ;).
გაბზარული ნივთები ჯერ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას გვიჩენს მერე კი ხელს ვკიდებთ და სადღაც თვალისთვის მიუწვდენელ სათავსოში ვაგდებთ.
....... და თურმე დღეს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო 112/5 ხმით…... მასკის პროგრამა 2010 დაწყებულა.... იმედზე ახალი საინფორმაციო სეზონი დაიწყო, არადა იხურებაო იძახდნენ, გუშინ მაია ასათიანმა რეები იბოდიალა?...... ნეტა რა ღირს რუსთავი 2ზე რეკლამა? Fუ როდემდე უნდა წვიმდეს..........
არა რაღაც უცნაურ ეტლში სევიდა თევზების ზოდიაქო აშკარად :))))))))
Wednesday, October 13, 2010
შიშების სია გუგლში
ცოტა ხნის წინ რატომღაც დამაინტერესა რამდენად გრძელი იყო ადამიანებში არსებული ფობიების სია (ადრე ამით მე და სალოც დავინტერესდით). ვინ თუ არა Google-მა ზუსტად მომცა ამაზე პასუხი. სია საკმაოდ გრძელი იყო თუმცა მას იქვე ერთი ხელის დაჭერით ჩამოსაშლელი ფილიების ლისთი სრულად აბალანსებდა. კიდევ კარგი ყველა ფობიას აქვს თავისი საპირისპირო ფილია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს უკანასკნელი უფრო სასაცილოდ ჟღერს. (მაგალითად ვერ გავიგე რატომ უნდა უყვარდეს ადამიანს ცოფიანი ცხოველები). აი ზოგიერთი ადამიანური უცნაურობა.
ლოდოქსაფობია - სხვისი აზრის შიში.
ვესტიფობია - ტანსაცმლის შიში. როდესაც საკუთარი შარვალი გულს გიხეთქას ადამიანს :)
აუტოფობია - მარტო დარჩენის შიში. უი ეს მე მჭირს. არ მიყვარს როცა სამსახურში ან სასწავლებელში ყველა მორჩება საქმეს ჩემს გარდა და მე მარტო უნდა დავრჩე. ასევე ბავშვობიდან მანქანიდან რომ გადადის ყველა მე უკნიდან ვაწვები ხალხს და დროზე მინდა გადახტომა. ვაი და დავრჩეეეე????!!!! :)))))))
ცირიანოფობი/ცირიდოფობი/ციპრიდოფობი/ციპრინოფობი/ციპრიფობი - ყველა მათგანი შეგიძლიათ უწოდოთ კაცს რომელსაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალების ეშინია....
....ჰმ, უარესებიც არსებობს - გინეფობია - ეს ზოგადად ქალების შიშია.
იატროფობია - ექიმებთან მისვლის თუ გეშინიათ ესეიგი ეს თქვენ გჭირთ. პრინციპში ვერც გაგამტყუვნებთ.
(აი ახლა კი ჩემი საყვარელი ფობია) პენტერაფობია - ეს სიდედრის შიშია :)))))))))) (უჰ, ოხერი რაღაცაა ძაან). :)))
ფობების გვერდით არიან ძალიან უცნაური ფილებიც მაგალითად ატომოსოფილები-ადამიანები რომლებიც 45-ში ალბათ ხიროსიმაში ან ნაგასაკში იყვნენ და ეტყობა გაუტკბათ (აბა სხვა რა ვიფიქრო)- ისინი ატომური აფეთქებების მოყვარული ხალხია :)))))).
კატაგელოფილებს უყვართ როცა დასცინიან (ჰაჰაჰა), ქსენოგლოსოფილებს უცხო ენები, გენოფილებს სექსი(პრინციპში აქ არაფერია უცნაური მაგრამ მაინც, იცოდეთ რომ არსებობს და ეს ქვია), ხოლო გამოფილებს ქორწინება უყვართ.
მოკლეთ კიდევ ბევრ რამეზე სეიძლება იცინონ 'სიცილოფილებმა' მე კი მადლობელი ვარ ყველასი ვისაც ლოგიხომექანოფობია ანუ კომპიუტერების შიში არ გჭირთ და ჩემი პოსტი წაიკითხეთ. :)
Wednesday, October 6, 2010
Many მე
'ერთი, ორი, სამი..... ბევრი'. ეს ჩემი საყვარელი დათვლის ხერხია. არასოდეს მყოფნიდა ნებისყოფა დამალობანას თამასშის დროსაც კი დამეთვალა ბოლომდე.... ვიხილები და მოვდივააააარ. . . რაო? სულსწრაფიო? ჰმ, შესაშური მოთმინებით შემიძლია ველოდო ქუჩაში ტრანსპორტს, მეგობარს, რესპოდენტს ინტერვიუმდე და ასე შემდეგ. ბევრნაირი ვარ, ისეთიც და ასეთიც, შენნაირიც და სრულიად საპირისპიროც.ხან ქუსლებზე ვდგავარ, ხანაც კეტებით ვახტები უზარმაზარ გუბეებს ქუჩაში.
არ ვიცი როგორი ამინდი მიყვარს ხან წვიმა მიხარია, ხან მზე, ქარი კი არასდროს.
გეგმები არ მაქვს, მხოლოდ ოცნებები.... არადა ხანდახან ასე მგონია ჩემი ცხოვრება რაღაც დიდი კაპიტალური გეგმის მიხედვით ვითარდებათქო.
გარეგნულად თითქოს პეპლებს და ყვავილებს ვეტრფი, შიგნიდან? - დავცინი ასეთებს.
ძველ მეგობრებში ყველაზე უფროსს ვგავარ, ახლებში ვცდილობ ყველაზე პატარად დავრჩე
ვბრაზდები ხოლმე. და ვყვირი, სკანდალებს ვაწყობ, ქუჩაში (ერთხელ ბაზარშიც).... მერე კი მთელი ცხოვრება სინდისი მაწუხებს სიბრაზის ობიექტის გაფართოებული თვალები რომ მახსენდება.
არ მიყვარს ცხოველები ძ ა ღ ლ ე ბ ი. სამაგიეროდ მიყვარს კატისებრთა ოჯახის მტაცებლები.
სულ კარგ ხასიათზე ვარ. ცუდზეც ვარ მაგრამ არ ვიმჩნევ ვინმეს რომ არ გაუხარდეს.
სულ ხალხში მინდა ყოფნა.... ზოგჯერ კი ვნატრობ ყველანი ერთბაშად გაჩუმდნენ
არასოდეს მიოცნებია თეთრ ცხენზე ამხედრებულ სისულელეებზე, თუმცა ამ საკითხზე აგორებულ კამათში ყოველთვის 'მეოცნებეების ინტერესებს ვიცავ'.
არ მჯერა ცრურწმენების და ჯადოქრების. რიჟას რომ დავინახავ ყოველთვის ვბრწკენ გვერდით მყოფ ადამიანს, მაგრამ ეს თამაშს უფრო ჰგავს ვიდრე რამის რწმენას.
არ ვსვამ.... ვთვრები როცა თვრებიან.
არ მიყვარს მხატვრული ნაწარმოებების წერა..... ბავშვობიდან ვწერ იმაზე რაც არ მიყვარს.
მიყვარს ლიტერატურა. ვერ ვიტან ენათმეცნიერებას და მისთანებს.
მიყვარს ზღვა. ცურვა არ ვიცი.
სულ ვიძახი აღარაფერს დავწერ ბლოგზეთქო. მაინც მეწერინება.
Saturday, July 24, 2010
ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?

ვირჯინია სტივენსს დიდხანს ეჩვენებოდა რომ ფრინველები მას ლათინურად ესაუბრებოდნენ. ამ ხმებს ვერ აჩუმებდა. განსაკუთრებით ხმაური მატულობდა ყოველი ახალი ნაწარმოების დაწერისას. ასე მას მერე ემართებოდა რაც დედა გარდაეცვალა.
...
დედით ვირჯინია მარია ანტუანეტას შთამომავალი იყო ხოლო მამაისი, ლესლი სტივენსი კი საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო।
უცნაური ქალბატონი იყო। მისი ეპოქის გოგონებისგან სრულიად განსხვავებული. დღეს ფემინიზმის ერთ–ერთ პირველ წარმომადგენლად თვლიან. მაშინ ქალები განათლებას არ იღებდნენ მაგრამ ვირჯინია ბევრ მამაკაცს სჯობდა ლიტერატურული თეორიის ღრმა ცოდნით. თვით მისი ქმარიც მწერალი ლეონარდ ვულფი ვირჯინიას ვერც კი გაუტოლდებოდა.
ვირჯინიას პერსონაჟები მასსავით დეპრესიული ქალები არიან, ძლიერები და მიუხედავად სუიციდის თემის ხშირი ამოტივტივებისა მაინც მათი უმრავლესობა ოპტიმისტია. გულჩათხრობილ და საკუთარი საქმეებით დატვირთული მამაკაცების მიერ შექმნილ რეალობაში ისინი ცდილობენ ადამიანური ურთიერთობების დაკარგული ნაწილაკები შეკრიბონ და ურთიერთგაგება აღადგინონ. მათ სჯერად რომ შეცვლიან და ამ მიზნით ისინი ხან წვეულებებს აწყობენ და დეპრესიის მიუხედავად ძალით იღიმიან ხან კი ოჯახურ ვახშამზე სუფრის თავში ჯდებიან და საზოგადოების დროებით, მაგრამ მაინც გარკვეულ ერთიანობას ჩაფიქრებულები გასცქერიან.
...
წარმოიდგინეთ როგორი საინტერესო ქალი იქნებოდა მისის ვულფი? ახალგაზრდობა თავის მხატვარ დასთან ერთად ბლუმსბერიში გაატარა და იქ ბევრ იმ დროისთვის ცნობილ ადამიანს დაუახლოვდა। ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი პერსონა იყო. კემბრიჯში ლექციებსაც კითხულობდა, მის სიტყვით გამოსვლას მამაკაცები ყურადღებით უსმენდნენ. ბევრი გაუკიცხავს კიდეც, ცუდად წერისთვის: მეტისმეტად ღრმა დეტალური აღწერებისთვის და უკვე მოძველებული წერის მეთოდისთვის. თვით ჯონ გოლდსუორთიც (‘ფორსაიტების საგა’) ვერ ასცდა მის კრიტიკას.
ვულფების სახლი.
გარეგნულად კი ნამდვილი ინგლისელი ქალი იყო, ცოტათი შეშლილი გამოხედვით। სანამ ახალგაზრდა იყო სვამდა ყავას და ოცნებობდა სამყაროს შეცვლაზე, ისევე როგორც მისი პერსონაჟები.
...
ხშირად ამტკიცებენ რომ ხელოვნებაში ღირებულს მხოლოდ მამაკაცები ქმნიან। ისინი წერენ მუსიკას, ხატავენ და ქმნიან პროზასა თუ პოეზიას. ნეტავ ვირჯინიასაც თუ ეუბნებოდნენ იგივეს, ან რა პასუხს გასცემდა ასეთ თეორიას? მიუხედავად იმისა რომ ხელოვნების სქესობრივი მიკუთვნება ცოტა ბავშვურად მეჩვენება მაინც ამ საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საპირისპიროდ ყოველთვის ვულფი მახსენდება ხოლმე.
...
მან თითქოს მთელი ერთი საუკუნით გაუსწრო დროს და გათვალა პრობლემები რომლებიც დღესაც ასეთი აქტუალურია. გაუცხოება, დაკარგული თაობები და ასე შემდეგ. მისი პერსონაჟები ფერუმარილით და ჭრელი კაბებით მორთული ქალები არ არიან, ალბათ ესეც დრომ მოიტანა. მის წიგნებში ვერც დაძაბულ ინტრიგებს ნახავთ, აქ არც შეყვარებული წყვილებია და არც სამშობლოს დასაცავად იბრძვის ვინმე. მოკლეთ ვერ გაერთობა მკითხველი, პირიქით, მუდმივად გონება დაძაბული უნდა ჰქონდეს რათა ის მნიშვნელოვანი ეპიზოდები არ გამოეპაროს რომელთა ერთობლიობაც ბოლოს იმპრესიონისტული ნახატივით შორიდან უნდა დაინახოს და საბოლოო შინაარსიც მაშინ გაიგოს. მოკლეთ ჩვენი ვირჯინია კარგს არაფერს გვპირდება. აბა ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?


