Wednesday, June 30, 2010

"მე და ჩემი მარტოობა"

სათვალე გავიკეთე და გამოვედი..... არა არ გამოვედი, გავეცალე..... ერთი ორი სამი, ოთხი ..... ბევრი ნაბიჯები და ნელ–ნელა შორს რჩება ის საიდანაც წამოვედი। ცხელა, ძალიან ცხელა მაგრამ არაუშავს। ადრე ასეთ დროს გული აჩქარებით მიცემდა ხოლმე და ყელში ბურთი მეჩხირებოდა, ახლა მსგავსი არაფერია। უბრალოდ წამოვედი, ისე როგორც მიდიან ხოლმე ადამიანებიყოველ დღე, კარის გახურვით და აუჩქარებელი ნაბიჯებით, ვითომც არაფერი.
...
სად მივდივარ? ლესელიძეზე როგორც ყოველთვის როცა ვერ ვიგებ ჩემგან რა უნდათ; როცა აი ისე ვითომც არაფერიო, კარს ვიხურავ და მოვდივარ।

...
უკვე შორს ვარ და ისევ სიმშვიდეს ვინარჩუნებ। ასეა, როცა რაღაც ძალიან ცუდი ხდება მშვიდად ვარ ხოლო როცა უმნიშვნელო სისულელეს გადავეყრები მთელი დღე ვნერვიულობ.
...
მივდივარ, ჩქარი ნაბიჯებით, როგორც ყოველთვის, შუა გზაში ტელეფონს ვთიშავ, ჰაჰ რა კარგია როცა იცი რომ ვერავინ დაგიკავშირდება რომც გასკდეს რეკვით.... საათსაც ვიხსნი ხელიდან, თითქოს სუნთქვაში მიშლიდა ხელს। ახლა უკვე აღარ ვიცი რომელი საათია.

...
მიწისქვეშაში ბევრი ხალხი ფუსფუსებს। კიბეზე შავებში ჩაცმული შუა ხნის ქალი ზის და ხელში წარწერა უჭირავს „მარტოხელა ვარ, ობოლს ვზრდი“. რა უსუსური არგუმენტია დახმარების სათხოვნელად. მივუჯდები და დავიწერ „შეურაცხყოფილი ვარ, ტელეფონი გამოვრთე“... საკუთარ ფიქრებზე მეღიმება. რა კარგ ხასიათზე ვარ?! არა კარგ ხასიათზე კი არ ვარ, კარგი ხასიათის ვარ თორე არ წამოვიდოდი, დავრჩებოდი და პანდორასავით ისეთ ყუთს ავხდიდი თავს მერე თავადაც რომ მომიწევდა ამოსული მაჯლაჯუნებისგან დამალვა.
...
აი ლესელიძეც। აი ჩემი სკამიც. აქ ვზივარ ხოლმე, მარტო. ვინმესთან ერთად როცა ვარ არ ვიმჩნევ რომ ეს ადგილი ასე მიყვარს. ცოტა ხანი ჩამოვჯდები, ზუსტად რამდენი არ ვიცი, საათი არ მაქვს და თან გამორთული ვარ ან გასული ვარ მომსახურების ზონიდან.
...
აქედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. დაე დროსაც შენს არყოფნაშ მიემატოს წუთები და წამები. ეს ჩემი ცხოვრებაა, რომელიც მოულოდნელად ზედმეტად გადაიტვირთა ბევრი ცუდი რაღაცით და უბრალოდ დამღალა მაგრამ ჩემია , სხვისი რომ იყოს იმ სხვას დავაბრალებდი... აქ მე ვარ მთავარ როლში, სცენარი ჩემ ხასიათზეა მორგებული და სიუჟეტის ჟანრსაც მე წარვმართავ... ახლა სიჩუმეა, სიმშვიდე (მშვიდობაც) და მუსიკა ისმის: ადგილი – თბილისი, დრო – უცნობი, პერსონაჟი – მე და ჩემი მარტოობა.

Sunday, June 13, 2010

ზოგჯერ ადამიანებიც ნივთებივით იკარგებიან

ყველას დაგვკარგვია რაღაც ნივთი და მერე უცებ გვიპოვია. უამრავი ბლოკნოტი გამქრალა ჩემი საწერი მაგიდიდან და შემდეგ სადღაც უადგილო ადგილას სრულიად მოულოდნელად მიპოვია. არაფერს ვამბობ ჩემი ტელეფონის დამტენზე რომლის ძიების პროცესი უკვე ქრონიკულშ გადამეზარდა.

თუ კარგად დავფიქრდებით აღმოვაჩენთ რომ მარტო ნივთები არ იკარგებიან। ზოგჯერ ადამიანებიც ხვდებიან დაკარგულ ობიექტთა სიაში მაგრამ ისე რომ ამას იშვიათად თუ ვაანალიზებთ. თუმცა თუ დავფიქრდით აღმოვაჩენთ რომ დიახაც გვაინტერესებს რა ბედი ეწიათ მათ, სად არიან, ან თუ იციან რომ ჩვენ ისისნი დაგვეკარგა.

დაკარგული #1: პირველად დაბადებიდან 10 დღეში დავკარგე ჩემი პირველი მეგობარი. ჩაჩავას კლინიკაში დავიბადე 20 თებერვალს, 1988 წელს. დედაჩემს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ცოტა დიდ ხანს მოგვიწია სამშობიაროშ დარჩენა. ლევანი 23–ში დაბადებულა. ჩვენ ერთ დღეს გამოგვიყვანეს. ექთანმა ჩაგვაცვა და შეგვფუთა სახვევებში როგორც ადრე იცოდნენ და ჩვენ–ჩვენ მშობლებს ჩაგვაბარა. დედაჩემმა წამომიყვანა. სამშობიაროს ეზოში ექთნის კივილი მოესმა რომელსაც თურმე სახვევების ფერი შეშლია, ვარდისფერში ლევანი გაუხვევია და დედაჩემისთვის მიუცია, მე კი ცოტაც და მამამისს დავწყვეტდი გულს, ვაჟის მაგივრად ოჯახში გოგოს რომ მიმიყვანდნენ. ჩვენი შეცვლა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ორივეს მშობლები გვარიანად შეშფოთდნენ. დედაჩემს როგორც ახსოვს ლევანი სვანიძე თუ სვანაძე ყოფილა გვარად. იმ დღის მერე 22 წელი გავიდა და მე დღესაც მაინტერესებს როგორ გამოიყურება, სად არის, რას საქმიანობს ჩემი პირველი მეგობარი........



დაკარგული #2: ანა სხვებს არ ჰგავდა. აშკარად გამოირჩეოდა ჩემგანაც. მეც 6 წლის ვიყავი და თუ სწორად მახსოვს ისიც. ჩვენ ერთად დავდიოდით სიმრერის წრეზე. წითელი ჟაკეტი ეცვა ხოლმე და მიყვარდა მასთან ერთად ათას სისულელეზე საუბარი სანამ გაკვეთილი დაიწყებოდა. ხელის გულები უცნაურად თეთრი ჰქონდა და ამას ხშირად ვიძახდი ხოლმე სახლშიც. მოკლეთ ალბათ ბავშვობიდან მიყვარდა უცნაურ ადამიანებთან მეგობრობა და არასოდეს გამჩენია შეკითხვა რატომ იყო ის შავი და მე თეთრი. ასეთი იყო და მორჩა. ერთხელ გაკვეთილზე დასასწრებად დედაჩემთან ერთად დეიდაჩემიც წამოვიდა და გზად სახლისკენ ყური მოვკარი მათ ლაპარაკს: ‘ეს ზანგი გოგო საქართველოში საიდან აღმოჩნდაო’. მოკლეთ მაშინ გავიგე რომ ანა ზანგი იყო. მართალი გითხრათ ბევრი არაფერი მახსოვს მის შესახებ, არც მიცდია ამ თემაზე დალაპარაკება და რამის კითხვა, ისიც არ მახოსვს რატომ. მოკლეთ სულ 1 წელი ვიარე იმ ვოკალურ წრეზე და იმის მერე ჩემი ზანგი მეგობრის ასავალ–დასავალი დამეკარგა. გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ თორემ მოვძებნიდი სადმე, არადა უკვე რამდენი შეკითხვით ვარ შეიარაღებული.......


ჩემი დანაკარგების სია საკმაოდ ვრცელია, უბრალოდ ერთი კარგად ჩაჯდომა ჭირდება ამ ამბავს და როგორც კი მოვიცლი აუცილებლად ჩამოვწერ სახელებს და გვარებს। იქნებ ამ სოციალური ქსელების ხანაში რომელიმე მათგანი მაინც ვიპოვო। თუ ვიპოვე, სადმე უფრო თვალსაჩინო ადგილას შევინახავ რომ მერე ისევ არ დამეკარგონ.......


S.D