Tuesday, August 14, 2012

ისევ აფრინდა პეპელა

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. მგონი უკვე აღარც შემიძლია წერა ისეთ თემებზე სადაც 5W და 1H–ის დაცვა არ მომეთხოვება. და მაინც, უსაქმურობამ, სიცხემ თუ მოწყენილობამ, გადამაწყვეტინა რამის დაწერა მეცადა. (*აქვე ავღიშნავ, რომ ამ აბზაცის ბოლოს ავტორი ჯერ კიდევ გარტყმაში არაა რის დაწერას აპირებს მომდევნო პარაგრაფებში).
30 წუთის წინ ჩემს მეგობარს სოციალური ქსელის საშუალებით ვეუბნებოდი, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ წერენ როცა რაღაც აწუხებთ და წერის სურვილი ნიჭიერი ადამიანის საპასუხო რეაქციაა გარეშე გამაღიზიანებელზ.  ყოველთვის მჯერა საკუთარი სიტყვების, თუმცა ამ შემთხვევაში, რომ გითხრათ რაღაცით შევწუხდი და იმიტომ ვწერთქო, ალბათ მოგატყუებთ. დავაბრალოთ აუტანელ სიცხეს, რომელიც მგონი სადღაც აბუ დაბიდან გადმობაგდა თბილისში.
წერასთან დაკავშირებით კი, მე საკუთარი გეგმები მაქვს. მის გარეშე ფაქტობრივად არ შემიძლია. წერა ჩემი პროფესიაა, ოღონდ ძალიან პრაგმატულ თემებზე, შეიძლება ითქვას პრობლემებზე, წერა. ვთვლი რომ ასაკის მატებასთან ერთად თემატიკაც შეიცვლება.
ცოტათი მშურს იმ თაობის, რომელიც ფურცელზე კალმით წერდა საკუთარ სათქმელს. ხელი მელნით ესვრებოდა და ყოველი გადაშლილი სიტყვა თუ ფრაზა, იქვე რჩებოდა ფურცელზე. პრინციპში არაფერი მიშლის ხელს მეც ასე ვწერო. სადღაც, სახლის რომელიღაც კუნჭულში კი მაქვს ერთი წიგნაკი გადანახული. არც მთლად დღიური, თავისთავად არც მთლად მემუარი. უბრალოდ მოგონებების ზარდახშა, სადაც ყველაფერი ძველმოდურადაა ჩანიშნული. ლურჯი მელნით, თეთრ ფურცელზე. ხო... მოგონებებს რომ ვაგროვებ, ეგ ამბავი სხვა დროისთვის იყოს ;).
ძალიან რომ დავბერდები, აი ისე, ხშირად გამოყენებული მიმიკები ნაოჭებად რომ აღმებეჭდება სახეზე, მინდა ერთი  მნიშვნელოვანი და აქამდე საიდუმლოდ შენახული ჩანაფიქრი განვახორციელო. მე მინდა საბავშვო მწერალი გავხდე. რა სჯობს, იმას როცა შენი აუდიტორია მიკი მაუსის პიჟამოებში გამოწყობილი სასცილო ადამიანებისგან შედგება. (თანაც ყოველთვის ვთლი რომ ბავშვები ჩვენზე ჭკვიანები არიან, უბრალოდ ამას მალავენ,  რადგან, როგორც კი ჭკუით ხმამაღლა ტრაბახს დაიწყებენ – იზრდებიან და მერე თქვენც იცით....).
და მაინც, არ ვიცი რამ მიბიძგა იმისკენ რომ დღეს რაღაც დამეწერა, თუმცა ის ფაქტი რომ რამდენიმე აქამდე უაზროდ გაფანტულ აზრს მოვუყარე თავი, უკვე კარგის ნიშანია. ფიქრები და იდეები კი იმდენია ჩემს თავში რომ უფასო დონაციასაც გავწევდი ამის ტექნიკური საშუალებები რომ არსებობდეს. რადგან ჯერ ვერც მე გადმოგიბლუთუსებთ და ვერც თქვენ დამიკოპირებთ იდეებს, ისევ ძველი მეთოდით, წერის საშუალებით გავუზიაროთ ერთმანეთს. მაშინ  როცა რაღაც შეგვაწუხებს, მაგალითად არაბული სიცხეები, ასე ვთქვათ, ევროპულ ქალაქში .