Sunday, April 17, 2011

თქვენ, Miss, წვეულებაზე იმყოფებით.

აქ ყველაფერი პირობითია. წერტილი და მძიმეც კი, სათაურში. :)
მიირთვით შოკოლადი.... თამამად. და ცოტა ხნით დაივიწყეთ ფრაზები 'ცხოვრება ბრძოლაა' 'რეალობა მკაცრია' 'შავი ყოვლის მომცველი ფერია' და ასე შემდეგ. - ქალბატონო, თქვენ, რატომ დაჰყურებთ ზემოთ აწეული ნიკაპით და ასე შემდეგ, ჩემს ვარდისფერ მაშიებს? განა თქვენც ასეთივე არ გინდოდათ 11 წლის ასაკში?

აი თქვენ კი ახალგაზრდა ქალბატონო, კუთხეში. მიხარია რომ შემოუერთდით წვეულებას. მართალი გითხრათ არ გელოდით, მეგონა არ გაინტერესებდით მე და ჩემი შოკოლადები. ალბათ ვცდებოდი, მე თუ არა აი ეს ტორტი და რძიანი თეთრი კურდღელი ხომ მაინც მოგწონთ, გამოტყდით. დავივიწყებ თქვენს უხეშ შენიშვნას ჩემს მიმართ გუშინ ქუჩაში, თუკი გაიღიმებთ და საერთო მხიარულებას შეუერთდებით. ყველა თავისებურად მნიშვნელოვანი ვართ და ჯანდაბა,... შოკოლადის და ნუშის ბურთულა დამივარდა... ხოდა რას ვამბობდი? ...მეც მინდა რომ ყველა კმაყოფილი იყოს. უხასიათობა გადამდებია, ისევე როგორც მთქნარება და თქვენ წარმოიდგინეთ ღიმილიც... აიღეთ გეთაყვა თორემ ლანგარზე აღარ ეტევა.

აი ამ ბატონს იმდენი ვეხვეწე მოსულიყო რომ შეიძლება ითქვას დღეს ჩემი მთავარი სტუმარია. მისი რუხი ცილინდრი და შეკრული წარბი ყველა კუთხეში მელანდება. თან ჩემს დანახვაზე რაღაც განსაკუთრებულად ჭმუჭნის ამ შუბლს. სასაცილოა რაღაცნაირად. რაღატომ დაგპატიჟეთ? აბა ხომ არ დაგემალებოდით? რთულია ქალაქში მშვიდად სიარული როცა ვიღაცას ემალები. აი ეს ორცხობილა უნდა დამიგემოვნოთ, არაჩვეულებრივად უხდება ყავას და შიგ გულით ჩამხობილ ლიმონს, თქვენ რომ ასე გიყვართ. თან ამ ორცხობილას ერთი საიდუმლო ინგრედიენტი აქვს, თავიდან ცოტა მწარეა მაგრამ მერე საოცარ არომატს იძენს, ტკბილი ხდება, ადამიანიც და მისი ენაც. იუმორი გესმით? მიხარია... თითქოს.


ოხ ჩემო ძვირფასო მეგბარო, რა დიდი სიამოვნებით მივახატავდი თქვენს რუხ პიჯაკს, რამე მარჯნისფერ ფიგურას, გაგახალისებდათ, დამიჯერეთ. მაინც რატომ გაცვიათ ასე გაუხდელად? ააა დილით გეზარებათ კარადაში რაიმე, თუნდაც ძველის, მაგრამ სხვა ფერის მოძებნა? რუხს ჭუჭყი არ ემჩნევა და ნაკლებ სახათაბალოა. აი ჩემი ღია ფერის კაბის ტარებას დიდი ნებისყოფა და ბევრი სარეცხი საშუალება სჭირდება, ღმერთმანი.

მეგობრებო, ყველას საყურადღებოდ ვაცხადებ. მაგიდის ცენტრში ჩემი ახალი რეცეპტით დამზადებული შოკოლადის ფილაა. სულ ახალია, მგონი ვისკის მოუხდება, ცოტა ჩილიც დავუმატე, გასინჯეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ. თუ გსურთ თანაც წაიღეთ, ყველას გეყოფათ. მიირთვით, და გამიხსენებთ. დღევანდელი საღამო გაგახსენდებათ და იქნებ კიდევ შემომიაროთ შემდეგში. არ ჯობია მაიას ტომის ეს ტკბილი და ძველისძველი საიდუმლო გვაერთიანებდეს ვიდრე მარტოობა? მერე რა რომ აქ ყველაფერი ფერადია.


video

No comments:

Post a Comment