Tuesday, December 15, 2009

გასეირნება ყარაბაღში - ლიტერატურული ანალიზი


ერთი წელია ლიტერატურული ნაწარმოებების გარჩევა არ დამიწერია. სულ ცოტა ხანია რაც ოფიციალურად შევეშვი ამ საქმეს. მომბეზრდა ფილოლოგია მაგრამ ლიტერატურა ზოგადად არასოდეს მომბეზრდება.

რა არის ლიტერატურა? არისტოტელეს თქმით ეს არ ”ბაძვა”. ავტორი ბაძავს ცხოვრებას, ბაძავს რაღაც კონკრეტული სათქმელის გადმოსაცემად და ბაძავს გამოხატვის სხვადასხვა საშუალებებით.ზუსტად არ მახსოვს ვისი სიტყვებია მაგრამ ლიტერატურა მეორადი გამოცდილებააო ამბობენ. ამ შემთხვევაში აკა მორჩილაძის მიერ ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის გაზიარებულ მეორად გამოცდილებაზე მსურს საუბარი.

მე გიუშას შემდეგი თაობა ვარ. გიუშები და გოგლიკოები ჩემს მშობლებთან ერთად დააბიჯებდნენ თბილისის ქუჩებში. ზოგი რამ მეც მახსოვს ბავშვობიდან. ავტორი, რომანის მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში ამბობს რომ თავადაც ვერ აუხსნია ამ წიგნის ასეთი პოპულარობა, იქ ხომ ამდენი აგრესიაა. ”წიგნის გმირი გაუთავებლად აგინებს ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს, ასევე რუსებსაც და საერთოდ ყველას ვინც კი გადაეყრება .... აგრესია სიცარიელისაგან, უვიცობისაგან და ამპარტავნობისაგან მოდის” - წერს იგი.

გიუშა მართლაც უვიცი და გაუნათლებელია. ის შორსაა წიგნებისაგან, ამას თავადაც აღნიშნავს. აგრესიაც საკმაოდაა მასში, არავის მიმართ არაა ბოლომდე დადებითად განწყობილი, გარდა იანასი, თვით დედინაცვალი ნანაც კი ყელში ამოსდის თავისი გადამეტებული ზრუნვით. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება რომ გიუშა თვით 90-იანი წლების საქართველოსავით არეულია. მის ფსიქიკაში საყოველთაო არეულობაა არეკლილი, ის ხომ ამ არეულობათა წინაპირობებში გაიზარდა, ის ხომ უაზროდ შემოღებულ დიდ დასვენებებზე ეზიარა ძველბიჭობას, ის ხომ უწიგნურობით, მხოლოდ ინსტიქტებით ებრძვოდა აკრძალვებს.

ეს პერსონაჟი ერთდროულად ამ რომანის ანტაგონისტიცაა და პროტაგონისტიც. არაა ცუდი ადამიანი, უყვარს - ეს შეუძლია, ზრუნავს, ერთგულებს, სადღაც სიღრმეში ხელოვანიცაა (თუმცა არეულობამ მუზა დაუფრთხო). ამავდროულად კი სძულს ყველა, თითქოს ყოველი სულიერი იმისთვისაა შექმნილი რომ რაღაც აიძულოს, შეზღუდოს, ქუჩური გაგებით სინდისზე ააგდოს. მისი ცხოვრება ერთ წრეზე ტრიალებს; იმ უცნაურ ჩინურ სანთელს ჰგავს რომელიც დეკორატიულ ტოტებს შორის გაჩრილა და არადა არ იწვის, არც ტოტებს ედება ცეცხლი. ერთი სიტყვით სრული უმიზნობაა.


რაც შეეხება იანას. ეს გიუშას პირადი პერსონაჟია, ჩვენ მას მისი თვალით ვხედავთ. ამ ქალის ხასიათის შტრიხები საკმაოდ მკრთალად აქვს დახატული ავტორს, სიმკვეთრე არცაა საჭირო, მთავარი ის ემოციაა რასაც იანა გიუშაში იწვევს. მისი საშუალებით ხვდება რომ თურმე სიყვარული შეძლებია, თურმე ჯერ კიდევ წამს რაღაცის, თურმე მომავალიც უნდა რომ ჰქონდეს (იანა ბავშვს ელოდება და გიუშა ტკბილეულს ატენის, შვილზე როგორც მომავალზე, ზრუნავს). გოგლიკო კი ის პერსონაჟია რომელიც გიუშაში ანტაგონიზმს ამძაფრებს. ამ უსახურ ადამიანში რაღაც ძალიან ძვირფასს ხედავს გიუშა, მაგრამ არასოდეს უცდია გაეანალიზებინა კონკრეტულად რას. ქუჩურ ღირებულებებს? უბრალოდ ძმობას თუ იმას რომ ასე ვთქვათ გოგლიკო ”თავისუფალი გიჟია?”. გოგლიკო ის ნაწილია მისი ცხოვრების რომლისგან შორსაც, ყარაბახში იწყებს პერსონაჟი ფიქრს.
..
რაც შეეხება ყარაბახს: ეს ცალკე საკითხია. ზოგჯერ მოვლენების გაანალიზებისათვის ყველაზე კარგი ადგილი იქაა სადაც არ ელი. ეს მოდერნისტი მწერლების ბედისწერაა, ალბათ ეპოქაა ასეთი და იმიტომ. მაგალითად თომას მანის ”ჯადოსნური მთა”, იქ პერსონაჟი ცხოვრების გაანალიზებას ტუბერკულიოზით დაავადებულთა დისპანსერში იწყებს. კიდევ ერთი მოდერნისტული შტრიხი, ”ცნობიერების ნაკადის ტექნიკა”, რომელიც არაერთხელ აქვს ავტორს გამოყენებული, ძირითადად იანას სახით.
..
პერსონაჟი ყარაბახში უფიქრდება ბევრ რამეს, აქ ხვდება რომ არა მარტო ის არამედ მთელი მისი თაობა სხვადასხვა ბოქლომით ჩაკეტილი კარის მიღმა ცხოვრობდა: ბოქლომი სახელად სსრკ; ბოქლომი სახელად თაობათა სტერეოტიპები; ბოქლომი სახელად მშობლები; ბოქლომი სახელად გაუნათლებლობა. როცა ამ ყველაფერს ხვდება ის გარბის სომხების სოფლიდან, თუმცა ეს არაა გაქცევა კონკრეტული გეოგრაფიული არეალიდან და ტყვეობიდან, ესაა მცდელობა დაამსხვრიოს ყველა ბოქლომი და უბრალოდ გააღწიოს. აი აქ კი თვით ავტორის წინასიტყვაობა უნდა მოვიშველიო ”უბრალოდ მან არ იცის რომ სამყარო ძალიან დიდია და გამოუმშვიდობებლად შეგიძლია წახვიდე სადმე, არა მხოლოდ ფეხით არამედ ფიქრითაც”. სწორედ ამაშია საქმე, გიუშამ იდეოლოგიურად, გონებრივად უნდა გაარღვიოს ჩარაზული კარი. ისე არ ეშველება; თენგიზა მიქატაძე სულ მისი მამა იქნება, გოგლიკო სულ მასზე იქნება ატორღიალებული, დანარჩენი ძმაკაცებიც ისევე ივლიან მასთან დაუპატიჟებლად. არაფერი შეიცვლება. ჩინური სანთელი არ ჩაიწვება თუ გიუშა არ მიხვდება ცხოვრების აზრს, სანამ არ დაიწყებს გონების აქტიურად გამოყენებას და გაანალიზებას. ”ჰომოსაპიენსი” მოჯადოებულ წრეში ჩარჩა არადა აღარ უნდა ამდენი აგრესია. ხოდა აი ავტორმაც შეიბრალა პერსონაჟი, რომელიც უდაოა მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან უყვარს (ალბათ ამიტომაც ამბობს რომ არ წამიკითხავს ეს რომანი მას შემდეგ რაც დავწერეო) და ათავისუფლებს მას.
..
აი სურულდება რომანი. ”...ვითომ თენგიზა მიქატაძე ვარ...” - უკვე სხვა რაკურსია - და აი გიუშას გონებაში მამა საკუთარი ხელით უბრუნებს იანას. მერე რა რომ სინამდვილეში ეს ასე არაა. ავტორმა ის ბოლო წამებში გადაარჩინა როგორც გულის აპარატს მიერთებული პაციენტი. ”უკვე ბნელდება და უცნაური ფიგურები იხატება კედელზე”. რომანი დასრულდა ერთი შეხედვით უცნაურად, მაგრამ ესეც მოდერნისტების შემოტანილი აკვიატებაა, ალბათ იმიტომ რომ ეპოქაა ასეთი. რაც მეტად დაძაბავ და აამუშავებ მკითხველის გონებას მით უკეთესია, ამასაც ეპოქა ითხოვს.
..
ჩემი აზრით კარგია რომანი ორჯერ რომ გამოიცა. ეს ავტორისათვის მისალოცია, განსაკუთრებით დღევანდელ საქართველოში. ესეიგი ცხოვრების "ბაძვა" როგორც მეორადი გამოცდილება მიღებული და გაზიარებულია... და ის უცნაური ჩინური სანთელიც ჩაიწვება აბა რა....

10 comments:

  1. kochag soop, chemi azrit dzaan kargia :)

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. recenzia romelmac momandoma cignis cakitxva :) ase rom shtabecdilebi gaziarebis komentars mere dagitoveb :)

    ReplyDelete
  4. da cignis rigshi pirveli me var :)))))

    ReplyDelete
  5. kargi, velodebi shtabechdilebebs ushualod cignisgan. ise mtlad brwyinvale romani araa magram kargi wasakitxia, momewona ;)

    ReplyDelete
  6. ოჰო, დაგახვავეს კომენტარები :)))
    რაღა დავამატო, სოფ.
    დღეს რომ წამიკითხე, ძაააალიან დიდი სიამაყით ავივსე, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობ და თითქმის ყოველდღიურად მაქვს მასთან შეხება :)

    ReplyDelete
  7. vaime zura amivarda tavshi da egaris. :)

    ReplyDelete
  8. ina cigns jer shen gadzlev da mere yvelaze karg ninos. :)))) axla ukve agar damaviwydeba gpirdebi :*

    ReplyDelete
  9. სოფო, ძალიან კარგი რეცენზიაა მართლა.
    ეს წიგნი 90-იანებში წავიკითხე და ჩემი სამაგიდო წიგნი იყო.
    ახლა რომ გადავხედე კიდევ ერთხელ, გიუშამ 90-იანების თბილისელი ჰოლდენ კოლფილდის სახე გააცოცხლა რაღაცნაირად.
    განსაკუთრებით ამ წიგნის დასასრული მომწონს... კედლისკენ რომ ბრუნდება და რეფლექტორი ზუზუნებს...

    ReplyDelete