Sunday, June 13, 2010

ზოგჯერ ადამიანებიც ნივთებივით იკარგებიან

ყველას დაგვკარგვია რაღაც ნივთი და მერე უცებ გვიპოვია. უამრავი ბლოკნოტი გამქრალა ჩემი საწერი მაგიდიდან და შემდეგ სადღაც უადგილო ადგილას სრულიად მოულოდნელად მიპოვია. არაფერს ვამბობ ჩემი ტელეფონის დამტენზე რომლის ძიების პროცესი უკვე ქრონიკულშ გადამეზარდა.

თუ კარგად დავფიქრდებით აღმოვაჩენთ რომ მარტო ნივთები არ იკარგებიან। ზოგჯერ ადამიანებიც ხვდებიან დაკარგულ ობიექტთა სიაში მაგრამ ისე რომ ამას იშვიათად თუ ვაანალიზებთ. თუმცა თუ დავფიქრდით აღმოვაჩენთ რომ დიახაც გვაინტერესებს რა ბედი ეწიათ მათ, სად არიან, ან თუ იციან რომ ჩვენ ისისნი დაგვეკარგა.

დაკარგული #1: პირველად დაბადებიდან 10 დღეში დავკარგე ჩემი პირველი მეგობარი. ჩაჩავას კლინიკაში დავიბადე 20 თებერვალს, 1988 წელს. დედაჩემს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ცოტა დიდ ხანს მოგვიწია სამშობიაროშ დარჩენა. ლევანი 23–ში დაბადებულა. ჩვენ ერთ დღეს გამოგვიყვანეს. ექთანმა ჩაგვაცვა და შეგვფუთა სახვევებში როგორც ადრე იცოდნენ და ჩვენ–ჩვენ მშობლებს ჩაგვაბარა. დედაჩემმა წამომიყვანა. სამშობიაროს ეზოში ექთნის კივილი მოესმა რომელსაც თურმე სახვევების ფერი შეშლია, ვარდისფერში ლევანი გაუხვევია და დედაჩემისთვის მიუცია, მე კი ცოტაც და მამამისს დავწყვეტდი გულს, ვაჟის მაგივრად ოჯახში გოგოს რომ მიმიყვანდნენ. ჩვენი შეცვლა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ორივეს მშობლები გვარიანად შეშფოთდნენ. დედაჩემს როგორც ახსოვს ლევანი სვანიძე თუ სვანაძე ყოფილა გვარად. იმ დღის მერე 22 წელი გავიდა და მე დღესაც მაინტერესებს როგორ გამოიყურება, სად არის, რას საქმიანობს ჩემი პირველი მეგობარი........



დაკარგული #2: ანა სხვებს არ ჰგავდა. აშკარად გამოირჩეოდა ჩემგანაც. მეც 6 წლის ვიყავი და თუ სწორად მახსოვს ისიც. ჩვენ ერთად დავდიოდით სიმრერის წრეზე. წითელი ჟაკეტი ეცვა ხოლმე და მიყვარდა მასთან ერთად ათას სისულელეზე საუბარი სანამ გაკვეთილი დაიწყებოდა. ხელის გულები უცნაურად თეთრი ჰქონდა და ამას ხშირად ვიძახდი ხოლმე სახლშიც. მოკლეთ ალბათ ბავშვობიდან მიყვარდა უცნაურ ადამიანებთან მეგობრობა და არასოდეს გამჩენია შეკითხვა რატომ იყო ის შავი და მე თეთრი. ასეთი იყო და მორჩა. ერთხელ გაკვეთილზე დასასწრებად დედაჩემთან ერთად დეიდაჩემიც წამოვიდა და გზად სახლისკენ ყური მოვკარი მათ ლაპარაკს: ‘ეს ზანგი გოგო საქართველოში საიდან აღმოჩნდაო’. მოკლეთ მაშინ გავიგე რომ ანა ზანგი იყო. მართალი გითხრათ ბევრი არაფერი მახსოვს მის შესახებ, არც მიცდია ამ თემაზე დალაპარაკება და რამის კითხვა, ისიც არ მახოსვს რატომ. მოკლეთ სულ 1 წელი ვიარე იმ ვოკალურ წრეზე და იმის მერე ჩემი ზანგი მეგობრის ასავალ–დასავალი დამეკარგა. გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ თორემ მოვძებნიდი სადმე, არადა უკვე რამდენი შეკითხვით ვარ შეიარაღებული.......


ჩემი დანაკარგების სია საკმაოდ ვრცელია, უბრალოდ ერთი კარგად ჩაჯდომა ჭირდება ამ ამბავს და როგორც კი მოვიცლი აუცილებლად ჩამოვწერ სახელებს და გვარებს। იქნებ ამ სოციალური ქსელების ხანაში რომელიმე მათგანი მაინც ვიპოვო। თუ ვიპოვე, სადმე უფრო თვალსაჩინო ადგილას შევინახავ რომ მერე ისევ არ დამეკარგონ.......


S.D

1 comment:

  1. სათაური მომეწონა. საინტერესოა ძალიან, მეც მყავს ბევრი ასეთი ადმაიანი და ხშირად ვფიქრობ ხოლმე ნეტა ახლა სად არიან და რას აკეთებენ მეთქი :)

    ReplyDelete